ცხოველებიდან ადამიანობამდე
როცა ქვეყანაში ტრაგედია ხდება, მით უმეტეს, თუკი ეს ტრაგედია სტიქიისგანაა გამოწვეული, ჩვენი სისუსტე და უმოქმედობა ფიქრის საბაბად იქცევა. ფიქრი კი ისეთი რამეა, მხოლოდ აწმყოს რომ არ სჯერდება და რა თქმა უნდა, პირველ რიგში წარსულს ეწვევა ხოლმე. რა შეცდომები დავუშვით, ან კონკრეტულ „ მეს “ რამხელა წვლილი მიუძღვის იმაში, რომ სტიქიამ უამრავი სიცოცხლე შეიწირა ადამიანებისა თუ ცხოველებისა. იქნებ ის, რომ როცა საჭირო იყო, დაგვეზარა და არ გავაპროტესტეთ ხეების უმოწყალო ჩეხა, ან ბეტონის სიმახინჯეების მშენებლობა, მთელი ქალაქის ჰაერს რომ ისრუტავენ და უკან მხოლოდ მხუთავ ოხშივარს უშვებენ, რომლის სუნთქვაც ჩვენ და ჩვენს შვილებს ძალაუნებურად გვიწევს და ვიწამლებით. ვიწამლებით დაბინძურებული ჰაერით, წყლით. და არა მხოლოდ. ვიწამლებით დაბინძურებული აზროვნებით, ღირებულებებით, ფსევდოტკივილებით და ბოლოს მაინც „ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის “ პრინციპიდან გამომდინარე, გულს ვიმშვიდებთ კიდევ კარგი, მე არ ვიყავი, კიდევ კარგი, ჩვენ გადავრჩით.
სოციალურ ქსელებში ვაზიარებთ და პროფილის ფოტოებად ვაყენებთ, ნიღბებად ვირგებთ შავ ბაფთებს, რომლებიც ზუსტად გამოხატავს ჩვენს ფარისევლურ პოზიციას სხვის დასანახ სევდას და სინამდვილეში ერთ დიდ გულგრილობას, ერთ დიდ „ სხვის ჭირს “ . ეს კარნავალია, ერთი დიდი, შავი ბაფთებით გაფორმებული კარნავალი. აქ ადამიანები თამაშობენ მწუხარებას, ისე კარგად ირგებენ როლებს, თავადვე იჯერებენ, რომ ისინი ერთი დიდი სამგლოვიარო პროცესიის ნაწილს შეადგენენ, რომლის სიყალბეც ხშირად ისე აყროლდება ხოლმე, როგორც ყვითელი პრესის შეთითხნილი ტრაგიკული ისტორიები ყარს, როგორც თითიდან გამოწოვილი სენსაცია ყარს მასკულტურაში, ანუ ის, რადაც იქცევა ტრაგედია სულ ცოტა ხანში. ეს უზარმაზარი უბედურება დაწვრილმანდა, ისე დანაწევრდა, რომ სიკვდილმა უცებ სახე იცვალა და გადაუჭრელ დილემად იქცა: ადამიანები უნდა ვიგლოვოთ თუ ცხოველები? ვინც ცხოველებს გლოვობს, მას უყვარს ადამიანები? როდესაც საქმე ადამიანებს ეხებათ, იქ ცხოველები რა მოსატანია? და ა. შ. და ა. შ. სიკვდილიც კი გაფერმკრთალდა და მეორე პლანზე გადავიდა. აქტიური გლოვა გახდა. რა თქმა უნდა, აქაც კარნავალის წესებია, წარმოდგენის ფორმა და შინაარსიც მნიშვნელოვანია: რა ფერის ნიღბები გავიკეთოთ? ან სოციალურ ქსელში პროფილის სურათად შავი ბაფთები ავირჩიოთ თუ ვეფხვის სურათები? ან იქნებ ბეჰემოტის, ან სამივესი ერთად...
თუმცა კი, რატომღაც ყველას დაავიწყდა, ბავშვობაში როგორი ემოციით კითხულობდნენ „ შვლის ნუკრის ნაამბობს “ , როგორ განიცდიდნენ შვლის მწუხარებას, როგორ შესტკიოდათ მასზე გული. რა მოხდა, როგორ დავშორდით წიგნებს? როგორ დავშორდით სიყვარულს?
წარმოუდგენელია, რომ ადამიანს ცხოველი ეცოდებოდეს და ადამიანი არა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანურ სიყვარულს, ჰუმანიზმს, თანაგრძნობას ცხოველების სიყვარულით და მათ მიმართ გრძნობების გამოვლენით ვსწავლობთ. ეს ყველაფერი კი ბავშვობაში იწყება, იწყება ისტორიებით, ამბებით, მოთხრობებით, წიგნებით ცხოველებზე.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენში ჭეშმარიტი სიყვარულის ხაზი ცოცხალი სამყაროს სულ უმნიშვნელო ბინადრის ჭიამაიას სიყვარულით იწყება და ადამიანით სრულდება, ეს ხაზი თუ ჯაჭვი კი იმ რგოლებს მოიცავს, რომელზეც მთლიანად სამყაროს სიყვარულია გადანაწილებული. ეს ჯაჭვი ერთი, შეკრული მთლიანობაა, მისი დაშლა შეუძლებელია ისევე როგორც სამყაროს მთლიანობის ჰარმონიის დარღვევა იწვევს კატასტროფებს, ასევე ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარულის ჯაჭვის გაწყვეტა ამ სიყვარულის გადაგვარებასა და კვდომას გამოიწვევს.
რადგანაც ბავშვებში ცხოველის სიყვარული ასეა გადაჯაჭვული და დაკავშირებული ადამიანის სიყვარულთან, ძველად მეიგავეები თუ მეზღაპრეები ადამიანებზე ამბებს ცხოველებს მიაწერდნენ ხოლმე ასე უფრო მარტივი აღსაქმელი და გასაგები ხდებოდა ბავშვისთვის ის მორალური დილემები, რომლების წარმოჩენასაც ცდილობდნენ. მათ კარგად ესმოდათ ის საკითხი, რომ ნამდვილი სიყვარული და სამყაროს შეცნობა მისი უმცირესი წარმომადგენლით უნდა დაიწყო, როგორიც ერთი სასაცილო წრუწუნა ან მახინჯი იხვის ჭუკია. რა ხდება, რატომ ვივიწყებთ შვლის ნუკრებს, პატარა, საბრალო ლეკვებს თუ სიცივეში გაყინულ ბეღურებს? მხოლოდ იმიტომ, რომ გავიზარდეთ. დიდებს კი უფრო მეტი სერიოზულობა მოეთხოვებათ, რაც საბოლოოდ, სინამდვილეში, შეუწყნარებლობით და ფარისევლობით სრულდება ხოლმე. ჩემს ბავშვობაში ასეთი ტრადიცია გვქონდა მეზობლის ბავშვებს: თუკი რომელიმეს ცხოველი ან ფრინველი მოუკვდებოდა, მათ შესაფერის პატივს მივაგებდით ხოლმე. მაგალითად წიწილები, თუთიყუშები, ზღარბები, კუები, ძაღლები, კატები. მკვდარ ცხოველს ყუთში მოვათავსებდით, ყვავილებს შემოვუწყობდით, „ პორტრეტებს “ დავუხატავდით. შემდეგ კი დასაფლავების ცერემონიას ვიწყებდით. მკვდარი ცხოველის პატრონთან მეზობლის ბავშვები სამძიმრის სათქმელად და სატირლად მივდიოდით. გულწრფელად ვგლოვობდით და დავტიროდით, გულწრფელად გვეცოდებოდა. გავიდა დრო და ცხოველებზე ნასწავლი სიყვარული, თანაგანცდა თუ სიბრალული განვაზოგადეთ და ადამიანებზეც გადავიტანეთ. ცხოველებიდან ადამიანობამდე ეს ის გზაა, რომელსაც ყველა ჩვენგანი აუცილებლად