შენიშვნა მწერალმა გააცოცხლა ეს სასიამოვნო მოგონებები, რომლებიც უკავშირდება კალიფორნიის ქალაქ ფრესნოს სამყაროს, 1915-დან 1925 წლამდე (ესე იგი იმ დროიდან, როცა იგი შვიდი წლის იყო და სამყაროში განსაკუთრებულ პიროვნებად დაიწყო ჩამოყალიბება, იმ დრომდე, როცა ჩვიდმეტი წელი შეუსრულდა და მშობლიური ხეობა დატოვა დანარჩენი სამყაროს აღმოჩენის მიზნით), და მის ოჯახის წევრებს, იმხანად მის ყველაზე ახლობელ ადამიანებს ქვეყანაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მოგონებები უკავშირდება პატარა უსახურ ქალაქს, რომელიც მოიცავს დასურათხატებული ამბების გმირებს, და ამაყ საროიანებს, რომლებიც შეიცავენ მთელ სამყაროს. ამ წიგნის არც ერთი პერსონაჟი არ წარმოადგენს ცოცხალი თუ გარდაცვლილი რეალური პიროვნების პორტრეტს, მაგრამ არც ერთი პერსონაჟი არ არის წმინდა წყლის ფანტაზიის ნაყოფი. ვერც ერთი ჩემი ნათესავი ვერ ამოიცნობს თავის თავს ამ წიგნის პერსონაჟებში, მაგრამ ამავე დროს, ვერც ერთი ვერ იტყვის, რომ წიგნის რომელიმე პერსონაჟი მისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. თუკი ეს ასეა საროიანების შემთხვევაში, მაშინ იგი ასეა ყველასთვისაც, ეს კი, მწერლის აზრით, სამართლიანია.
რაც შეეხება კალიფორნიის ქალაქ ფრესნოს სამყაროს, თუ იგი ნაწილობრივ გაქრა, ასევე ნაწილობრივ გაქრა ავტორის ახალგაზრდული ლტოლვაც მის მიმართ. ეს ქალაქი იყო, და ალბათ ახლაც არის, ისეთივე მშვენიერი, როგორიც ნებისმიერი სხვა ქალაქი მსოფლიოში, იმ დროისთვის, როცა მწერალი იქ დაიბადა. არც ძალიან დიდი იყო და არც ძალიან პატარა, არც ძალიან ურბანული, არც ძალიან სოფლური, არც ძალიან პროგრესული, არც ძალიან ჩამორჩენილი, არც ძალიან ათლეტური, არც ძალიან კოჭლი, არც ძალიან ჭკვიანი, არც ძალიან სულელი, არც ძალიან ხრიოკი, არც ძალიან აყვავებული, მაგრამ ამ ყველაფერში, ისე როგორც სხვა რამეებში და კიდევ ისეთ რამეებში, რაც სხვაგან არც იცოდნენ რა იყო, იგი ინარჩუნებდა დელიკატურ, ლამაზ, სასიამოვნო წონასწორობას და ამის გამო დამწყები მწერლის გულსა და გონებაშიც სწორ პროპორციებად ჩამოაყალიბა სიმკაცრე და სითბო, სიმტკიცე და გულჩვილობა, კრიტიკული აზროვნება და თანაგრძნობის უნარი, და უბიძგა მას, შეექმნა იმდენად უხვი მასალა, ბუნებრივად სავსე კომიკური ელემენტებით, რომ მათ გადარჩევა და ქრონოლოგიურად დალაგება დიდ შრომას არ მოითხოვდა. აქედან გამომდინარე, ამ წიგნის, ისე როგორც მისი სხვა წიგნების დაწერისას, მწერალს არ დასჭირვებია ძალისხმევა, დაძაბულობა ან რამე სხვა ტიპის წვალება, იმის მსგავსი, რასაც გვერდს ვერ უვლიან სხვა მწერლები, რომელთაც მასავით ან უფრო მეტადაც სურთ, როგორც იტყვიან, საუკუნეებს გადასცენ თავიანთი სათქმელი. პირიქით, მწერალი უბრალოდ წერდა სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობაც საამოდ ეფინებოდა მის სულსა და გულს.
მართალი გითხრათ, მწერალი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ წერდა, მკითხველი უფრო გამოდიოდა, ვიდრე ავტორი, და ისევე არ იცოდა, როგორ განვითარდებოდა ისტორია, როგორც თქვენ. მწერალი არ მიეკუთვნება არც ერთ წერის სკოლას და არ მიაჩნია, რომ მისი წერის სტილით შეძლებს სათქმელი საუკუნეებს გადასცეს. მაგრამ ამავე დროს, უფრო ნაკლებად ამბიციური მიზნისთვის, მის მეთოდს წუნს ვერ დაუდებს, ან შეიძლება მხოლოდ ერთი ნაკლი მოუძებნოს - ის, რომ ავტორის კვალიფიკაცია შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს ამერიკის მწერალთა ლიგის (The Authors’ League of America, Inc.) წევრობისთვის.
მწერალი მადლობას უხდის ორ ამერიკელ რედაქტორს, რომლებმაც იგი დაარწმუნეს, შესდგომოდა მუშაობას და დაეწერა ეს წიგნი: ბ-ნ ედვარდ უიკსს, ჟურნალის „The Atlantic Monthly“ რედაქტორს, და ედვარდ ჯ. ო’ბრაიენს, ჟურნალების „The Best Short Stories“ და „The Yearbook of the American Short Story“ რედაქტორს. ბ-ნმა უიკსმა თავისი წინადადების განხორციელება მწერლისთვის ყველაზე სასიამოვნო გზით დაიწყო: მწერლის ერთი მოთხრობა გამოაქვეყნა ჟურნალში „The Atlantic Monthly“. ცოტა ხანში, მეორე, მერე კიდევ და კიდევ. საბოლოო ჯამში, ჟურნალში „The Atlantic Monthly“ მწერლის ექვსი თუ შვიდი მოთხრობა გამოქვეყნდა. ბ-ნმა ო’ბრაიენნმა უბრალოდ უთხრა: „უფრო მეტი დაწერეთ სომხებზე“, რაზეც მწერალმა, თუ მეხსიერება არ ღალატობს, უპასუხა: „დიახ, სერ“.
რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო, ეს წიგნი გვიყვება ამერიკელი ბიჭის, არამ გაროღლანიანის, სათავგადასავლო ამბებს. არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ წიგნს რაიმე სიუჟეტი გააჩნია, და პატიოსნად გაფრთხილებთ, რომ შიგ არაჩვეულებრივს ვერაფერს წააწყდებით.
ბიჭის გვარი ასე წარმოითქმის: გარ, პაუზა, ოღლან, უფრო მცირე პაუზა, იან. ესაა სომხური გვარი და იგი შედგება ორი თურქული სიტყვისგან, გარ - ნიშნავს ბნელს ან, შესაძლებელია, შავს, და ოღლან - უცდომლად და ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე, ნიშნავს ვაჟს; იან - ნიშნავს წარმომავლობით ამ საგვარეულოს კუთვნილს. მოკლედ, გაროღლანიანი არამი ნიშნავს ბნელი ან შავი ვაჟების არამს. ეს წელს ალბათ არავისთვის არის დიდად მნიშვნელოვანი, მაგრამ მომავალში კი სავსებით შესაძლებელია, რომ მან