ვიქნები თუნდაც განტენბაინი ამ ამბის შემსწრე შემთხვევითი ნაცნობები, ვინც ბოლოს ელაპარაკნენ მას, ამბობენ, იმ საღამოს უჩვეულო არაფერი შეგვინიშნავს, ჩვეულებისამებრ მხიარულობდა, მედიდურობას ვერ დასწამებდიო. მშვენივრად ივახშმეს, თუმცა სუფრას მდიდრული არ ეთქმოდა. მეინახენი ენამჭევრობდნენ, უფრო სწორად, ეს გახლდათ ლაყბობა საკმაოდ მაღალ დონეზე. სხვებზე ნაკლებს, ყოველ შემთხვევაში თავიდან მაინც, მგონი, არც ის ლაპარაკობდა. ვიღაცამ თქვა, სხვას რომ უსმენდა, ისეთი დაღლილი მზერა ჰქონდა, გამიკვირდაო. შემდეგ, სხვებს რომ არ გამოსთიშოდა, დროდადრო, საუბარში ჩაერეოდა ხოლმე, თურმე ენამახვილობდა კიდეც, ერთი სიტყვით, ჩვეულებრივ ეჭირა თავი. შემდეგ მთელ ჯგუფს ბარში გადაუნაცვლებია. იქ ჯერ პალტოგაუხდელნი მდგარან დახლთან, მერე კი მისთვის უცნობ ხალხს მიჰკედლებიან. ალბათ იმიტომაც აღარ ამოუღია ხმა. მხოლოდ ყავა მოუთხოვია. შემდეგ, ტუალეტიდან რომ მობრუნებულა, სახეზე ფერი აღარ ედოო, ამბობენ, ოღონდ მისი სიფითრე მხოლოდ მაშინ შეუმჩნევიათ, როცა სუფრასთან აღარ დამჯდარა, ბოდიში მოუხდია, შინ უნდა წავიდე, რაღაც კარგად ვერა ვარო. ყველას ნაუცბათევად დამშვიდობებია, ხელი არავისთვის ჩამოურთმევია, ალბათ არ უნდოდა მათთვის საუბარი გაეწყვეტინებინა. ვიღაცას კი უთქვამს, მოგვიცადე, არც ჩვენ ვაპირებთ აქ დაბერებასო, მაგრამ ვერ დაუყოლიებიათ. მეგარდერობეს, როგორც იქნა, მოუტანია პალტო, მაგრამ არ ჩაუცვამს, მკლავზე გადაუკიდია, თითქოს ძალიან ეჩქარებოდაო. ყველა ამბობს, ბევრი არ დაულევია, არც კი დავუჯერეთ, შეუძლოდ ვარო, რომ თქვა. ისიც კი ვუთხარით, ხომ არ იმიზეზებო. ამაზე გაჰღიმებია. შეიძლება სხვაგანაც ჰქონდა დათქმული პაემანი. მანდილოსნები წაქლესავებიან, ვეჭვიანობთო. თითქოს შეუფერებია მათი ეჭვიანობა, მაგრამ სიტყვა აღარ დაუძრავს. იძულებულნი გავხდით მარტო გაგვეშვა, ჯერ ხომ შუაღამეც არ იყოო. როცა შევნიშნეთ, მაგიდაზე ჩიბუხი დარჩენოდა, დადევნება აღარ ღირდა, მაინც ვეღარ დავეწეოდითო... ეტყობა, სიკვდილმა მაშინ მოუსწრო, როგორც კი ჩაჯდა თავის მანქანაში; ფარები ენთო, ძრავაც ჩართული იყო. უკანა ლიფლიფა ისე ახამხამებდა თვალს, თითქოს მანქანა სადაცაა შუა ქუჩაში უნდა გავიდესო. იგი წელში გამართული იჯდა, თავი უკან გადაეგდო, ორივე ხელით ჩამოგლეჯილ საყელოს ჩაფრენოდა. ასე დახვდა პოლიციელს, რომელიც მანქანასთან მისულა, ძრავა ამუშავებულია და მანქანა რატომ აღარ იძვრისო. სიკვდილმა, ეტყობა, უეცრად უწია: ვინც მის სიკვდილს არ შესწრებია, ამბობს, იოლი სიკვდილით მომკვდარაო – ეს კი ვეღარ წარმომიდგენია – პირდაპირ ნანატრი სიკვდილიაო...
წარმომიდგენია:
ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ენდერლინის აღსასრული.
ან იქნებ განტენბაინისა?
არა, უფრო ენდერლინისა.
დიახ, მეც ვამბობ, იმ კაცს ვიცნობდი-მეთქი. მერე, რას ნიშნავს ეს? მე იგი წარმოდგენილი მყავდა, ახლა კი ჩემს წარმოდგენებს ძველმანებივით მესვრის უკანვე; ამიერიდან მას აღარც ისტორია სჭირდება და აღარც ტანისამოსი არგია რამეში.
ბარში ვზივარ. ნაშუადღევია, ამიტომ ბარში ჩემ მეტი არავინაა და ბარმენი მე მიყვება თავის ცხოვრების ამბავს. კაცმა რომ თქვას, რისთვის? მიყვება და მეც ვუსმენ, ხან ვსვამ, ხანაც ვაბოლებ; მე ვიღაცას ველოდები და გაზეთს ვკითხულობ. დიახ, ასე იყო ეს ამბავი! – ამბობს ბარმენი და თან ჭიქებს რეცხავს. ნამდვილ ამბავს გიყვებითო. მჯერა-მეთქი, ვეუბნები. იგი გარეცხილ ჭიქებს ამშრალებს. დიახ, ასე იყო ეს ამბავი! – ერთხელ კიდევ გაიმეორა მან. ვსვამ და ვფიქრობ: ადამიანს რაღაც გამოცდილება შეუძენია და ახლა იმ გამოცდილებას შესატყვის ქარგას უძებნის...
იგი ჩემი ხნისა იყო. იმ წუთიდანვე ავედევნე, როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა – თუ არ ვცდები, „სიტროენი“ იყო – მანქანის კარი მიკეტა და გასაღებების ასხმულა შარვლის ჯიბეში ჩაიდო. მე პერსონაჟის საერთო იერსახე მჭირდებოდა. ისე კი, იმ დღეს მუზეუმის მონახულებას ვაპირებდი, ჯერ ვისაუზმებდი, მერე მუზეუმში წავიდოდი, რადგან სამსახურებრივი საქმეები მოგვარებული მქონდა და ამ ქალაქშიც არავის ვიცნობდი. ის რომ თვალში მომხვდა, ესეც შემთხვევითობას უნდა მიეწეროს, არც კი ვიცი, რით მიიპყრო ჩემი ყურადღება: სიგარეტს მოუკიდა და თავი ისე გაიქნია, თითქოს ტანი ეფხანებაო. ეს სწორედ იმ წუთში შევამჩნიე, როცა მე თვითონ დავაპირე სიგარეტის გაბოლება. სიგარეტს თავი გავანებე. უცნობს ისე ავედევნე, რომ ჯერ სახეზე არ შემეხედა მისთვის, გეზი მარჯვნისკენ ავიღე, სიგარეტი უყოყმანოდ, მაგრამ აუჩქარებლად გადავაგდე. ეს იყო დილით, სორბონის მიდამოებში. თითქოს ტანმა რაღაც უგრძნოო, ისევ მანქანასთან მიბრუნდა, ალბათ დაეჭვდა, კარი ნამდვილად დავკეტე თუ არაო და გასაღებების ასხმულას სულ სხვა ჯიბეში დაუწყო ძებნა. ამასობაში მე ვითომ აფიშას ვათვალიერებდი, თან მისგან რომ განვსხვავებულიყავი, ჩიბუხს მოვუკიდე. უკვე შიში შემეპარა, ვაითუ ისევ მანქანაში ჩაჯდეს და წავიდეს, სანამ მე აფიშასთან ვდგავარ და ვითომ ტნპ-ს რეპერტუარს ვათვალიერებ-მეთქი. მაგრამ მალე კარის მიჯახუნების ხმა გავიგონე და შემოვბრუნდი. იგი ფეხით მიდიოდა და მეც შემეძლო ავდევნებოდი. ვაკვირდებოდი მის სიარულს, ჩაცმულობას, მიხრა-მოხრას. მხოლოდ ის გეცემოდა თვალში,