ფატალური მინიშნებანი
მარინა ცვეტაევას (1892-1941) ბიოგრაფია ისეთი ტრაგიზმითაა დაღდასმული, რომ „დაწყევლილ პოეტებად“ მონათლული ფრანგი დეკადენტებიც კი ამ მრუმე ფონზე სვებედნიერ ბურჟუებად მოჩანან...
რაც უფრო უღრუბლო იყო ცვეტაევას ცხოვრებისეული გზის დასაწყისი, მით უფრო პირქუში აღმოჩნდა გაგრძელება და აქ, უთუოდ, ამ ორივე პერიოდზე უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა, რადგან სწორედ მათ შუალედშია დაწერილი ჩვენთვის ესოდენ საინტერესო ლექსი – „მე მომწონს...“: ლექსი, რომელსაც ავტორის გუშინდელი სილაღის ინერციაც ახლავს და, უნებლიედ, ხვალინდელი განსაცდელის ფატალური მინიშნებაც; რომელშიც სიტყვებით თამაშს – ბედთან თამაში ენაცვლება; ბავშვურ გულწრფელობას – ქალური ცბიერება, და ამ მრავლისმეტყველი მიზანსცენიდან – ჩვენამდე, ერთი საუკუნის შემდეგაც კი, ჯერ აკრძალული ტკბობის ჟრუანტელი აღწევს და მხოლოდ მერე – ამ ტკბობის საბედისწერო საფასური...
„მე მომწონს...“ მარინა ცვეტაევამ 23 წლისამ დაწერა – 1915 წლის 3 მაისს. ამ დროისათვის მას 17-წლიანი „პოეტური სტაჟი“ ჰქონდა, ყოვლად სერიოზულად: ლექსების წერა ექვსი წლისამ დაიწყო (გარდა რუსულისა, ფრანგულ და გერმანულ ენებზეც წერდა); გამოქვეყნება – 16 წლისამ და უკვე ორი წლის შემდეგ, მშობლების დაუკითხავად, გამოსცა თავისი პირველი პოეტური კრებული – „საღამოს ალბომი“ („Вечерний альбом“), რომელსაც გამოეხმაურნენ რუსული პოეზიის „ვერცხლის საუკუნის“ (ანუ – ხიხ-ხხ სს. მიჯნის) ისეთი „მეტრები“, როგორნიც იყვნენ – ვალერი ბრიუსოვი, ნიკოლოზ გუმილიოვი და მაქსიმილიან ვოლოშინი. ამ უკანასკნელთან „ლიტერატურული ნაცნობობა“ მეგობრობაში გადაიზარდა და მარინა, თავის უმცროს დასთან – ანასტასიასთან ერთად, ხშირად სტუმრობდა „მაქსს“ (როგორც ვოლოშინს ახლობლები ეძახდნენ) მის ზღაპრულ სახლში შავი ზღვის პირად, ყირიმში, კოქტებელში.
სწორედ კოქტებელთან და მასთან მომიჯნავე ფეოდოსიასთანაა დაკავშირებული „დები ცვეტაევების“ (მათ შორის განსხვავება ორი წელი იყო) ყველაზე რომანტიკული ზაფხული 1911 წლისა: აქ, ზღვის ნაპირზე გაიცნობს და შეიყვარებს 18 წლის მარინა თავისზე ერთი წლით უმცროს სერგეი ეფრონს და ამავე ზაფხულს აანასტასიას (ანუ „ასიას“) „ხელის სათხოვნელად“ ჩამოაკითხავს გასულ ზამთარს საციგურაო მოედანზე გაცნობილი ბორის ტრუხაჩოვი. კოქტებელში ზაფხულში ერთად ჩამოსული დები შემოდგომის დამდეგს, ფეოდოსიის სადგურიდან, თავ-თავიანთ საქმროებთან ერთად, უკვე სხვადასხვა მატარებლებით მიდიან...
„ჩვენ ცხრამეტი და ჩვიდმეტი წლისანი ვართ და რაღაც ჯადოსნური თანხვედრით, ერთდროულად ვთხოვდებით, ერთდროულად ვეთხოვებით ერთმანეთს, ერთდროულად მივემგზავრებით, – იხსენებდა ანასტასია ცვეტაევა იმ, შორეული 1911 წლის შემოდგომას, – და აი აქ კი, უკვე მამის დაჟინებით, მოგვიხდა დედის დანატოვარი მემკვიდრეობის გაყოფა“.
მამა – პროფესორი ივანე ვლადიმერის ძე ცვეტაევი, იშვიათი კეთილშობილებით გამორჩეული ადამიანი – იმ სახვითი ხელოვნების მუზეუმის დამაარსებელი გახლდათ, აწ პუშკინის სახელს რომ ატარებს.
დედა – მარია ალექსანდრეს ასული მეინი, სერბულ-გერმანულ-პოლონური სისხლის ნაზავი, იერითაც, ხასიათითაც, აღზრდითაც (ოთხი ევროპული ენა; პროფესიული მომზადება მხატვრობასა და საფორტეპიანო ხელოვნებაში) სავსებით შეესატყვისებოდა უფროსი თაობის სახელმოხვეჭილი მეცნიერის (სხვაობა ცოლ-ქმარს შორის 20 წელი იყო) ერთგული თანაშემწისა და ოჯახის ბურჯის როლს. თუმცაღა,ქ ამ ტრადიციულ ფასადს მიღმა, მას თავისი, ქალიშვილობის დროიდან გამოყოლოლი სულიერი იარა ტანჯავდა, და, საფიქრებელია, სწორედ ამ გაუნელებელმა დარდმა დააჭლექა და გადაიყოლა კიდეც 38 წლისა, 1906 წლის ზაფხულში.
ივანე ცვეტაევმა ამ ელდის შემდეგ კიდევ შვიდი წელი იცოცხლა...
„მამის სიკვდილმა მკაფიო საზღვარი გაავლო ჩვენს ცხოვრებაში, – წერდა ანასტასია ცვეტაევა, – ნიშანდობლივი იყო, რომ ჩვენ-ჩვენი საოჯახო მიზეზების გამო, არც მარინას და არც მე არ გვინდოდა მოსკოვში დარჩენა მამის სიკვდილის შემდეგ. სადღაც უნდა წავსულიყავით და ჩვენი „წარსულის ქალაქებიდან“ ყველაზე უფრო იმ ქალაქმა გვიხმო, რომელშიც ასე ბედნიერნი ვიყავით ამ ორი წლის წინად“. კარგად დავიმახსოვროთ ამ ქალაქის სახელიც და მისი მრავლისმეტყველი ონომასტიკაც („ფეოდოსია“ – „ღვთითბოძებულია“ ბერძნულად). 1913 წელია და ცვეტაევების ბიოგრაფიაში ზემოხსენებული „საოჯახო მიზეზების“ მიკვლევაც შეიძლება: ანასტასიას ვაჟიშვილი კი ეყოლა თავისი რჩეულისაგან, მაგრამ ოჯახური ცხოვრება არ აეწყო – ქმარმა მიატოვა.
მარინა ხომ საერთოდ განსაკუთრებული შემთხვევა გახლდათ – ფეოდოსიაში უნდოდა განრიდებოდა მოსკოვურ ცდუნებებს. დეკარტესეული – „ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ!“ მის ინტერპრეტაციაში ასე ჟღერდა – „მიყვარს, ესე იგი ვარსებობ!“ და, რაც მთავარია, ეს არ იყო არც ხმამაღლა გაცხადებული „კრედო“, არც პოეტური ზეატაცებისას წამოძახილი ლამაზი ფრაზა – ეს იყო ჯერ წარმტაცი, მერე კი – საბედისწერო რეალობა, ზეგარდმო საჩუქარი და იმავდროულად – სასჯელი, ეს იყო რაღაც მაცოცხლებელი ფერმენტი, რომლითაც გაჯერებელი იყო მთელი მისი არსება, მისი სხეულის ყოველი უჯრედი, და, რაღა თქმა უნდა, მთელი მისი შემოქმედება...
ვინ არ წერდა მისი თვითმკვლელობის (ქ. ელაბუგაში,