I
სენ-ლაზარის სადგურიდან ფეხით წამოვიდა, შერბურის მატარებლით ამ დილით ჩამოსულიყო პარიზში ძმებთან ერთად. მთელი ღამე მესამე კლასის ვაგონის მაგარ სკამზე გაატარეს და სამივე ძალზე დაქანცულიყო. დენიზს ხელი ჩაეკიდა პატარა პეპესთვის, ხოლო ჟანი უკან მისდევდა. გაფართოებული, დამფრთხალი თვალებით შეჰყურებდნენ უზარმაზარ პარიზს და გამვლელ-გამომვლელებს წამდაუწუმ ეკითხებოდნენ, სადაა ლა მიშოდიერის ქუჩაო. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა მათი ბიძა, მაღაზიის წინ. ოქტომბრის მქრქალი, თბილი დილა იყო და ვიტრინებში გამოფენილ საქონელს მკვეთრი ელფერი დაჰკრავდა.
სენ-როკის საათმა რვაჯერ ჩამოკრა. პარიზი ნელ-ნელა იღვიძებდა. კანტორის მოხელეებისა და დუქნებში მიმავალი დიასახლისების გარდა ქუჩაში არავინ იყო. მაღაზიის შესასვლელთან ორი გამყიდველი ორმაგ კიბეზე შემდგარიყო და შალის ქსოვილებს კიდებდა, ხოლო ქუჩისკენ ზურგშექცეული ცისფერი აბრეშუმის ქსოვილს ნაკეცებად ფენდა. კლიენტები ჯერ არსად ჩანდნენ, თანამშრომლებიც ის იყო მოდიოდნენ, მაგრამ მაღაზია ახალგაღვიძებული სკასავით გუგუნებდა უკვე.
- დალახვროს ეშმაკმა! - შენიშნა ჟანმა, - სად ეს მაღაზია და სად ვალონისა?! შენი მაღაზია ასეთი ლამაზი არ იყო!
დენიზმა თავი გადააქნია. იგი ორი წელიწადია მსახურობდა ვალონში. იქაური დიდი ვაჭრის კორნაის სიახლეების მაღაზია განთქმული იყო, მაგრამ, აი, შემთხვევით გზაზე წააწყდა ამ მაღაზიას, ამ უზარმაზარ სახლს და ძალზე აღელდა, გაოცებული ერთ ადგილზე გაქვავდა, ყველაფერი გადაავიწყდა.
გაიონის მოედანზე მაღაზიის ერთი კუთხე მოჩანდა მხოლოდ. მოვარაყებულ ჩარჩოში ჩასმული მაღალი მინის კარი მეორე სართულამდე ადიოდა. ორ ალეგორიულ ქანდაკებას - სახემოცინარ ქალებს - ყელი მოეღერებინათ და ხელში გაშლილი აბრა ეჭირათ; აბრაზე ეწერა: „ქალთა ბედნიერება“.
ვიტრინები ლარივით გაჭიმულიყო ლა მიშოდიერისა და ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩების გასწვრივ, სადაც კუთხის სახლის გარდა კიდევ ოთხი, ახლახან ნაყიდი და მოწყობილი სახლი იდგა. ორი მარჯვნივ, ორიც მარცხნივ. დენიზს ასე ეგონა, ამ ვიტრინებს ბოლო არ აქვსო. მინის კარებსა და მეორე სართულის ფანჯარაში დახლების მთელი სამყარო მოჩანდა. ზემოთ, აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი ქალიშვილი ფანქარს თლიდა. იქვე ახლოს, ორი ქალი ხავერდის მანტოებს კეცავდა.
- „ქალთა ბედნიერება“ - ღიმილით წაიკითხა ჟანმა. ამ ლამაზმა ყმაწვილმა უკვე ვალონში დაამტკიცა, რომ ქალთა გულის მოგება შეეძლო. - კარგად მოუფიქრებიათ!.. მყიდველების ყურადღებას სწორედ ასეთი რამ მიიპყრობს!..
ფიქრში წასული დენიზი შუა კარის ვიტრინას თვალს ვერ აშორებდა. ღია ცის ქვეშ, თითქმის ქვაფენილზე, იაფფასიანი საქონელი დაეხვავებინათ და შეუძლებელი იყო ისე გაევლო ვინმეს, რომ ცდუნებას არ აჰყოლოდა და რაიმე მაინც არ ეყიდა. ზემოთ, მეორე სართულიდან, შალის, მაუდის, მერინოსის, შევიოტის, მოლტონის ქსოვილები ჩამოეშვათ და ალმებივით აეფრიალებინათ. მუქ ნაცრისფერ, ლურჯ ან მუქ მწვანე ფონზე მკვეთრად ჩანდა თეთრი იარლიყები. გვერდით, შესასვლელის ორივე მხარეს, ბეწვეულის ვიწრო ბანდები ეკიდა: ნაცრისფერი ციყვის ზურგი, გედის თეთრი ტყავი... ქვემოთ, მაგიდაზე შექუჩულ ქსოვილებს შორის, ყუთებში ელაგა ტრიკოტაჟი, რომელსაც ჩალის ფასი ედო; აქვე ნახავდით ხელთათმანებსა და ნაქსოვ ხილაბანდებს, კაპორსა და ჟილეტებს, ზამთრის ყოველნაირ საქონელს, - ჭრელს, სახეებიანს, ზოლებიანს, წითელწინწკლებიანს.
დენიზმა თვალი მოჰკრა კუბოკრულ ქსოვილს. მეტრი ქსოვილი ორმოცდახუთი სანტიმი ღირდა; იქვე იყო ერთ ფრანკად შეფასებული შოტლანდიურა, ხოლო ხელთათმანებს ხუთი სუ ედო ფასად. უზარმაზარ ბაზრობაზე გეგონებოდათ თავი. იტყოდით, იმდენი საქონელი დახვავებულა, მაღაზია გამსკდარა და ზედმეტი საქონელი ქუჩაში გადმოცვენილაო.
ძია ბოდიუ ვიღას ახსოვდა! პეპესაც კი თვალები დაეჭყიტა და მაგრად ჩაევლო ხელი დისთვის. უეცრად მათ ფურგონი მიუახლოვდა და სამივენი იძულებულნი გახდნენ, მას უკან გაჰყოლოდნენ. ყველა ვიტრინასთან ჩერდებოდნენ. გამოფენის განლაგება სამივეს აცვიფრებდა: ზემოთ ქოლგები ეწყო ირიბად და სოფლური ქოხების სახურავებს წააგავდა; ქვემოთ, ლითონის საყრდენებზე, აბრეშუმის წინდები ჩამოეცვათ, თითქოს წვივებზე შემოუსალტიათო. აქ იყო ნებისმიერი ფერისა და ხარისხის წინდები: გამჭვირვალე შავი, კუთხეებში ამოქარგული წითელი, ხორცისფერი, რომლებიც ატლასისებურად იყო ნაქსოვი და სინაზით ქერა ქალის კანს წააგავდა. ბოლოს, მაუდით გადაკრულ თაროებზე სიმეტრიულად დაეწყოთ ხელთათმანები ბიზანტიელი ქალწულივით წაგრძელებული თითებითა და ვიწრო ხელისგულებით... ქალის ჩაუცმელი მოსართავი მუდამ ასე კოხტად და ნარნარად გამოიყურება, მაგრამ ყველაზე მეტად უკანასკნელმა ვიტრინამ გააოცა ჩამოსულები. აქ მოფენილ ნაზ, რბილ აბრეშუმს, ატლასსა და ხავერდს ყვავილთა უფაქიზესი ფერები ედო. სულ უფრო ზემოთ - ყარაჩივით შავი და აჭრილ რძესავით თეთრი ხავერდი; უფრო ქვემოთ - ვარდისფერი, ცისფერი ატლასის ქსოვილები ცოცხალ ნაკეცებად ეფინა და ერთობ მქრქალ ტონებში გადადიოდა. კიდევ უფრო ქვემოთ - ცისარტყელას ფერის აბრეშუმი თითქოს მარჯვე გამყიდველის ხელში გამოცოცხლებულიყო. აბრეშუმის პარკის ფორმით დახვეული ქსოვილები ისეთ ლამაზ ნაკეცებად ეფინა, იტყოდით, ამობურცულ მკერდს ეხვევაო. ვიტრინის ყოველი ტონი, ყოველი ფერადი ფრაზა მეორისგან ფარული აკომპანემენტით -