ისტორიული ცნობები
„ბელარუსი... სამყაროსთვის ჩვენ terra incognito ვართ – უცნობი, შეუსწავლელი მიწა. „თეთრი რუსეთი“ – ინგლისურად დაახლოებით ასე ჟღერს ჩვენი ქვეყნის სახელწოდება. ჩერნობილზე ყველამ იცის, მაგრამ მხოლოდ უკრაინასთან და რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა ჩვენი ამბავი უნდა მოვყვეთ“.
„სახალხო გაზეთი“, 27 აპრილი, 1996 წ.
„1986 წლის 26 აპრილი. 1 საათსა 23 წუთსა და 58 წამზე – ბელარუსის საზღვრის ახლოს განლაგებული ჩერნობილის ატომური სადგურის მე-4 ენერგობლოკი რამდენიმე აფეთქებამ დაანგრია. ჩერნობილის ავარია მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა.
პატარა ბელარუსისთვის (მოსახლეობა 10 მილიონი ადამიანი) ის ნაციონალურ უბედურებად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბელარუსებს არც ერთი ატომური სადგური არ გვაქვს. ის ძველებურად აგრარული ქვეყანაა – მეტწილად სოფლის მოსახლეობით. დიდი სამამულო ომის დროს გერმანელმა ფაშისტებმა ბელარუსის 619 სოფელი გაანადგურეს მოსახლეობასთან ერთად. ჩერნობილის შემდეგ კი ქვეყანამ 485 სოფელი და დასახლება დაკარგა: ამათგან 70 უკვე სამუდამოდ ჩაიმარხა მიწაში. ომში ყოველი მეოთხე ბელარუსი დაიღუპა, დღეს კი ყოველი მეხუთე დაბინძურებულ მიწაზე ცხოვრობს; სულ 2,1 მილიონი ადამიანი, მათგან – 700 ათასი ბავშვი. დემოგრაფიული კვდომის ძირითადი მიზეზი რადიაციაა. გომელისა და მოგილევის რაიონებში (ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ ჩერნობილის კატასტროფისგან) სიკვდილიანობა 20%-ით მეტია შობადობაზე.
კატასტროფის შედეგად ატმოსფეროში 50×10(6) Кu რადიონუკლიდი გაიტყორცნა, მათი 70% – ბელარუსში: ქვეყნის ტერიტორიის 23% დაბინძურებულია რადიონუკლიდებით უფრო მეტი სიმჭიდროვით, ვიდრე 1 კუ/კმ ცეზიუმით – 137. შედარებისთვის – უკრაინის ტერიტორიის 4,8%-ია დაბინძურებული, რუსეთში კი – 0,5%. სასოფლო-სამეურნეოდ ვარგისი მიწების დაბინძურება უფრო მეტი სიმჭიდროვით, ვიდრე 1 და მეტი Ku/კმ შეადგენს 1,8 მილიონ ჰექტარზე მეტს, სტრონციუმით – 90-ს 0,3 სიმჭიდროვით და მეტი Ku/კმ 0,5 მილიონ ჰექტარს. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის უვარგისია 264 ჰექტარი მიწა. ბელარუსი – ტყეების ქვეყანაა. მაგრამ ტყეების 26% და მდინარეების – პრიპიატის, დნეპრის, სოჟის – კალაპოტების დიდი ნაწილი რადიოაქტიური დაბინძურების ზონაა.
რადიაციის მცირე დოზების განუწყვეტელი მოქმედების შედეგად ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც კიბოთი, გონებრივი ჩამორჩენით, ფსიქო-ნევროლოგიური აშლილობებითა და გენეტიკური მუტაციებითაა დაავადებული“.
კრებული „ჩერნობილი“. „ბელარუსის ენციკლოპედია“. 1996. გვ. 7, 24, 49, 101, 149
„დაკვირვების შედეგად, 1986 წლის 26 აპრილს მაღალი რადიაციის ფონი დარეგისტრირდა პოლონეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, რუმინეთში, 30 აპრილს – შვეიცარიასა და ჩრდილო იტალიაში, 1-2 მაისს – საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, ჩრდილო საბერძნეთში, 3 მაისს – ისრაელში, კუვეიტში, თურქეთში...
მაღლა ატყორცნილი აირისმაგვარი და მფრინავი ნივთიერებები ყველგან გავრცელდა: 2 მაისს ისინი შენიშნეს იაპონიაში, 4 მაისს – ჩინეთში, 5-ში – ინდოეთში, 5 და 6 მაისს – აშშ-სა და კანადაში.
იმას, რომ ჩერნობილი მთელი მსოფლიოს პრობლემად ქცეულიყო, ერთი კვირა დასჭირდა“.
კრებული „ჩერნობილის ავარიის შედეგები ბელარუსში“. მინსკი. სახაროვის სახელობის რადიოეკოლოგიის საერთაშორისო კოლეჯი. 1992. გვ. 82
„მეოთხე რეაქტორი, რომელსაც „დაფარული“ ობიექტი დაარქვეს, საკუთარ ტყვიასა და რკინა-ბეტონის წიაღში 200 ტონაზე მეტ ბირთვულ ნივთიერებას ინახავს. თანაც, საწვავი ნაწილობრივ შეერია ბეტონს. რა ხდება იქ, დღემდე არავინ იცის.
სარკოფაგი ჩქარ-ჩქარა ააშენეს, უნიკალური კონსტრუქციაა, შეიძლება, პეტერბურგელი ინჟინრები ამაყობენ კიდეც. წესით, 30 წელი უნდა გაძლოს. მაგრამ მას „დისტანციურად“ ამონტაჟებდნენ, შვეულმფრენების და რობოტების დახმარებით – ალბათ, ამიტომაც გაუჩნდა ნაპრალები.
დღეს, ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ნაპრალებისა და ნახეთქების მთლიანი რაოდენობა 200 კვ. მ-ს აჭარბებს და იქიდან რადიოაქტიური აირები იფრქვევა. თუ ქარი ჩრდილოეთიდან ქრის, მაშინ სამხრეთით – რადიოაქტიურობაა – ურანით, პლუტონიუმით, ცეზიუმით. ამას გარდა, მზიან დღეს, როცა შუქი გამორთულია, რეაქტორის დარბაზში ზემოდან მომავალი სინათლის სვეტები ჩანს. რა არის ეს? სარკოფაგის შიგნით წვიმაც ხვდება. ხოლო წყალის მოხვედრამ საწვავის მასაში შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს.
სარკოფაგი – მიცვალებულია, რომელიც სუნთქავს. სუნთქავს სიკვდილით. რამდენი ხანი გაძლებს? ამაზე ვერავინ უპასუხებს, აქამდე ვერ ხერხდება კონსტრუქციის რამდენიმე ნაწილთან მიახლოვება იმის დასადგენად, თუ რამდენად მყარია ისინი. სამაგიეროდ ყველას ესმის, რომ სარკოფაგის დანგრევა გაცილებით საშინელ შედეგებამდე მიგვიყვანს, ვიდრე 1986-ში“.
ჟურნალი „ოგონიოკი“, #17, 1996, აპრილი.
„ჩერნობილამდე... ბელარუსის 100 ათას მცხოვრებზე ონკოლოგიური ავადმყოფობის 82 შემთხვევა ფიქსირდებოდა. დღეს სტატისტიკა ასეთია – 100 ათასზე 6 ათასი ავადმყოფი. დაავადებულების რაოდენობა 74-ჯერ გაიზარდა.
სიკვდილიანობა 23,5%-ითაა გაზრდილი. სიბერეში მხოლოდ 1 ადამიანი კვდება 14-იდან, უმეტესად შრომისუნარიანები მიდიან – 46-50 წლისები. ყველაზე მეტად დაბინძურებულ რეგიონებში სამედიცინო შემოწმებისას, 10 ადამიანიდან 7 ავადმყოფია. მიდიხარ სოფლებში