I - „ესე ამბავი სპარსული“
„ესე ამბავი სპარსული... ვპოვე და ლექსად გარდავთქვი“...
პირდაპირ დავიწყოთ, უშესავლოდ.
გასაკვირი თითქოს არაფერია, პოეტი პოემისათვის მზა ქარგას იყენებს და არც მალავს მის წარმომავლობას. გასაკვირი არაფერია, მით უფრო, დამაეჭვებელი და საორჭოფო. დიდი კლასიკა უმეტესწილად მზა ქარგებმა შექმნა. მაშ, საიდანღა ჩნდება გარკვევით ნათქვამი, მოულოდნელად და ხაზგასმით ნათქვამი – „საქმე ვქმენ საჭოჭმანები“? სიტყვა „საჭოჭმანები“ ასეთ საკვანძო ადგილას შემთხვევით არამც და არამც არ დაისმებოდა, იგი მკითხველზე შემაკრთობლად მოქმედებს და, როგორც ჩანს, ასედაც არის ჩაფიქრებული. რაღაცას მიგვანიშნებს და არ გვიხსნის. მაგრამ რას?
შეიძლებოდა, ტექსტზე გარკვეული ძალდატანებით, ეს ნახევარტაეპი თავის მომდაბლების ჟესტად მიგვეღო, ასეთი რამ ბევრ დიდ ავტორთან გვხვდება. მაგრამ რუსთაველი მაგ ჰანგზე არასოდეს მღერის. არც სიუჟეტის მხატვრული ღირებულება აეჭვებს – „მარგალიტი ობოლი, ხელიხელ საგოგმანები“ – და არც საკუთარი შესაძლებლობა – „აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი“.
საჭოჭმანოდ მაინც ქარგის აღებაა მიჩნეული, სხვა წაკითხვა არ ჩანს. მაგრამ ქარგა რომ არსაიდან აუღია? სიუჟეტის უცხო წარმომავლობა, მიუხედავად ზოგიერთი მეცნიერის თავგამოდებისა, არ დამტკიცდა. მსგავსი მოტივები კი, შეუძლებელია, არ აღმოჩენილიყო, მათი რიცხვი, მით უფრო საგმირო ეპოსში, აკი თითზე ჩამოსათვლელია. მაგრამ ქარგას, რომელზედაც ისინია ასხმული, შორეული ანალოგიც არ დაეძებნა, სულ ტყუილი გამოდგა ამდენი ვნებათაღელვანი. ეს ყველაფერი დღესდღეობით სავსებით გარკვეულია. ოღონდ დავიმახსოვროთ, რომ სიტყვა „საჭოჭმანები“ ჯერ ისევ ახსნას მოითხოვს.
...შორეული ანალოგიც არ დაეძებნა და არც შეიძლებოდა, დასძებნოდა. „ვეფხისტყაოსნის“ ორივე პარალელური სიუჟეტის ამოსავალი წერტილი ერთი და იგივეა – „სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული“. ორივე შემთხვევაში ეს არის გიორგი მესამის კარი. მეფის უძეობა მტკივნეულ პოლიტიკურ და ეროვნულ პრობლემად იქცა, ამ საკითხს ცოტა ქვემოთ ისევ შევეხებით, და რუსთაველს იმდენად მნიშვნელოვნად ესახება ეს პრობლემა, რომ ორივე სიუჟეტის საძირკვლად უძეობის ამბავს დებს და მთელ შენობას მასზე აშენებს, საამისოდ კი, ძნელი სავარაუდოა, მზა სიუჟეტი ასე სახელდახელოდ ეპოვა, ორმაგი სიუჟეტი მეფის უძეობაზე, თანაც იმგვარად ორიენტირებული, რომ თავისი რთული, არაერთგვაროვანი სათქმელის რეალიზაციისთვის გამოსდგომოდა.
და მაინც – „ესე ამბავი სპარსული“... რისთვისღა დასჭირდა მკითხველის ყალბ გზაზე დაყენება? როგორც გვარწმუნებენ, ამბის გაუცხოებისათვის: სიუჟეტის სპარსულობა ნაწარმოებს მეტ პრესტიჟს შესძენდა. არადა, მოქმედება ისედაც უცხო გარემოში, ნახევრად ზღაპრულ „არაბეთსა“ და „ინდოეთში“ ხდება. კიდევ რაღა გაუცხოებაა საჭირო? პრესტიჟი კი... ნუთუ რუსთაველი ვერ გრძნობდა თავისი პოემის სრულქმნილებას, რომ სპარსულობის უიმედო ხავსს არ მოსჭიდებოდა?
* * *
ახლა სათქმელს სხვა მხრიდან შემოვუაროთ, რომ მერე ყველაფერმა თავი ერთად მოიყაროს. მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩვენში ღრმად გამჯდარი ტრადიციის წინააღმდეგ, ყველა და ყველაფერი, ვინცა და რაც მოგვწონს, იდეალურად მივიჩნიოთ და ლამის მკვდარ კერპებად ვაქციოთ. ტარიელი რაინდისა და მიჯნურის იდეალია, ასევე ავთანდილიც. არის კი ეს ასე, რუსთაველს მართლა იდეალურებად ჰყავდა ისინი ჩაფიქრებული? შუასაუკუნეობრივი თეზისი, რომ ადამიანის ვალია, ესწრაფოდეს იდეალურობას, მაგრამ იდეალური მხოლოდ ღმერთია, რუსთაველთან და მის გმირებთან წყვეტს თავის მოქმედებას? იდეალს ნამდვილად ესწრაფვიან, ეს აშკარაა, მაგრამ ხვარაზმელი უფლისწულის ღალატით მოკვლა და მერე მეფესთან სიცრუით თავის მართლება, ანდა ფატმანის ეპიზოდები ზნეობრივი კომპრომისი არ არის და რუსთაველი იდეალურ ნორმად მიიჩნევს ამგვარ საქციელს?
პარალელისთვის შექსპირის გმირებს მინდა მივმართო, ქართული ტრადიციისთვის, მაჩაბლის ხელდასხმით, ესოდენ ახლობელს, ვთქვათ, იმავე ოტელოს. ისიც, ჩვენი წარმოდგენით, ასევე იდეალურ გმირად არის ჩაფიქრებული. ქართულ სცენაზე მისი ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ შავკანიანად გაჩნდა, არავითარი სხვა ნაკლი. ტექსტთან მიახლოება კი გვარწმუნებს, რომ თურმე მთლად ასეც არ არის საქმე. ოტელო ცოტა ზედმეტად ყინჩია, ცოტა ზედმეტად თავდაჯერებული, რის უკანაც, როგორც ჩანს, მტკივნეული შინაგანი უკმარობა იმალება, და რამდენადმე მარტივ კაცადაც „იკითხება“ მაღალცივილიზებული და „ცბიერი“ ვენეციის ფონზე. რაც თავს დაატყდა, სანახევროდ მაინც თავისი ხასიათის წყალობით დაატყდა. ასევეა სხვა გმირებთანაც: ლირი კერპი და შეუსმინარია, ჰამლეტი – ცოტა არაამქვეყნიური. უნდა არსებობდეს თუნდაც სულ უმნიშვნელო ბზარი, საიდანაც კოლიზია შემოაღწევს. შეუმცდარი გმირი შეიძლება დაიღუპოს, მაგრამ ტრაგედიისათვის შეუვალია.
ტარიელიც, რაინდის იდეალად შერაცხილი სწორუპოვარი მოყმე, ცოტა ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ არის, ცოტა ზედმეტად განუსჯელი? რის გამოც ხატაეთში კინაღამ თავი წააგო, ბედნიერმა შემთხვევამ გადაარჩინა. მაგრამ მისი ხასიათის მთავარი ნაკლი იქნებ, ჰამლეტის მსგავსად, ნებელობის სისუსტე უფროა: მას, მიუხედავად უებრო მებრძოლობისა და ვაჟკაცური შემართებისა, მთელი პოემის მანძილზე წარმმართველი ხელი სჭირდება. ეს ჯერ ნესტანია, მერე ავთანდილი (შუალედში ასმათიც ხომ არა? საერთოდ, გადარჩებოდა კია უასმათოდ?), მათ გარეშე