აისი (პროლოგი)
როგორც ერთი ბრძენი იტყოდა (არა ზუსტად არ მახსოვს ციტატა, თუმცა რაღაც აბდაუბდას კი ვიტყვი) რთულია იმ კაცს აუარო გვერდი, რომლის ბედიც შენს ცხოვრებაზეა გადაჯაჭვულიო. ერთი კაცისა და იმ კაცის ბედის ისტორია ხშირად არც არვის აინტერესებს ხოლმე და არც მიუძღვნიან მისას მქუხარე, ალერსითურთ სავსე ეპითეტებს, თუმცაღა რა საჭიროა ეგ. სულ რომ მიზანთროპი იყო, ამას მაინც არ ჩაიდენ და გვერდს არ აუვლი ქუჩაში გამოსულ ადამიანს, რომელსაც ღმერთმა თუ უწყის, რა წნეხ-გასაჭირი დააქვს უბით. გული შეგნებულად არ ვთვლი, მასში ჭირის ადგილი არ არის, ვინაიდან თუ ამ საძაგელს გამოუძებნი ადგილს, სითბოს ძალაუნებურად აღარ შეექმნება თავისი, კუთვნილი სივრცე, რომ თავი უკუნისამდე დაიმკვიდროს. ღამით, წყვდიად ღამით ქუჩაში გამოსულ კაცს კი რაღაც არ მგონია გულით სითბო დაჰქონდეს. ავსტრიელი კაციც ამაზე ფიქრობდა ხოლმე გამუდმებით, ამ ფანატიზმს იკვლევდა მისი გაწაფული გონება და მით უფრო ვერ უმკლავდებიდა ხოლმე მის წინ აღმართულ გოდოლისებურ ბარიერებს. ადამიანი რაც უფრო მეტს იგებს, მით უფრო უჭირს წინ წასვლა. ამ დროს ერთ ადგილზე გაჩერება ურჩევნიათ ალბათ და აღარ ფიქრობენ ხოლმე ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე არად შეედრება დღევანდელს. ხვალინდელი დღე უინტერესოა, რადგან დღევანდელმა აჩუქა ბედნიერება. ქუჩაში გამოსული კაცი მეკითხება:
- რას მერჩიან, როცა მხარს მკრავენ და მრიყავენ გზის პირამდე, ვითარცა მგელს გაგდებული ხროვიდან, ვითარცა თევზს გარიცხული ოჯახიდან, ვითარცა კეთროვან კაცს საზოგადოებიდან?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რა საკვირველია რთულია, თუმცაღა ყველა კითხვას მოეძებნება პასუხი და მტერს მოყვარე. ლექსის წერა მარტივია, თუმცა მისი ცნობიერების შეგრძნებაა რთული, მისი შთაგონება და მოზღვავების პროცესია რთული. აქაც მასეა. ფიქრით დაქანცული მე კიდევ უფრო დავფიქრდები და შევეცდები პასუხის გაცემას კითხვაზე, რომელიც იმაზე რთულია ვიდრე სიკვდილი...
I
ალბათ, საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც რომელიღაც ღვთისნიერმა მობილურზე დამირეკა. შესაძლოა იფიქროთ კიდეც, ეს რა აღსაღნიშნავი ფაქტია, ვისი მობილური არ აწკრიალებულა აუტანელი და ამასთან მყვირალა ხმითო, თუმცა მერწმუნეთ იმ საქმეს, რასაც მე ვადგავარ, მობილურის ზარის ხმა საერთოდ არ უკვირს და იშვიათ მოვლენად სულაც არ მიაჩნია. მითუმეტეს იმ დროს, როდესაც ესესაა თვალს მოხუჭავ, ორი დღის უძილო, გადაღლილი და კომპიუტერის ეკრანის მუდმივ ცქერაში მყოფი. მოკლედ, დიდი სიამოვნებაა ეს პროცესი. დარწმუნებული ვარ გაიფიქრებდით ამას, მთლად წესრიგში არ აქვს ნერვებიო და მართალიც იქნებით. ამ საუკუნეში ვისღა შერჩა ნერვები, თუმცა მე განსაკუთრებული ექსპონატი ვარ ამ კუთხით ისევე, როგორც ლუვრის მუზეუმში მყოფი "მონა ლიზა". რაღა გაეწყობოდა, თავს ძალა დავატანე, წამოვდექი საწოლიდან და სარკმლის მოპირდაპირედ მდგარ კარადასთან მივედი. სახელურს ხელი ჩავავლე, გამოვწიე და ერთი ტაბლეტი ამოვიღე დამამშვიდებელი წამლის შეკვრიდან. აკი გითხარით, რომ მთლად მწყობრში არ მქონდა ნერვები, იმდენადაც კი რომ წამლებს ვანდობდი საკუთარ ცხოვრებას. როგორ შეიძლება წამალს საკუთარი სიცოცხლე ანდო. ადამიანებს ვეღარ ანდობ სიცოცხლეს, მე კი ამ პატარა ტაბლეტს მშობელი დედასავით ვენდობი, რომლის ერთი ალერსიანი შემოხედვა ყოველ დაავადებას აქრობს სხეულიდან. სულ ვამბობდი, რომ დედები სუპერგმირები არიან, მათთან რა მოსატანია ქიმიური მედიკამენტი. ონკანი მოვუშვი, უკანასკნელი წამალი დავლიე და რატომღაც გადავწყვიტე, რომ ზარი, რომელიც ასე ნაცნობია ჩემთვის, მნიშვნელოვან ამბავს არშემატყობინებდა. ხოდა, კვლავ ძილს მივეცი საკუთარი გაბრუებული თავი. არაფერი დამსიზმრებია. სხვათაშორის არც წინა ძილის დროს. როგორც ჩანს, გონება იმდენად გადაღლილია, რომ სიზმრის შექმნის ენთუზიაზმიც კი ამოეწურა, ან ვერ ახერხებს. გაუჭირდა. სასხვათაშორისოდ ვერ დავიკვეხნებ, რომ ამ ბოლო დროს უამრავი სიზმარი ვნახე. აშკარად ბოროტი ლანდები მიფანტავენ კეთილ ანგელოზებს, რომლებსაც ამ ბოლო ხანობამდე, ჩემამდე ტკბილი სიზმრები მოჰქონდათ. ამასობაში კვლავ გაისმა მობილურის სანუკვარი წკარუნი. ერთ მომენტში გავიფიქრე, ავდგები და მოვისვრი უახლოესი სარკმლიდან მეთქი, თუმცა ეს მხოლოდ ფიქრი იყო. რეალობა ფიქრების უდიდესი მტერია. ეს სიტყვები მახსენდება მუდამ, როდესაც ჩავფიქრდები ხოლმე. წამოვდექი და მობილურისკენ გავეშურე. ოთახში შემოსასვლელი კარის მარცხენა მხარეს, საბჭოური გუგულიანი საათი ჰკიდია. ღმერთმა იცის, მერამდენე მესაკუთრეს უთვალთვალებდა იგი ღამ-ღამობით. თუ ბინის მესაკუთრეს დავუჯერებთ, საათი ოცდაათი წლის უნდა იყოს, ხოლო მისი დედა ამტკიცებს, რომ სამოცი წლის წინ აჩუქეს ახლობლებმა საკუთარ ქორწილში. საეჭვოა, რატომ ვერ თანხმდებოდნენ დედა-შვილი საათის რეალურ ასაკზე?ასეა თუ ისეა, ეს საათი, რომელმაც ჩემი ყურადღება აქ გადმოსვლის პირველივე წუთიდან მიიპყრო, ჩემზე დიდი, გამოცდილი და მრავლისმნახველი აღმოჩნდა. სულ ვცდილობ ხოლმე, როგორც უფროსს პატივი ვცე. კვირაში ერთხელ გადავუსმევ ხოლმე შესველებულ ნაჭერს. ისიც საპასუხოდ მცემს ხოლმე პატივს და ყოველ საათში ერთხელ განწირულად გაჰკივის. აშკარად ცუდ დღეში მაქვს ნერვები. საათი საკმაო ზომისაა. მის ქვემოთ მიმაგრებული რამდენიმე თარო, მას უფრო დიდად წარმოაჩენს. ვერა და ვერ ვხვდებოდი, რატომ მიამაგრა საათს დამმზადებელმა თაროები? აშკარად არ გამოირჩეოდა დიზაინერული უნარებით. განსაკუთრებული არაფერი გეგონოთ, უბრალო მოჩუქურთმებული საათია, რომლის ინტერიერში ვერც ლამაზად გაფორმებულ სამრეკლოს და ვერც ნათელ ანგელოზებს შეხვდებით. საათის თაროები ჩემთვის ყოველთვის უცნაურობას წარმოადგენდნენ. დღესაც კი არ ვიცი, რა არის მისი ძირითადი დანიშნულება. ალბათ რელევანტურია, რომ საათის თაროებს, ჩვეულებრივი თაროების დანიშნულება შევძინე. ზედა თაროს წიგნები ეკავა, ქვედაზე კი მობილურს, მაჯის საათს, საფულეს და ბინის გასაღებს ვათავსებ ხოლმე. და რახან სიტყვამ მოიტანა, ამჯერადაც მობილური, ის მობილური, რომლის ხმაც ასე მძაგს, ამჯერადაც, ამ საათის ქვედა რაფაზე დამედო. ნუთუ მართლა ასეთი რთულია მოვკიდო ხელი და ვიფრიალო სარკმლიდან? გავხსენი მობილური და ვხედავ ჩემი მეგობრის, აკაკის შემოსულ ზარებს. ალბათ წვეულებაზეა წასული და ირგვლივ მეგობრები შემოაკლდა. აკაკის კარგად ვიცნობ. ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, თუმცა უფრო საბედნიეროდ, ვიდრე სამწუხაროდ, მისგან არ დადგა კარგი კორესპოდენტი ან ოპერატორი. წარმომიდგენია რა დღეში ჩააგდებდა თავის ალტერნატიულ თანამშრომლებს. - დღეს მაგარი წვეულება იმართება ქალაქის ცენტრში, აუცილებლად უნდა წავიდეთ. - უმაგრესი ბენდი ჩამოდის უცხოეთიდან, ყველამ გამონახეთ თავისუფალი დრო და უსიკვდილოდ დავეშვათ. - დღეს არ ვსვავთ? ეს არის აკაკის ჩვეული სახე. "ცხოვრება გართობაა", ხშირად მოისმენთ მისგან. მან ეს სიტყვები აშკარად პირდაპირ მიიღო. ჩვეული ხელობის ადამიანი, ნეტავ რატომ გადაუხვევდა თავის ჩვეულ გზას? და ნეტავ სხვა მიზეზი რატომ უნდა არსებობდეს, რის გამოც მას გავახსენდებოდი? არვიცი. კვლავ წამოვწექი საწოლზე, ოღონდ ამჯერად ტელეფონი შარვლის მარჯვენა უბეში ჩავიდე. ვერ დავიძინე. უამრავ რამეზე დავიწყე ფიქრი. ზოგადად ეს სენი მჭირს, თუ ვფიქრობ ვერ ვიძინებ, აზრები მიშლიან ხოლმე ხელს. ამჯერადაც ეს უკუღმართობა დამემართა. ნახევარი საათის განმავლობაში, მედგრად ვებრძოდი გონების ტრიალ მინდორზე მიმოფანრულ, ბოროტმოქმედ აზრებს. გმირულად ბრძოლა დამიფასდა და როგორც იქნა, სანუკვარ ბურანში გაეხვია ჩემი ცნობიერება.