პროლოგი
მაინც როგორ გაჩნდა პირველი ადამიანი? – ედემის ბაღში, მოძალადე ღმერთის ხელში, რომელმაც მისი უზადო ფორმა ქაოსის შავ მხურვალებას გამოგლიჯა, თუ ხანგრძლივი, თავისთავადი, გარდაუვალი ბუნებრივი ევოლუციის შედეგად – მას შემდეგ, რაც მან ლოგიკური გზა განვლო პირველსაწყისიდან სხეულის სრულყოფილ ფორმამდე? ამ საკითხზე ათეისტები და თეისტები ვერასდროს შეთანხმდებიან. მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩება – ერაყის მუზეუმში დაცულ არტეფაქტებს შორის დღემდე ინახება ცივილიზაციების ნგრევას, რელიგიურ ომსა და ვანდალიზმს სასწაულებრივად გადარჩენილი მარმარილოს თეთრი ნიღაბი. ეს ფრაგმენტი, შუმერთა მონალიზად შერაცხილი სიყვარულის ქალღმერთის, ინანას გამოსახულება, მეცნიერთა ყურადღებას იმითაც იპყრობს, რომ ის წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის უძველეს არტეფაქტს, რომელზეც, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნათელი იდუმალების გარდა, ანატომიური სიზუსტით არის აღბეჭდილი უძველესი ადამიანის სახე. ვარკას ნიღბის ქიმერული სილამაზის მიღმა ხომ თანამედროვე ადამიანის ანატომიის კვალი იკარგება და არაფრით მტკიცდება. მანამდე იყო მხოლოდ თელ ბრაკის სკულპტურა – უშნოდ წარზიდული ცხვირითა და ყურებით, რომელიც დაუფარავად გადმოსცემდა პირველყოფილი ადამიანისა და მისი წინაპრის გაურანდავ სიმახინჯეს.
ვიხსენებ შოპენჰაუერს, რომელმაც ფილოსოფოსთა შორის პირველმა ჩამოხსნა ინანას იდუმალი საბურველი და შექმნა უმშვენიერესი ტრაქტატი სიყვარულის შესახებ, რომელმაც მოუძებნა მეტაფიზიკური ახსნა სიყვარულსა და მის სისასტიკეს. ვარკას ნიღბის გაძარცვული თვალების ფოსოებიდან, რომელთაც წინათ თეთრი ნიჟარის ნამსხვრევები და ლაპის ლაზულის ქვები ამკობდა, ახლა შოპენჰაუერის შავი ღამე იმზირება და საკუთარ თავს იხსენებს.
იხსენებს ...
მისი არქაული მეხსიერება იმ უხსოვარ დროს სწვდება, რომელმაც შობა პირველი არქეტიპი... ინანა მოსწყდა დედის წყლიან მუცელს და შლამიან ნაპირზე დატოვა პირველი ნაფეხური. შიშველი ტერფი დამსხვრეულმა ნიჟარებმა დაუსერეს. გონებაში გაჩნდა ნაპრალი და მითოსური აზროვნება მიზანმიმართული აზროვნებისგან გამიჯნა. პირველმა ინსტინქტებმა სხეულში ძალუმი ფეთქვა დაიწყეს. ცნობიერი პირველად შეკრთა ქვეცნობიერის უსირცხვილო მზერის წინაშე და მის მიჩქმალვას შეეცადა. მერე დაფიქრდა და ისევ ჩამოიხსნა ნიღაბი. თვალი გაუსწორა სინამდვილეს. მოეჩვენა, რომ იპოვა სიცოცხლის საზრისი. მოუნდა ახალი აღმოჩენის „სხვისთვის“ გაზიარება. აღმოხდა ყვირილი, რომელმაც თანდათანობით შინაარსი და მნიშვნელობა შეიძინა. მაგრამ არა „სხვებისთვის“....
ინანას ახსოვს დრო, როცა ამაოდ უხმობდა ადამიანებს. მისი ძახილი არ სწვდებოდა ამ უცნაური მოდგმის სისხლისგან დაცლილ სხეულებს, ყრუ ექოდ ხმიანობდა ხალხმრავალ ტაძრებსა და მოედნებზე, სადაც ცხოვრება მდორედ და უსიყვარულოდ მიედინებოდა. ნამდვილი სიყვარული და გადალახვა უცხო იყო თიხისგან გამოძერწილი სხეულებისთვის, რომლებიც მრავლდებოდნენ და კვდებოდნენ მზისგან დაცლილ სარკოფაგებში, გზად კი მხოლოდ კიდურებიდან ნელ-ნელა ჩამოშლილ სილას და ქვიშას ტოვებდნენ. ერთფეროვნების მიღმა ყრუდ ისმოდა ჩახშობილი და გაუცნობიერებელი სურვილების ხმაური.
ყველა აუსრულებელი სურვილი თავს უმოკლესი გზით, სიზმარში იკმაყოფილებს. აქ ბრწყინვალე გონებისთვის არავითარი ბარიერი აღარ არსებობს. ურუქის მზითა და ცხელი მტვრით სავსე ქუჩებში ამაო ძახილით დაღლილმა ინანამ ძველი ტაძრის საფეხურებთან ჩაიმუხლა და სიზმრად იხილა მასა, მკვდარი მატერია, და მოინდომა მასაში ქარის შეხებით გაცოცხლებული ადამიანის დანახვა, გვარის გენიის კარნახით, ბუნებრივი გადარჩევისა და ევოლუციის ფენომენით გართობა. ინანა გაჩნდა მომავალი თაობებისთვის გადასაცემი ცეცხლის გადასარჩენად. მას უნდა მოეტანა ცეცხლი ადამიანებისთვის და ეპოვნა უხილავი გზა მის გასავრცელებლად.
სიყვარულის მისტერია უმაღლესი ფორმით სექსუალურ იმპულსში ვლინდება. პირველ იმპულსთან ერთად ჩნდება დაძაბულობა, რომელიც კულმინაციას და გადაწყვეტას სექსუალურ ან შემოქმედებით აქტში ეძებს. ეს დაძაბულობა ერთდროულად არის უმაღლესი ბედნიერებისა და ტანჯვის წყარო. სიყვარულთან ერთად ჩნდება და ძლიერდება საიდუმლო ცეცხლი, რომელიც მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ.
მოხეტიალე ცეცხლის სტიქია იწვის იდუმალი მუსიკის ფონზე. მის ჯადოსნურ პულსაციას მხოლოდ შეყვარებულები გრძნობენ. იგი მათ სისხლში გადადის და ცვლის მათ ახალგაზრდულ წარმოდგენებს სამყაროს შესახებ. ადამიანს, რომელმაც გაბედა და შესვა ამ ცეცხლოვანი სასმლის ემულსია, ძალა შესწევს დაისახოს ღმერთების შესაფერისი მიზანი, რაც სიცოცხლის მარადიული განახლების უნარში გამოიხატება. იგი თავად არის ღმერთი. დიონისეა, რომელმაც გადალახა სიკვდილი და ხელახლა დაიბადა ქორწინების საიდუმლო მისტერიაში. ოქროს ლაგვინიდან შესვა მათრობელა ღვინო და თქვა: „კიდევ დაასხით!“
რა იზიდავს ინანას? – მხოლოდ სიცოცხლე, სილამაზე და დღესასწაულები, ის ღვთაებრივი ცეცხლი და დაძაბულობა, რომელიც წარმოშობს შემოქმედებით სისავსეს. ადამიანის სული სწორედ ასეთ წამებში იბადებაო – იტყვის ხელოვანი. იბადება ნელა, მძიმედ, სრულიად მარტო, სველი და შიშველი, ფრთხილად შლის გამჭვირვალე ფრთებს და ეზიარება უმაღლესი ყოფის რეგისტრებს. ინანას მაგიური ცეცხლის მუსიკა ჟღერს ნაზად, იმედის მომცემად და საზეიმოდ „ვალკირიის“ ფინალურ სცენაში და მეორდება განსხვავებულ ტონალობაში „ღმერთების დაისში“, ვიდრე დიდი სიყვარულის ნახანძრალს რაინის ტალღები გადაფარავს. სიყვარულის დიდი მისტერია სწორედ იმაში ვლინდება, რომ მას, ყველა სხვა მოვლენებისგან განსხვავებით,