ეპიგრაფი პროლოგის მაგიერ
მიხეილ ანთაძე
სიცილია გვალვაში
ეპიგრაფი პროლოგის მაგიერ
„ 1893 წელს სიცილიას უწვიმობის გამო ჭირნახულის სრული დაღუპვა დაემუქრა. მზე ყოველდღე სულმთლად უღრუბლო სიცილიურ ცაზე ამოდიოდა და ჩადიოდა. კონკა დ ’ ოროს ბაღები, წარმტაც მწვანე სარტყლად რომ შემოვლებოდა პალერმოს, ერთიანად გადაჭკნა. შიმშილი მოდიოდა. ხალხი განგაშმა მოიცვა. წვიმის გამოთხოვის ყველაზე გამოცდილმა მეთოდებმა სასურველი შედეგი არ მოიტანა. ქუჩებსა და ველ-მინდვრებში პროცესიები გადაება ერთიმეორეს. მამაკაცები, ქალები და ბავშვები კრიალოსნებს მარცვლავდნენ და ღამეების განმავლობაში წმინდანთა ხატების წინაშე იწვნენ ქვედამხობილნი. დღითა და ღამით ციმციმებდნენ ნაკურთხი სანთლები ტაძრებში. ხეებზე ბზობიდან შემორჩენილი ნაკურთხი პალმის გამხმარი ტოტები ფრიალებდნენ. დაბა სოლაპარუტაში ძველთაძველი ჩვეულების თანახმად ეკლესიებიდან ბზობას გამოგვილი მტვერი მინდვრებზე მიმოფანტეს. ამაოდ. ქალაქ ნიქოზიის მოსახლეობა თავშიშველი, ფეხშიშველი დაიარებოდა ქუჩებში, ჯვარცმებს დაატარებდნენ და ერთმანეთს რკინის წნელებს ურტყამდნენ. საქმეს ვერც ეს შველოდა. თვით დიდ წმინდან ფრანჩესკო პაოლელს, რომელიც ყოველწლიურად წვიმის სასწაულებს ახდენდა, ან არ სურდა, ან არ შეეძლო ადამიანების დახმარება. არც წირვა სჭრიდა მასზე, არც ლოცვა, არც პროცესიები, ილუმინაციები და ფეიერვერკები. ბოლოსდაბოლოს გლეხების მოთმინება დაილია. წმინდანთა უმრავლესობა განდევნილ იქნა. პალერმოს მცხოვრებლებმა წმიდა იოსები ტაძრიდან ბაღში გამოადგეს, რათა თვითონვე ენახა, თუ რა სავალალოდ იყო საქმე, და დაიფიცეს, რომ სანამ წვიმა არ მოვა, წმინდანი თაკარა მზეზე ამ მდგომარეობაში დარჩებაო. სხვა წმინდანები დასჯილი ბავშვივით კედლისკენ პირით დააყენეს, კიდევ სხვებს ძვირფასი სამოსი შემოაძარცვეს და შორს განდევნეს სამრევლო ტერიტორიებიდან. მათ ემუქრებოდნენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, ტყლაპოებში აყურუმალავებდნენ. ქალაქ კალტანისეტაში მთავარანგელოზ მიქაელს ოქროს ფრთები მოაგლიჯეს და მუყაოს ფრთებით შეუცვალეს, გარდა ამისა, მეწამული მანტია მოხადეს და ძონძები ჩააცვეს. ყველაზე მწარე ხვედრი ქალაქ ლიკატას მფარველ სანტ ანჯელოს ერგო - თავიდანფეხებამდე გააშიშვლეს, წაბილწეს და შეურაცხყვეს, მერე ჯაჭვებით დააბეს და შესთავაზეს, რა გირჩევნია - ხეზე ჩამოგაღრჩოთ თუ წყალში დაგაღრჩოთო. „ ამ წვიმა, ან თოკი! “ - სკანდირებდა გამხეცებული ბრბო და სანტ ანჯელოს ცხვირწინ მუშტებს უტრიალებდნენ. “
ჯეიმს ჯორჯ ფრეზერი
„ ოქროს რტო. მაგიისა და რელიგიის კვლევა “