წინასიტყვაობა
1983 წელს დავკარგე სამსახური, ანდა წამოვედი სამსახურიდან. დავკარგე თუ წამოვედი, თუ დავკარგე და წამოვედი კიდეც, ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, ერთხანს არასრულ განაკვეთზე ვმუშაობდი - გამომცემლობაში კვირაში ერთხელ მივდიოდი და ჩემი სამუშაოს ფარგლებში სხვა საქმეებთან ერთად, მიწერ-მოწერასთან, სატელეფონო ზარებსა და შეხვედრებთან დაკავშირებულ საკითხებსაც ვაგვარებდი, თან სახლში ხელნაწერებსაც ვასწორებდი.
ორი რამის გამო იყო სამსახურიდან წამოსვლა კარგი აზრი. ჯერ ერთი, ოთხი რომანი მქონდა დაწერილი და ყველასთვის ნათელი იყო, რომ ჩემი მთავარი საქმე წერა გახლდათ. პრიორიტეტებზე საუბარი, ლაპარაკი იმაზე, ერთდროულად მწერალიც და რედაქტორიც როგორ უნდა ვყოფილიყავი, პროგნოზირებად ახირებად მეჩვენებოდა. იგივე იყო, რომ გეკითხათ, როგორ უნდა იყო ერთდროულად მასწავლებელიც და შემოქმედიცო? როგორ უნდა ემსახუროს მხატვარი, მოქანდაკე ან მსახიობი თავის საქმეს და თან სხვებსაც უხელმძღვანელოსო? არადა, ბევრი ადამიანისთვის რედაქტორობისა და მწერლობის ასეთი შეხამება შეუთავსებელი რამეების შერწყმა გახლდათ.
სამსახურიდან წამოსვლის მეორე მიზეზი ნაკლებად ორაზროვანი რამ იყო. ჩემ მიერ რედაქტირებულ წიგნებს დასტა-დასტა ფული იმ დროშიც კი არ მოჰქონდა, როცა სიტყვა „დასტა“ ახლანდელისგან განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებდა. ჩემთვის რომ გეკითხათ, ჩამონათვალი წიგნებისა, რომელთა რედაქტორი თავად ვიყავი, შთამბეჭდავი გახლდათ. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მწერლების ნაწარმოებებზე მიმუშავია (ტონი კეიდ ბამბარა, ჯუნ ჯორდანი, გეილ ჯონსი, ლუსილ კლიფტონი, ჰენრი დიუმასი), ისეთი სწავლულების ნაშრომებზე, ორიგინალური იდეები და პრაქტიკული კვლევები რომ ჰქონდათ (უილიამ ჰინტონის „შენფანი“, ივან ვან სერტიმას „ისინი მოვიდნენ კოლუმბამდე“, კარენ დექროუს „სექსისტური სამართალი“, ჩინვეიზუს „დასავლეთი და ჩვენ ყველანი“), საზოგადო მოღვაწეების ნაწერებზე, ყველაფრის ფურცელზე გულწრფელად გადატანა რომ უნდოდათ (ანჯელა დევისი, მუჰამედ ალი, ჰიუ ნიუტონი). მერე, როცა ვთვლიდი, რომ რამე დაწერად ღირდა, სათანადო ავტორსაც ვპოულობდი ხოლმე. ვიღაცები იზიარებდნენ ჩემს ენთუზიაზმს, ვიღაცები მის ჩახშობას ცდილობდნენ და გაყიდვებით მიღებული შემოსავლის ამსახველ ობიექტურ მონაცემებს იშველიებდნენ. შეიძლება, ვცდები, მაგრამ სამოცდაათიანი წლების ბოლოსაც კი ისეთი ავტორების მოხელთებას, რომელთა წიგნები ხელიდან ხელში გადავიდოდა, მეტი ფასი ჰქონდა, ვიდრე ხელნაწერების რედაქტირებას, ანდა ახალბედა თუ ხანში შესული ავტორების მხარდაჭერას. იმის თქმაც კმარა, რომ თავი დავაჯერე, დადგა დრო, როცა ზრდასრული მწერალივით უნდა ვიცხოვრო - არავითარი ჰონორარი და მხოლოდ წერა-მეთქი. არ ვიცი, რომელი კომედიიდან მახსოვდა ეს სიტყვები, მაგრამ ჩავებღაუჭე კი. რამდენიმე დღე გასულიყო მას შემდეგ, რაც უკანასკნელად ვიყავი სამსახურში. ვიჯექი ჩემი სახლის წინ ჰადსონ-რივერში შეჭრილ პირსზე და ნაცვლად სიმშვიდისა, რომლის დადგომასაც ველოდი, ვიგრძენი, რომ გავღიზიანდი. გონებაში გადავავლე თვალი ჩემი პრობლემების ჩამონათვალს და მათ შორის ახალს ან გადაუდებელს ვერაფერს მივაგენი. ვერ ვხვდებოდი, ასე მოულოდნელად რამ შემაშფოთა, თანაც ასეთ შესანიშნავ დღეს და ისიც ასეთი წყნარი დინების ყურებისას. არანაირი გეგმა არ გამაჩნდა და ვერც ტელეფონის ხმას გავიგონებდი, რომც დაერეკა. აი, ჩემს გულს კი ვუსმენდი, მკერდში კვიცივით რომ დაბაკუნებდა. ცუდის წინათგრძნობა, თუგინდ, ძრწოლა რომ ამეხსნა, შინ შევბრუნდი. შიში რაც იყო, ვიცოდი, ეს კი სხვა გრძნობა გახლდათ. მერე თავში დამკრა - ბედნიერი ვიყავი, ისეთი თავისუფალი, არასოდეს რომ არ ვყოფილვარ, არასოდეს. ყველაზე უცნაური შეგრძნება იყო. არც აღტყინება, არც კმაყოფილება, არც სიამოვნების ანდა მონაპოვრის მოყირჭება... უბრალო სიხარული იყო, თავდაჯერებული ადამიანის სისხლსავსე მოლოდინი. ასე დაიწყო „საყვარელი“. ახლა ვფიქრობ, რომ შოკმა, უღლიდან თავის დახსნას რომ მოჰყვა, დამაფიქრა იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ქალებისთვის სიტყვა „თავისუფალი“. ოთხმოციან წლებში ჯერ კიდევ ცხარედ კამათობდნენ: თანაბარი გადასახადებიო, თანაბარი მოპყრობაო, პროფესიების ხელმისაწვდომობაო, სკოლებიო... არჩევანიო შერცხვენის გარეშე. გავთხოვდე თუ არა. მყავდეს ბავშვები თუ არა. გარდაუვალად ამეების ბრალი იყო, ამ ქვეყნის შავკანიანი ქალების ისტორიაზე რომ დავფიქრდი, ისტორიაზე, რომელშიც ქორწინება შეუძლებელი იყო, რადგან ხელს უშლიდნენ, ანდა კანონგარეშე; ისტორიაზე, რომელშიც ბავშვების გაჩენას მოითხოვდნენ, მაგრამ ბავშვების ყოლაზე, მათზე პასუხისმგებლობის აღებაზე, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ მშობლობაზე ისევე, როგორც თავისუფლებაზე, ლაპარაკიც არ იყო. ინსტიტუციონალური მონობის ლოგიკისათვის დამახასიათებელ პირობებში მშობლის რაობაზე რაიმეს მტკიცება დანაშაული გახლდათ.
იდეამ გამიტაცა, მაგრამ ისტორიულმა ფონმა ერთიანად ამავსო გრძნობებით. ისეთი გმირების მოფიქრება, რომლებსაც ამგვარი ლოგიკით პროვოცირებული ინტელექტისა და სიველურის გამომჟღავნება შეეძლოთ, იქამდე იყო ჩემი წარმოსახვის ფარგლებს მიღმა, ვიდრე ერთ-ერთი წიგნი არ გამახსენდა, რომელიც იმ დროს გამოვაქვეყნე, როცა სამსახური მქონდა. „შავ წიგნში“ ახალგაზრდა დედის ამბავს გაზეთიდან ამონაჭერი აჯამებს. მარგარეტ გარნერი მას შემდეგ, რაც მონობას თავი დააღწია, პატრონის პლანტაციაში დაბრუნების ნაცვლად უმალ დააპატიმრეს შვილებიდან ერთ-ერთის მკვლელობისა და დანარჩენების მკვლელობის მცდელობისათვის. მისმა სკანდალურმა საქმემ თავისი