წიგნი მერვე
I ხმელ ფოთლად ქცეული ეკიუ გრენგუარი და მთელი სასწაულთა ეზო საშინლად შეშფოთებული იყვნენ. უკვე მთელი თვეა, არავინ იცოდა, რა მოუვიდა ესმერალდას, რამაც ძალიან დააღონა ჰერცოგი ეგვიპტელი და მისი მაწანწალა მეგობრები. არც ის იცოდნენ, თხა მაინც სად გაქრა. ამან უფრო გაუორმაგა სევდა და მწუხარება გრენგუარს. ერთ საღამოს გაქრა ბოშა გოგონა და მას მერე მისი კვალიც აღარ ჩანდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ყოველი ძებნა ამაო და უსარგებლო გამოდგა. რამდენიმე შარიანმა ბნედიანმა გრენგუარს უთხრა, რომ იმ საღამოს სენ-მიშელის ხიდის ახლოს შემოხვდათ ერთ ოფიცერთან ერთად მიმავალი. მაგრამ ეს ბოშათა წესით დაქორწინებული ქმარი ურწმუნო ფილოსოფოსი იყო და ამასთან, კარგად იცოდა, თუ რაოდენ უმანკო იყო მისი ცოლი. საკუთარი გამოცდილებით შეეძლო ემსჯელა იმ დაუძლეველ უბიწოებასა და მორცხვობაზე, რაც თილისმისა და ბოშა ქალის ამ ორმაგი სათნოების შეხამებიდან წარმოდგებოდა. მან მათემატიკურად გამოიანგარიშა ამ მეორე ხარისხში აყვანილი ზნეობრივი სიწმინდის წინააღმდეგობის ძალა. ასე რომ, ამ მხრივ ის დამშვიდებული იყო.
ამრიგად, ვერაფრით აეხსნა ესმერალდას გაქრობა. ეს გარემოება ძალიან აღონებდა. კიდევაც გახდებოდა, ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო. მან ყველაფერი მიატოვა, მიივიწყა, ლიტერატურული სამუშაოც კი, თვით თავისი დიდი ნაშრომი: „De figuris regularibus et irregularibus
“, რომლის დაბეჭდვასაც იმედოვნებდა, როგორც კი ფულს ჩაიგდებდა ხელში (რადგან იგი სულ წიგნის დაბეჭდვაზე ოცნებობდა მას მერე, რაც ჰუგო დე სენ-ვიქტორის ვინდელენ სპირელის სახელგანთქმული შრიფტით დაბეჭდილი „Didascalon
“ ნახა).
ერთ დღეს დაღონებულმა სისხლის სამართლის სასამართლო პალატის კოშკს ჩაუარა და მართლმსაჯულების სასახლის ერთ-ერთ კართან ხალხი შენიშნა.
- რა მოხდა? - ჰკითხა იქიდან გამოსულ ერთ ახალგაზრდას.
- არ ვიცი, ბატონო, - უპასუხა მან, - ამბობენ, ვიღაც ქალს ასამართლებენ, რომელმაც ერთი სამხედრო პირი მოკლაო. როგორც ჩანს, ამ საქმეში ჯადოქრობაც ურევია, ამის გამო ეპისკოპოსი და სასულიერო სასამართლოა ჩარეული, ჩემი ძმაც, არქიდიაკვანი ჟოზასელი, მთელ დღეებს იქ ატარებს. მინდოდა, დავლაპარაკებოდი, მაგრამ ვერაფრით მოვიხელთე, იმდენი ხალხია. ძალიან მწყინს, რადგან ფული მჭირდება.
- ვაგლახ! - თქვა გრენგუარმა, - სიამოვნებით გასესხებდით, ბატონო, მაგრამ ჩემი შარვლის ჯიბეები თუ გახვრეტილია, იმის გამო სულაც არა, რომ ეკიუ ამძიმებს.
გრენგუარმა ვერ გაუბედა ვაჟს თქმა, რომ იცნობდა მის ძმას, არქიდიაკვანს, რომელთანაც ეკლესიაში შეხვედრის შემდეგ აღარ მისულა და ამიტომ ამ დაუდევრობის გამო ერიდებოდა.
მოსწავლე თავისი გზით წავიდა. გრენგუარი კი გაჰყვა ხალხს, რომელიც კიბით დიდ ოთახში ადიოდა. ფიქრობდა, ნაღველს ისე არაფერი აქარვებს, როგორც სისხლის სამართლის საქმის პროცესი, იმდენად სასაცილოა მოსამართლეთა სირეგვნე და სისულელეო. ხალხი, რომელსაც იგი შეერია, მიუხედავად მიხლა-მოხლისა, წყნარად, მდუმარედ მიიწევდა წინ. ამ გრძელი და ბნელი ტალანის შემდეგ, ტალანისა, რომელიც ისე იყო მიხვეულ-მოხვეული, როგორც ამ ძველი შენობის საჭმლის მომნელებელი არხი, დარბაზში შემავალ ერთ დაბალ კარს მიაღწია, დარბაზში რომ გადიოდა, რაც გრენგუარმა აჩოჩქოლებულ ბრბოს თავებს აცილებული თავისი სიმაღლის წყალობით დაინახა.
დარბაზი განიერი და ბნელი იყო, რის გამოც კიდევ უფრო ფართო ჩანდა. დღე უკვე იწურებოდა. მაღალი, ისრული სარკმლები მხოლოდ მკრთალ სხივებს უშვებდნენ. დღის შუქი მანამდე ქრებოდა, სანამ მიაღწევდა თაღს, რომელიც მოჩუქურთმებული და ათასნაირი ფიგურით მორთული კოჭების ცხაურისგან შედგებოდა, და კაცს ეგონებოდა, ფიგურები სიბნელეში ირხევიანო. მაგიდებზე აქა-იქ უკვე აენთოთ რამდენიმე სანთელი, რომლებიც სასამართლოს მდივნების ქაღალდებისაკენ დახრილ თავებს ანათებდნენ. დარბაზის წინა მხარე ხალხს ეჭირა. მარჯვნივ და მარცხნივ მაგიდებს მსაჯულები, სასამართლოს მოხელეები უსხდნენ; სიღრმეში, შემაღლებულ ადგილზე, უამრავი მოსამართლე იჯდა. მათი უკანასკნელი მწკრივები სიბნელეში იკარგებოდა. უძრავი და ავბედითი პირქუში სახეები ჰქონდათ. კედლები სამეფო შროშანებით იყო მოხატული. მოსამართლეთა თავებს მაღლა ბუნდოვნად გაირჩეოდა დიდი ჯვარცმა, ხოლო მთელ დარბაზში, ყველგან, შუბები და ალებარდები, რომელთა ბასრ პირებზე სანთლების შუქი ცეცხლის წერტილებივით კიაფობდა.
- ბატონო, - ჰკითხა ერთ-ერთ თავის მეზობლად მდგომს გრენგუარმა, - ვინ არიან ის ვაჟბატონები, იქ რომ ჩამწკრივებულან საეკლესიო კრებაზე გამოჭიმული პრელატებივით?
- ბატონო, - უპასუხა მეზობელმა, - მარჯვნივ არიან სასამართლო პალატის, დიდი პალატის მრჩეველნი, მარცხნივ - საგამოძიებო ნაწილის მრჩეველნი. დაბალი ჩინის მოხელეებს შავი სამოსი აცვიათ, დიდმოხელეებს - წითელი.
- ის ვინღა არის, - განაგრძო გრენგუარმა, - სულ ზემოთ, წითელი, სქელი კაცი, ოფლში რომ იწურება?
- ეს ბატონი თავმჯდომარეა.
- მის უკან რომ ცხვრები არიან? - არ ისვენებდა გრენგუარი, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვით, მოსამართლეები არ უყვარდა, ჩანს, გულში ხინჯად ჰქონდა ჩარჩენილი დრამატურგიულ ასპარეზზე თავისი მარცხი მართლმსაჯულების სასახლეში.
- ესენი