მომავლის წარსული (წინათქმის ნაცვლად)
ერთობ სავარაუდოა, რომ პირველი წაკითხვით მკითხველისათვის შემოთავაზებულ ამ პოეტურ მოზაიკას - როგორც კლასიკური ლიტერატურათმცოდნეობის კანონების მიმდევარი, ასევე პოეზიის უბრალო მოყვარული მეტ-ნაკლებად არაერთგვაროვან, შინაგანი გამაერთიანებელი ქსოვილის უქონელ აგრეგაციად
ჩათვლის. იქნებ, მხოლოდ პირველი წაკითხვით? ამ სტრიქონების ავტორი ქმნილს სრულიად გულწრფელად აღიქვამს როგორც მთლიანობას, რომლის სადარით იქნებ ახლო მომავალშიც დაასაჩუქროს პოეზიის უკვე მცირერიცხოვანი თაყვანისმცემლები.
ცდა ბედის მონახევრეა.
ავტორი ვერ უძლებს ცდუნებას (და როგორც ჩანს, ვერც მომავალში გაუძლებს) და სურს ისარგებლოს თავისუფლების იმ მჭრელი, ბასრი ნატეხებით (ვითარცა მთვრალი
„ საფერავის “ დაფშხვნილი ბოთლის ყელით), რომლებიც აქა-იქ არის მიმოფანტული „ პერესტროიკის “ დროინდელი დემოკრატიის ტოტალური მსხვრევის (თუ ერთგზის მომხდარი აფეთქების) შემდეგ:
„ როცა ლანდივით გაიშვირა ქიმერამ დინგი
იქით, საითკენ იშლებოდა ხალხის მიტინგი
და ნილოსიდან წამოსული ქამელეონი -
ეპარებოდა მას მძვინვარე ნაპოლეონი.
გაჰქრა, დროს ისე აღარ ეალუბლება
თავისუფლება, დახვრეტილი თავისუფლება. “
არც რევოლუციები გამოირჩევიან დიდი მრავალფეროვნებითა და შეუვალი ლოგიკით.