წინასიტყვაობა
ეს წიგნი არის იმ დისკუსიის შედეგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენს (ავტორებს) შორის. ვფიქრობთ, ჩვენმა განათლების და კვლევის სფეროების გაერთიანებამ (ბიოლოგია და ეკოლოგია – ზაზა კიკვიძე, სოციალური მეცნიერებები და ფილოსოფია – გიგი თევზაძე) საინტერესო შედეგებამდე მიგვიყვანა.
დისკუსია დაიწყო კითხვიდან: შეიძლება თუ არა სიცოცხლის სხვადასხვა გამოვლინებების შემსწავლელი მეცნიერებები ცოდნის ერთიან, უნიფიცირებულ სისტემად გაერთიანდეს? დღესდღეობით ანთროპოლოგიაც კი, რომელიც ფორმალურად ერთ დისციპლინად მოიაზრება, ორ ქვე-დარგად არის დანაწევრებული – ფიზიკურ (ადამიანის სხეულისა და მისი, როგორც ბიოლოგიური არსების შემსწავლელ) და კულტურულ (ადამიანთა საზოგადოებების შემსწავლელ) ანთროპოლოგიებად. ამ ორ ქვე-დარგს შორის ცოდნის მიმოცვლაც კი საკმაოდ შეზღუდულია. დისკუსიამ და იდეების ჭიდილმა მიგვიყვანა რამოდენიმე განზოგადოებამდე, რომელთაც შეუძლიათ სიცოცხლის შესახებ ცოდნის სხვადასხვა სფეროებს შორის დამაკავშირებელი ხიდების როლი შეასრულონ და ამით გაადვილონ ცოდნის უნიფიცირება. სიცოცხლის სხვადასხვა გამოვლინებების გაერთიანება შეიძლება ერთი ცენტრალური იდეის გარშემო – ესაა დედამიწაზე სიცოცხლის ისტორია, წარმოდგენილი როგორც უწყვეტი ხაზი, მარტივი ბაქტერიებიდან დაწყებული თანამედროვე ადამიანთა საზოგადოებით დამთავრებული.
ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ ვცდილობდით ჩვენთვის ცნობილი კვლევის მეთოდები უჩვეულო სფეროებისადმი მიგვეყენებინა: მაგალითად, ჩვენ ვცადეთ წაგვეკითხა დარვინის ტექსტები არა როგორც ემპირიული მონაცემების შესახებ მსöელობის ჩანაწერი, რომელსაც ავტორი ევოლუციის იდეამდე მიჰყავს, არამედ, ისე, როგორც ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლები კითხულობენ მათთვის საინტერესო წიგნებს: იმ მიზნით, რომ აღმოაჩინონ აქამდე უცნობი, შეუმჩნეველი შრეები, რაც ავტორის ჩანაფიქრს უფრო სრულად და ახალი კუთხით აჩვენებს. ასევე, ვცადეთ სოციალურ მეცნიერებაში დამუშავებული ცნებების დახმარებით შეგვეტანა ჩვენი წვლილი ბუნების მეცნიერებებისათვის ისეთი პრობლემატური საკითხის განხილვაში, როგორიცაა სიცოცხლის განსაზღვრება. არანაკლებ საინტერესო იყო სოციალური მეცნიერებებისათვის ტრადიციული საკითხების განხილვა ბუნებისმეცნიერებაში შემუშავებული ინსტრუმენტებით. მაგრამ, ბუნებისა და სოციალურ მეცნიერებებს ახალი იდეების მიმართ სხვადასხვაგვარი ტრადიცია ახასიათებთ. ბუნების მეცნიერებებში აზრი იღებს იდეის ან ჰიპოთეზის სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის იძებნება ემპირიული ან ფორმალური (მათემატიკური დამტკიცების გზით) საყრდენები. ხოლო თუ აზრი უმთავრესად სხვა აზრებიდან გამომდინარეობს, ის „სპეკულაციურ ვარაუდად“ ითვლება. ამის საპირისპიროდ, სოციალურ მეცნიერებებში სხვა აზრებიდან გამომდინარე კონსტრუქტს, თუ ის გონივრულობას და ორიგინალობას არაა მოკლებული, იდეის და ხშირად თეორიის სტატუსიც კი ენიჭება. ამ ორი განსხვავებული მიდგომის შედეგად ვიღებთ იმას, რომ „სპეკულაციების სიუხვე“ უარყოფითად ფასდება ბუნების მეცნიერების მიერ და მათს ტექსტებში ძნელად შეხვდებით იდეების კასკადებს. პირუკუ, სოციალური სამეცნიერო ან ფილოსოფიური ტექსტი მით უფრო ღირებულად ითვლება, რაც მეტია მასში ახალი იდეები და განსხვავებული ხედვა. რადგან ჩვენი წიგნი ინტერ-დისციპლინურია, ტრადიციების ეს სხვაობა დაბალანსებას საჭიროებდა. ამისათვის, წიგნის საბუნებისმეტყველო ნაწილში იდეების კონსტრუირებას მეტი გასაქანი მივეცით და პირუკუ, სოციალურ თეორიებს ჩვეულებრივზე უფრო მკაცრი კრიტერიუმების (თუ რამდენად გაზიარებული და გონივრულია ესა თუ ის იდეა) მიხედვით ვარჩევდით. და მაინც, რადგან ჩვენი მიზანი იყო ხიდების გადება ბუნებასა და სოციალურ მეცნიერებებს შორის, ინტერ-დისციპლინურმა განზოგადოებებმა ბევრი ახალი იდეა მოიტანა, რასაც ჩვენი წიგნის ღირსებად და არა ნაკლად ვთვლით.
ვფიქრობთ, საგულსხმო დასკვნებამდე მივედით.
მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე ტექსტი ორივე ავტორისაა, ყოველი თავის მიმართ ერთ-ერთი ჩვენგანი პირველი ავტორის, ხოლო მეორე – რედაქტორის და კრიტიკოსის როლს ასრულებდა. შესაბამისად, წინასიტყვაობა, თავები 1, 2, 4, 5, ქვეთავი 6.2 და თავი 7 დაწერილია ზაზა კიკვიძის ავტორობით და გიგი თევზაძის რედაქტორ/კრიტიკოსობით, ხოლო, როცა იწერებოდა თავი 3, ქვეთავი 6.1, თავები 8, 9 და ბოლოსიტყვაობა, ეს როლები გაიცვალა.
ყოველი თავის დასაწყისში მოცემულია თავის მოკლე შინაარსი, იმისათვის, რომ მკითხველმა, თუკი მისთვის შინაარსი ნაცნობია და/ან ეთანხმება გამოთქმულ დასკვნებს, გამოტოვოს თავი და გადავიდეს შემდეგ მსöელობაზე. ასევე, თავის დასაწყისში მოთხრობილი შინაარსი შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ, მაგრამ დროის არმქონე მკითხველს, შეიქმნას წარმოდგენა წიგნის შესახებ, რათა მომავალში დაუბრუნდეს, ან არ დაუბრუნდეს იმ მსöელობების მწკრივს, რომელმაც ამ დასკვნებამდე მიგვიყვანა.
ასევე, სქოლიოებში შევეცადეთ აგვეხსნა ის ცნებები, რომელიც ქართულ ენაზე მკითხველს, გამომდინარე მისი განათლებიდან (საბუნებისმეტყველო, ზუსტი, ჰუმანიტარული თუ სოციალური მეცნიერებები), შეიძლება უცხოდ და გაუგებრად ჩაეთვალა. ავტორები მადლობას უხდიან მეგობრებს და კოლეგებს, რომლებთან ერთად ჩატარებულმა კვლევებმა და პროფესიულმა კომუნიკაციამ შესაძლებელი გახადა ამ წიგნის დაწერა.
ზაზა კიკვიძე & გიგი თევზაძე