I სანაგვე ჯიბუტში
სტატისტიკურად ყველაფერი შეიძლება აიხსნას,
მაშინ, როდესაც პირადული თვალსაზრისით
ყველაფერი რთულდება.
1
მოდი, ეპილოგით დავიწყოთ. თითქმის ასი წლის ასაკს მიღწეული დედაჩემი ზის და ფილმს უყურებს კაცზე, რომელსაც მშვენივრად იცნობს. ეს კაცი მწერალია, პარიზში, საკუთარ სახლში, უფრო სწორად, ბიბლიოთეკაში, უამრავი წიგნით გარშემორტყმული გადაუღიათ. ბიბლიოთეკა, როგორც ვხვდებით, კაბინეტის მაგივრობას უწევს. ოთახის ფანჯარა სკოლის ეზოს გადაჰყურებს. შესვენებაა, გამაყრუებელი ჟივილ-ხივილი და ყურისწამღები ხმაური. ვიგებთ, რომ ამ კაცს საუკუნის მეოთხედი სკოლაში მასწავლებლად უმუშავია. საცხოვრებლად იმ სახლის არჩევით, რომლის ფანჯრები სკოლის ეზოში გადის, ის იმ რკინიგზელს გვაგონებს, პენსიაზე გასვლის შემდეგ გამანაწილებელი სადგურის სიახლოვეს რომ დასახლებულა. მოგვიანებით ფილმის მთავარ პერსონაჟს იტალიასა და ესპანეთში ვხედავთ. აგერ ის მთარგმნელებთან საუბრობს, შემდეგ თავის ვენეციელ მეგობრებთან ხუმრობით იქცევს თავს. ვერკორის მთიან პლატოზეც გადაუღიათ - ბურუსში გახვეული სრულიად მარტო მიაბიჯებს … ლაპარაკობს საკუთარ პროფესიაზე, ენასა და სტილზე, რომანის სტრუქტურაზე, პერსონაჟებზე... კიდევ ერთი კაბინეტი, რომლის ფანჯრები ამჯერად თვალისმომჭრელ ალპურ პეიზაჟებს გადაჰყურებს. ამ სცენებს ენაცვლება ინტერვიუები, სადაც ავტორის საყვარელი ხელოვანები თავიანთ საქმეზე საუბრობენ: რეჟისორი და მწერალი დაი სიჯი, მხატვარი-ილუსტრატორი სემპე, მომღერალი ტომას ფერსენი, ფერმწერი იურგ კრაიენბიული.
ისევ პარიზი. მწერალი საკუთარი კომპიუტერის წინ მოკალათებულა. ირგვლივ ლექსიკონების გორა დაუყენებია. ეს ჩემი გატაცებააო, - ამბობს ის. და, აი, სწორედ ამ დროს ვიგებთ, რომ (ეს ფილმის დასასრულია) სტატია, რომელიც მწერალს მიეძღვნა, ლექსიკონ "რობერში" შესულა და მისი მოძებნა ასო-ბგერა პ-ზე შეგვიძლია, სათაურ "პენაკის" ქვეშ. ისე, ცნობისთვის, მისი ნამდვილი გვარი პენაკიონია, სახელი კი - დანიელი.
მოკლედ, დედა ფილმს ჩემს ძმასთან, ბერნართან ერთად უყურებს (რომელმაც ის საგანგებოდ მისთვის ვიდეოკასეტაზე გადაიტანა); უყურებს თავიდან ბოლომდე ისე, რომ კრინტსაც არ ძრავს; დღე ილევა და საღამოს ბინდბუნდში იკარგება, ის კი გაუნძრევლად ზის და მონუსხულივით მისჩერებია ეკრანს.
ფილმის დასასრული.
ტიტრები.
სიჩუმე.
დედა ზანტად ტრიალდება ბერნარისკენ და ეკითხება:
- შენ ფიქრობ, რომ ამ კაცს როდისმე რამე ეშველება?
2
საქმე ისაა, რომ სკოლაში ცუდად ვსწავლობდი და ეს ამბავი დედაჩემს დღემდე აქვს გამოყოლილი. ახლა, როცა მისი გადაბერებული გონება სულ უფრო და უფრო ხშირად ტოვებს აწმყოს ნაპირებს და ნელ-ნელა მეხსიერების შორეული არქიპელაგებისკენ გადაადგილდება, გზად შემხვედრი პირველივე რიფები იმ ტკივილსა და სადარდებელს ახსენებს, სკოლაში ჩემი სიარულის პერიოდში ასე რომ გაუშრო სისხლი.
ახლაც დედა შეფიქრიანებულ მზერას მომაპყრობს ხოლმე და ნელა წარმოთქვამს:
- ვერ მეტყვი, ბოლოს და ბოლოს, რას საქმიანობ?
ჩემი მომავალი დედაჩემს ყოველთვის იმდენად ბუნდოვანი და უიმედო ეჩვენებოდა, რომ დღემდე ჩემს აწმყოშიც ვერ არის ბოლომდე დარწმუნებული. სულ ფიქრობდა, რომ დიდი მომავალი არასოდეს მექნებოდა, რომ ჩემგან კაცი არ დადგებოდა; მეტიც, სჯეროდა, რომ ცხოვრების ორომტრიალი სადღაც მოუსავლეთში გადამისვრიდა, რადგან ელემენტარული თავდაცვითი მექანიზმებიც კი არ გამაჩნდა. მოკლედ, დედაჩემისთვის მე ერთი გზააბნეული ადამიანი ვიყავი. თუმცა 1969 წლის სექტემბერში საკლასო ოთახში მასწავლებლის რანგში რომ შევაბიჯე, მან სადღაც გულის სიღრმეში ირწმუნა, რომ საბედისწერო მორევმა ბოლომდე ვერ ჩამითრია, როგორღაც ამოვძვერი და თავი დავიხსენი. მაგრამ მომდევნო ათწლეულები (ანუ ჩემი, როგორც ზრდასრული ადამიანის, მთელი შეგნებული ცხოვრება), დედაჩემის შფოთვამ, დარდმა და წუხილმა მაინც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ჩემი წარმატების დამადასტურებელ ყველა მტკიცებულებას, რომლებსაც იგი სატელეფონო საუბრების, წერილების, ვიზიტების, გამოცემული წიგნების წყალობით იგებდა ხოლმე. არაფერს ვამბობ ცისფერ ეკრანზე ჩემ არაერთგზის გამოჩენასა და ბერნარ პივოს შოუში მონაწილეობაზე. ბოლომდე დედაჩემის დაწყნარება-დაშოშმინება არაფერს შეეძლო: არც ჩემი პროფესიული ცხოვრების სტაბილურობას და არც ლიტერატურული მოღვაწეობის საქვეყნოდ აღიარებას. ვერც სხვების მონაყოლი ჰგვრიდა შვებას და ვერც ის, რასაც თავად კითხულობდა პრესაში. ცხადია, ჩემი წარმატებები ახარებდა, მსჯელობდა მათზე მეგობრებთან და საკუთარ აზრებსაც უხვად აფრქვევდა. იმასაც აღიარებდა, საწყალი მამამისი ამ ყველაფერს რომ მოსწრებოდა, მასზე ბედნიერი კაცი ამქვეყნად მეორე არ იქნებოდაო. მაგრამ... მაგრამ მის გულში, სადაც იშვა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი იმ უქნარამ და დოყლაპიამ, მოკლედ, იმ ოროსანმა, რომელიც მე ოდესღაც ვიყავი, მაინც ღრმად გაედგა ფესვები შფოთვას. ეს, თავისებურად, მისი სიყვარულის გამოხატულება იყო. როცა დედობრივ ზრუნვასა და სიყვარულზე უბოროტოდ ვეხუმრებოდი ხოლმე, ვუდი ალენის წაბაძვით მპასუხობდა:
- რა გინდა, თავი დამანებე. ყველა ებრაელი დედა როდია, სამაგიეროდ, ყველა დედა ებრაელია.
და დღესაც ეს შფოთვა ისევ და ისევ იკითხება ჩემი ხანდაზმული ებრაელი დედის თვალებში, მზერაში, რომელსაც ის თავის უკვე სამოცი წლის ასაკს