დაგვიანებული ცრემლები
***
ირგვლივ შემოდგომის საამო სურნელი იფრქვეოდა. ხალხი თავდაუზოგავად შრომობდა, მთელი წლის ნაშრომ-ნაწვალებ სარჩოს აბინავებდა და კმაყოფილებით ებაასებოდა ერთმანეთს. ხეებს ფოთლები დასცვენოდა და აქა-იქ კონწიალებდა გადაყვითლებული ფოთლები. საწნახელებში ჩხრიალებდა მაჭარი და გაისმოდა გლეხკაცის მადლიანი შეძახილი. მოკლედ, ეს მთელი წლის ყველაზე ულამაზესი დროა კახეთში.
ნოდარ და თამარ გელაშვილები სოფელ გურჯაანის მკვიდრი მაცხოვრებლები არიან. ნოდარი სკოლის დირექტორია, თამარი ამავე სკოლაში ქართულ ენას ასწავლის. შეძლებული ოჯახი აქვთ, მაგრამ ფიზიკურ შრომას არ ივიწყებენ, მამაპაპისეულ მამულს მოსვენებას არ აძლევენ. ეს დალოცვილი მიწაც თავისებურად ასაჩუქრებს მათ შრომის მადლს, უსაზღვრო სარჩოს აძლევს საჩუქრად. ასე რომ, უკვე, თითქმის თხუთმეტი წლის ოჯახი აქვთ შექმნილი ნოდარს და თამარს, მაგრამ მათ არაფერი აკლიათ: არც სარჩო, არც კეთილმოწყობილი სახლ-კარი, არც ჩაცმა-დახურვა და არც გავლა-გამოვლა. მაგრამ, მათ აკლიათ ამაზე უფრო დიდი რამ, რაც ადამიანს მომავლის იმედით აცხოვრებს და ცხოვრების მიზანს დაუსახავს ეს არის შვილი, შვილი რომლისთვისაც ყველა ჩვენთაგანი წვალობს და ცოცხლობს.
ნოდარის და თამარის სახელი მარტო სოფელში კი არა, მთელ გურჯაანის რაიონში ქუხს, ბრწყინვალე პედაგოგებად არიან ცნობილნი, მათ ძალიან ბევრი მოსწავლე გამოზარდეს და დაფრთიანებულნი გაუშვეს ცხოვრების ფართო გზაზე.