სიტყვები
„ საერთოდ მე მუდამ მქონდა ეჭვი, რომ სიტყვები ზღვის ფსკერზე იბადებიან. შესაძლოა, ყოველი სიტყვა რაღაც არსებაა, თითოეულს, ცალ-ცალკე, საკუთარი სიმკვრივე, გემო, შეფერილობა აქვს. ყოველი მათგანი განუმეორებელი თვისებებით გამოირჩევა – ზოგი ხმალთევზაა, ზოგი მედუზა, ზოგი მარჯანი. ამიტომ, სრულიად არ გამკვირვებია, როდესაც დავინახე, რომ ეს სიტყვა ასე მოლუსკივით ამოიწვერა ზარდახშის ხავერდოვანი, მწვანე ფსკერიდან და რომ ასე მანათობელი და გამჭვირვალე იყო. “
ზაზა თვარაძე „ სიტყვები “ სულ მინდოდა ამ წიგნზე რამე მეთქვა ან დამეწერა. რადგან ჩვენი ჟურნალი წიგნებს შეეხება, მოდი დავანაწევროთ ცნება „ წიგნი “ და დავიყვანოთ ის სიტყვებამდე. როგორც ამბობენ, პირველად იყო სიტყვა და რომ იყო ღმერთთან და ღმერთი იყო თავად სიტყვა.
სიტყვა სამყაროს გაჩენისთანავე დაიტვირთა უზარმაზარი ენერგიით, ხოლო ერთად თავმოყრილი, წიგნად ქცეული სიტყვების გავლენა ჩვენზე, უბრა-ლო მოკვდავებზე, განუსაზღვრელია.
არსებობს ასეთი მითიც, რომ მწერლის ბედ-იღბალზე მის მიერ დაწერილი ტექსტები მოქმედებენ და მის ცხოვრებას წარმართავენ ხოლმე, და ისეც ხდება, რომ თავად მწერალი ექცევა საკუთარი სიტყვების ტყვეობაში.
ცოტა საშიშიც კი არის, იყო მწერალი ან პოეტი, რადგან შენი ტექსტები, სიტყვები, წიგნები შენ გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას, თან კი მწერლის მიერ წერის პროცესში ჩადებულ გრძნობებს, ფიქრებს, ტკივილს თუ სიხარულს ატარებენ და მკითხველის ემოციებს შეურთდებიან ხოლმე, ან დაუნანებლად ივიწყებენ ავტორს და რომელიღაც მკითხველის რომელიღაც ემოციად იქცევიან.
წიგნი სიტყვების ზარდახშაა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ცხოვრობენ და არსებობენ სხვადასხვანაირი ზნის, სუნის, ფორმის და შინაარსის სიტყვები. ზოგი გულისარევამდე საზიზღარია, ზოგი სულისშეხუთვამდე სევდიანი, ზოგიერთი კი ჩაბჟირებამდე სასაცილო. ზაზა თვარაძისთვის „ სიტყვებში “ ზარდახშიდან ამოფრენილი, ამოზლაზნილი, ამომხტარი სიტყვები მოვერცხლისფროები, ბურთულისებრები, გამჭვირვალეები, მონისლისფრო-მომტრედისფროები არიან და დაღლილი ღამის პეპლებივით დაფარფატებენ. სიტყვები ცოცხლები არიან, მათზე ხელის მოკიდებით და დაწყვილებით იქმნება ტექსტები.
წიგნებს, წიგნებში კი სიტყვებს ჩვენამდე მოაქვთ უძველესი ეპოქები, მათი სუნი, ყოფა, იმდროინდელი ვნებები და განცდები. შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ერთგვარი დროის მანქანაა, საუკუნეების წინანდელი ამბები და საუკუნის წინანდელი სიტყვები მოაქვს ჩვენთან, მოჰყავს თავისი ავტორიც, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ ყველაზე უსახო და უნიჭო მწერალიც კი, როცა წიგნს წერს, საკუთარ თავს ან თავის ნახევარს მაინც ტოვებს იქ. წიგნს „ დროის მანქანას “ შეუძლია მომავალიც გვიჩვენოს, წარმოგვიდგინოს მომავალი ალტერნატივები. დღესდღეობით პოსტაპოკალიფსური ფანტასტიკა და ზოგადად, ფანტასტიკა ამის ნათელი მაგალითია.
წიგნები არა მხოლოდ ემოციურად მოქმედებენ ადამიანებზე, არამედ შეუძლიათ შეცვალონ მათი მსოფლხედვა, გახადონ უკეთესები ან უარესები. სიტყვების ძალაუფლება წარმოუდგენლად დიდი და შეუზღუდავია.
თუ ხართ განსხვავებული, გაქვთ ცეცხლისფერი თმა, ჭორფლები, სწავლა მაინცდამიანც არ გეხატებათ გულზე, ამ ყველაფრის გამო კი უბედურად და „ არანორმალურად “ გრძნობთ თავს, და განსაკუთრებით მაშინ, თუკი გარდატეხის ასაკიც გაქვთ, წაიკითხეთ „ პეპი გრძელიწინდა “ და საკუთარ თავს მიიღებთ ისეთს, როგორიც არის. თუკი გოგონა ბრძანდებით, საკუთარი „ გოგოობით “ იამაყებთ და ბიჭის უპირატესობებს უარყოფთ. წიგნებზე და ბავშვებზე მოგითხრობთ ჩვენს მეოთხე ნომერში, რუბრიკით „ წიგნიერება “ .
ხშირად ისეც ხდება, რომ სიტყვებს წიგნში თავმოყრილს ძეგლსაც კი ვუდგამთ ხოლმე. „ დედა ენა “ სწორედ ასეთი წიგნია. წიგნი, რომლის პირველმა სიტყვებმა „ აი ია “ სასწაული მოახდინა, ქართულ განათლებას, წიგნიერებას დაუდო საფუძველი. მრავალი წელი იცოცხლა და ჩვენამდეც მოვიდა, თან კი ავტორის ნაწილიც მოიყოლა. „ ბუქსითის “ ამ ნომერში „ დედა ენაზე “ ვისაუბრებთ, მის განუზომელ ღირსებებზე, თუმცა კი, თანამედროვე ბავშვისთვის საკმარისია მხოლოდ XIX საუკუნისეული გამოცდილება და მეთოდოლიგია? ვისაუბრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის პირველი სახელმძღვანელო, როგორი უნდა იყოს ის, რომ ბავშვს, გარდა იმისა, რომ წერა-კითხვა შეასწავლოს, კითხვის, წიგნების და სიტყვების მიმართ პოზიტიური განწყობილებაც ჩამოუყალიბდეს.
„ ბუქსითის “ მეოთხე ნომერში წაიკითხავთ, რა მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს ინტერესებს ჩვენს ცხოვრებაზე, პროფესიის არჩევაზე, მომავლის დაგეგმვის დროს. რომ თუ გვინდა, საკუთარი ადგილი ვიპოვოთ და დავიმკვიდროთ, ჯერ ჩვენი თავი გავიცნოთ უკეთ, ჩავუღრმავდეთ, გამოვიკვლიოთ. გავაანალიზოთ, რა გვინდა და როგორ გვინდა.
წიგნები მხოლოდ დაწერილ-დაბეჭდილი სიტყვები როდია. სიტყვაც მხოლოდ დაწერილი არ არსებობს. სანამ ანბანს გამოიგონებდნენ, მაშინაც არსებობდნენ სიტყვები და არსებობდნენ წიგნები, რადგანაც სიტყვამ შექმნა სამყარო. შემდეგ კი სიტყვებმა შექმნეს ზეპირი წიგნები, რომლის სიტყვებიც მთქმელიდან გამგონეს გადაეცემოდა, გამოგონე მთქმელი ხდებოდა და ახლა თავის გამგონეს