კირჩხიბის ტროპიკი "ასეთი რომანები თანდათან გზას გაუკვალავს დღიურებსა და ავტობიოგრაფიებს - ყველაზე ამაღელვებელ და საინტერესო წიგნებს.
მთავარია, ადამიანმა იცოდეს, რა ამოარჩიოს ეგრეთ წოდებული პირადი გამოცდილებიდან და როგორ დაწეროს სიმართლე."
რალფ უოლდო ემერსონი
ვილა ბორგეზეში ვცხოვრობ. გარშემო ყველაფერს წკრიალი გაუდის, მტვრის ნასახსაც ვერსად ნახავთ. ერთი სკამიც კი არ დგას უადგილო ადგილას. აქ მარტონი ვართ და ცოცხლებში აღარ ვწერივართ წუხელ ბორისმა აღმოაჩინა, რომ ტილები დასეოდა. მისთვის იღლიების გაპარსვამ მომიწია, მაგრამ ქავილს მაინც ვერაფერი მოვუხერხეთ. ვერ გამიგია, ასეთ ზღაპრულ ადგილას როგორ უნდა დატილიანდეს კაცი? ეჰ... მოკლედ, როგორც არის, რა... ისე, ეგ ტილები რომ არა, მე და ბორისი ასეთი ახლობლები ვერ გავხდებოდით.
ბორისმა, ეს-ესაა, საკუთარი პროგნოზი გამანდო - ამინდს წინასწარმეტყველებს ხოლმე. ცუდი ამინდი კარგა ხანს გასტანსო, ამბობს. საშინელი ძნელბედობა, უფრო მეტი სიკვდილიანობა და უკიდურესი სასოწარკვეთილება გველისო. სასიკეთო ცვლილებების ნიშანწყალიც არსად ჩანსო. დრო-ჟამის კიბო ყველგან მოგვედო და ერთიანად გვხრავსო. ჩვენი გმირები ან უკვე შეეწირნენ ამ ყველაფერს, ან ახლა ეწირებიანო; მოკლედ, გამოდის, რომ ახლა დრონი კი აღარ მეფობენ, არამედ უდროობაო. დროის ფეხის ხმას უნდა მივდიოთო, იმ დაბორკილი ფეხის ხმას, სიკვდილმისჯილთა საკნისკენ რომ მიგვიძღვისო. ამას ვერ გავექცევით, ჩვენკენ ამინდი არ შეიცვლება, მგონი, აღარასოდეს გამოიდარებსო.
უკვე მეორე შემოდგომაა, პარიზში ვარ. აქეთ რა ქარმა გადმომაგდო, ახლაც არ ვიცი.
არც ფული გამაჩნია, არც დანაზოგი და არც იმედი. მოკლედ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის ქვეყანაზე. ერთი წლის თუ ექვსი თვის წინ ვფიქრობდი, მწერალი ვარ-მეთქი. ახლა აღარ ვფიქრობ, უბრალოდ, ვარ. ყველაფერი, რაც ლიტერატურასთან მაკავშირებდა, ნელ-ნელა შემომეძარცვა. მადლობა ღმერთს, წიგნების წერა აღარც არის საჭირო.
მაშ, ეს რაღაა, რასაც ახლა ვწერ? რა და ქილიკი, ცილისწამება, გმირის განქიქება. მოკლედ, წიგნი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, არამც და არამც არ ეთქმის. წიგნის გარდა ყველაფერია - საზიზღრობა, უსაშველოდ დიდი შეურაცხყოფა, ხელოვნებისთვის შეფურთხება, ტრაკში ამორტყმული წიხლი თვით შემოქმედისთვის, ადამიანისთვის, ბედისწერისთვის, დრო-ჟამისათვის, სიყვარულისთვის, მშვენიერებისთვის - ნებისმიერი რამისთვის, რაც თავში მოგივათ!..
გიგალობოთ მინდა. ეგებ ცოტა უსმენოდაც, მაგრამ მაინც გიგალობებთ. მე გიგალობებთ, ვიდრე თქვენ ხრიალით ამოგდით სული, და მერე დავლურსაც დავუვლი მაგ თქვენს აყროლებულ გვამებზე.
რომ იგალობო, პირის გაღება უნდა შეგეძლოს. ერთი წყვილი ფილტვიც საჭიროა მაგ საქმისათვის და ცოტა მუსიკაშიც უნდა ერკვეოდე. მთავარი ის კი არ არის, აკორდეონი ან გიტარა გაქვს თუ არა, მთავარი სურვილი და მონდომებაა. მოკლედ, ეს საგალობელია, ანუ მე ახლა ვგალობ.
შენ გიგალობ, ჩემო მშვენიერო ტანია! ნეტავ უკეთ შემეძლოს გალობა, უფრო მელოდიურად. მაგრამ მაშინ ნაღდად არ მომისმენდი. მგალობელი სხვაც ბევრი გინახავს, მაგრამ გულგრილი დარჩენილხარ. ეტყობა, შენთვის ზედმეტად ტკბილად გალობდნენ, ან არასაკმარისად ტკბილად გამოსდიოდათ.
ოცდარაღაცა ოქტომბერია. დღეები მერევა, დროის შეგრძნება, რა ხანია, დავკარგე. მგონი, ბოლო სიზმარი თოთხმეტ ოქტომბერს ვნახე, არა? ჰო, რა, რა ვიცი... სიზმარსა და სიზმარს შუა მეხსიერების ჩავარდნები მაქვს ხოლმე, გონება დამიქუცმაცდა და უაზროდ მეფანტება. გარესამყარო თითქოს ხელში მადნება და მხოლოდ აქა-იქ ტოვებს დროის გადღაბნილ ლაქებს. სამყარო კიბოდ იქცა და საკუთარ თავს თავადვე ხრავს... როცა გარშემო სრული სიჩუმე გამეფდება და ყველაფერს დუმილი მოიცავს, მაშინ დადგება ჭეშმარიტი მუსიკის დიადი გამარჯვების ჟამი. როცა დრო ყოველივეს უკანვე შეისრუტავს საკუთარ საშოში, ქაოსი აღდგება და სწორედ ქაოსი იქნება რეალობის იდეალური პარტიტურა; მაგ პარტიტურის მიხედვით უნდა იგალობოს კაცმა. ჩემი ქაოსი შენა ხარ, ტანია. ამიტომაც მეგალობება ახლა. კაცმა რომ თქვას, მე კი არა და, მომაკვდავი სამყარო გალობს, სიბერის ქერტლი და დრო-ჟამის ტყავი რომ სძვრება ნელ-ნელა. მე ჯერაც ცოცხალი ვარ, შენს საშოში ვსხმარტალებ, და სწორედ ამ სინამდვილეზე ვაპირებ წერას.
ჩამთვლიმა. სიყვარულის ფიზიოლოგია. მიძინებული ვეშაპი ექვსფუტიანი პენისით. ღამურა - penis libre. რქოვანპენისიანი ცხოველები. ეტყობა, აქედან მოდის სიტყვა რქიანი... "საბედნიეროდ, - ამბობს გურმონი, - ადამიანი რქოვანი საფარისაგან გათავისუფლდა." ბედნიერებაა ესა? დიახაც! აბა, წარმოიდგინეთ, ადამიანთა მთელი მოდგმა რქებდადგმული რომ დადიოდეს!.. კენგურუს წყვილი ყლე აბია - ერთი ყოველდღიური და ერთიც პონტისთვის... ისევ ჩამთვლიმა. წერილი ვინმე დიაცისაგან, რომელიც მეკითხება, ნაწარმოებს სათაური თუ შეურჩიეთო... რაო? სათაურიო? შევურჩიე, აბა რა - "ტურფა ლესბოსელები".
თქვენი ანეკდოტური ცხოვრება! ბატონი ბოროვსკის ფრაზა გახლავთ. ოთხშაბათობით ბოროვსკისთან ვსადილობ ხოლმე. ამ საქმეს მისი მეუღლე