იტვირთება...

ნილოსისფერი პერანგი

ელგუჯა თავბერიძე

4,426 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ელგუჯა თავბერიძის ეს ახალი კრიტიკულ-ესთეტიკური კრებული ორიგინალური ყაიდისაა. აქ თავმოყრილია მხოლოდ გამოხმაურებანი, კვალზევე მიდევნებული ახალ-ახალ პუბლიკაციებს ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ ფურცლებზე. წიგნის ამგვარი აგებულება გამოწვეულია იმით, რომ კრიტიკოსს განზრახული აქვს ამ სხარტსა და მოქნილ ჟანრს საბოლოოდ დაუმკვიდროს მოქალაქეობა ჩვენს სამწერლო სივრცეში. დაგვიბეჯითოს, რომ ის სრულუფლებიანი ლიტერატურული ფორმაა და არა მწერლობის გერი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
გამოხმაურება კრიტიკულ-ესთეტიკური ნაკადის დამოუკიდებელი ჟანრია. რაღაცით – კრიტიკულ სტატიასა თუ ესეისაც რომ წააგავს. რაღაცით – რეცენზიასაც. რაღაცით – შეძახილსაც. მაგრამ აქვს თავისი სახეც, ამ ყოველივესაგან გამორჩეული და იმ ნიშნით აღბეჭდილი, უიმისოდ ერთი მომხიბლავი შტრიხი რომ მოაკლდება სალიტერატურო ცხოვრებას. და ამიტომაც არ უნდა ჩაიკარგოს ზოგადკრიტიკულ ნააზრევში, ისევე როგორც ნოველა, ლიტერატურული ზღაპარი და მინიატურა არ უნდა ინათლებოდეს მოთხრობად და ამ ერთიან მასაში არ უნდა ითქვიფებოდეს. სახელდახელოდ უნდა დაიწეროს, ცხელ კვალზევე, პირველი შთაბეჭდილების განცდით? ესაა სწორედ მისი მთავარი ნიშანიც და თავისებურებაც, ოღონდ, ცხადია, სახელდახელობა და პირველი შთაბეჭდილების გავლენა არ უნდა ამსუბუქებდეს მის დანიშნულებას – არც სიღრმეს უნდა აკლებდეს და არც სტილურ დახვეწილობას, ისე აღავსებდეს სიცინცხალითა და პირველაღმოჩენის სიხარულით, არავის შეხედულება-შეფასებას რომ არ ელოდები და იქით სთავაზობ ლიტერატურულ საზოგადოებას შეხედულებასაც და შეფასებასაც და ამა თუ იმ თხზულებას იმთავითვე, დაბადებისთანავე მიუჩენ ადგილს სალიტერატურო პროცესში. სნობები გაურბიან ამგვარ ცდებს – შორს უვლიან გამოხმაურების ჟანრს, რაკიღა მოცდა და მზამზარეულით სარგებლობა ურჩევნიათ. სამაგიეროდ, მწერლობის ნამდვილ მცოდნეთა და პროფესიონალ კრიტიკოსთა ხელში ის ძალზე მოქნილი და მობილური ჟანრია, და ამიტომაც ცდილობენ მის დამკვიდრებას ჩვენს სალიტერატურო სივრცეში, რათა კრიტიკულ-ესთეტიკური ნაკადითაც ტოლ-სწორნი ვიყოთ დასავლური სამწერლო პროცესებისა, გამოხმაურებანი განსაკუთრებულ როლს რომ ასრულებენ სალიტერატურო ცხოვრების მოწესრიგებასა და პროცესების ბუნებრივი გზით წარმართვაში. გაბედულებაც ძალიან ესაჭიროება გამოხმაურების ავტორს? რასაკვირველია, მოსალოდნელი შეცდომის შიშით დუმილს რომ არ ამჯობინებ; და კიდევ – მუდმივი მზადყოფნაც საჭიროა სიახლეთა კვალში ჩასადგომად – ბოლოსდაბოლოს ესა თუ ის ახალი თხზულება რაიმეთი – თუნდ ნიუანსით – სიახლეც თუა სამწერლო მდინარებისათვის. თანაც, ასეთ დროს აუცილებელი არ არის მაინცდამაინც დიდტანიან ნაწარმოებს ანდა წიგნს დაელოდო მხატვრული ანალიზისათვის – ლექსსაც მაშინვე შეაგებებ შენს სიტყვას, ნოველასაც, მინიატურასაც, და კიდევ – ლიტერატურულ სტატიასაც, რომელსაც უმთავრესად მაშინ ეხმიანებიან, როდესაც არ ეთანხმებიან და პოლემიკას უმართავენ... მაგრამ ხომ შეიძლება მოწონებაც გამოთქვა სტატიით ანდა იქ წამოჭრილი თემა თუ ცალკეული საკითხები გააგრძელო პირველი შთაბეჭდილების განწყობილებით? საამისოდ მისწრებაა გამოხმაურება, თორემ უიმისოდ მცირეფორმიანი ჟანრები საგაზეთო-საჟურნალო პუბლიკაციისას გერად თუ სულაც ობლად გრძნობენ თავს თუნდ მკრთალი აღნიშვნის მოლოდინში. გამოხმაურების ნიმუში ცოტა არ იქმნება ჩვენს გარშემო, და ამ მხრივ გამორჩეულია თვალსაჩინო კრიტიკოსისა და ბიოგრაფოსის ელგუჯა თავბერიძის ღვაწლი, მიზანმიმართულად რომ ჩასდგომია კვალში სალიტერატურო პროცესს და ცდილობს რაც შეიძლება მეტ თხზულებას არ აგრძნობინოს ობლობა და მკითხველიც არ ალოდინოს, როდის შეფასდება ახლახან გამოჩენილი თხზულება, რათა მკითხველმა საკუთარი შთაბეჭდილება დროულად შეუდაროს პროფესიონალი ლიტერატორისას და მასთან ერთად დაელოდოს არამარტო ცალკეულ ნაწარმოებთა მომავალ ბედს, არამედ ქართული მწერლობის ხვალინდელ დღეს, გამოხმაურებებმაც რომ უნდა გაჰკვალონ გზა უკეთესი სალიტერატურო ცხოვრების დასამკვიდრებლად. ნიშანდობლივია, რომ ელგუჯა თავბერიძის გამოხმაურებანი ორიგინალურსა თუ თარგმნილ თხზულებებზე (მისი ფართო თვალსაწიერის წყალობით!) დროდადრო ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა, ქართული სამწერლო პროცესთა გადასარჩენად მოწოდებული გამოცემისა, ამ მხრივაც რომ შეაგულიანებდა კრიტიკოსებს და მკითხველსაც უფრო ჩართავდა ჩვენს სალიტერატურო ცხოვრებაში. ადრე თუ გვიან ვინმეს კიდეც რომ უნდა ედო თავს ცალკე წიგნად დასტამბვა საკუთარი გამოხმაურებებისა, ვის, თუ არა ელგუჯა თავბერიძეს, ერთხელაც თვალს რომ გადაავლებდა ამ ჟანრში შექმნილ თავის პატარ-პატარა კრიტიკულ-ესთეტიკურ ჩანახატებს და... წარმოსახვაში უკვე წიგნადაც იხილავდა, ხილვა კი ძალდაუტანებლად მოსთხოვდა ხორცშესხმასაც. მხოლოდ ასე თუ მივაგებთ ამ ჟანრს შესაფერის პატივს, მხოლოდ ასე თუ ვაღიარებთ მის დამოუკიდებლობას – ცალკე წიგნად, ანდა – არც ეს დაიწუნება – დიდტანიან წიგნში ცალკე განყოფილებად. და დაე, საამისოდ პირველი მაცნე და მერცხალი იყოს ელგუჯა თავბერიძის სახელდახელო და, იმავდროულად, ღრმააზროვან, მრავალმხრივ საგულისხმო გამოხმაურებათა კრებული „ნილოსისფერი პერანგი“, მხოლოდ და მხოლოდ გამოხმაურებათა, თან ტიტულზევე აღბეჭდილი როგორც კოლორიტული ჟანრის დაფასება და როგორც გამოკვეთა მისი აუცილებლობისა, სხვა კრიტიკული ჟანრები რომ ვერ ჩაენაცვლებიან – ვერც ესეი, ვერც სტატია, ვერც რეცენზია და ვერც შეძახილი, რომელიც ასევე დამოუკიდებელი ჟანრია, თუ შესაფერისადაც მოვეპყრობით. ჯერ მაინც გამოხმაურება. ჯერ მისი პირველი მერცხალი – ნილოსისფერი მდინარის სათავედ. როსტომ ჩხეიძე
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
­978-9941-0-6526-2
სათაური:
ნილოსისფერი პერანგი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
გვერდები:
172
კატეგორია:
კრიტიკა
ნახვები:
4426
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]