წინათქმა „კაცთ უბედობა, თუმცა სატირე, –
გარნა რად განსაკვირე, –
ამა სოფლისა დიდი და მცირე
არს ცვალებისა მზირე“.
წერდა ალექსანდრე ჭავჭავაძე ლექსში „ვისაც გსურთ“ და უილიამ შექსპირს შეეხმიანებოდა, შეეხმიანებოდა ედგარის სიტყვებს „მეფე ლირში“: „ცვლილება არის სამწუხარო ბედნიერთათვის, / ბედკრულნი კი მას სიხარულით მიეგებიან“ (მთარგმ. ილია და მაჩაბელი).
ცვლილება ყველას სურსო, ამბობს ალექსანდრე ჭავჭავაძე, თუმცა მანამდე „კაცთ უბედობას“ ახსენებს და ამით თან ადასტურებს, თანაც ეკამათება იმას, რაც სამი საუკუნით ადრე შექსპირს უთქვამს, რომ ცვლილებები უიღბლო და უბედურ ადამიანებს სურთ; შექსპირს ბედნიერებიც ეგულება ამქვეყნად და იცის, რომ ცვლილება მათთვის სამწუხარო იქნება. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსში კი, ამა სოფელში, ყველას „ცვალება“ სურს და, ამრიგად, ყველა უბედურია.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებში ხშირია ბედის სამდურავი და გულგატეხილობა, მაგრამ ვერ ვიტყვით, იმედის ნიშან-წყალი არ გაიჭიატებსო.
ასეა ყველა ქართველი რომანტიკოსის შემოქმედებაში. ისინი აწმყოს ემდურიან და წარსულს მისტირიან, მისტირიან იმ დროს, როცა მათი სამშობლო დამოუკიდებელი იყო და საკუთარი მეფე ჰყავდათ.
სხვა ლექსში („იგივე მარად“) ალექსანდრე ჭავჭავაძე წერს:
„მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!“
ამ ლექსში წარსულის მონატრებაზეცაა საუბარი, დროის წარმავალობაზეც, მოყვასისაგან მოშორებაზეც, ბედის სამდურავიცაა და მარადიული ერთგულების ფიციც.
პოეტი „იგივე“ იმიტომ კი არაა, რომ ბედნიერია, ანუ მდიდარი და წარმატებული, არამედ იმიტომ, რომ ერთგულია ერთისა და მას არასოდეს უღალატებს.
რაც უნდა ამოვიკითხოთ ქვეტექსტში, სამშობლოსი თუ სატრფოს სიყვარული და ერთგულება, ერთი რამ ცხადია, – რეალურ ცხოვრებაში ძლიერი, მდიდარი და ბედნიერი პოეტის მიერ შეთხზული ლექსის, მოყვასს მოშორებული, ბედისაგან დასჯილი და მიტოვებული, პყრობილი ლირიკული გმირი არ სდევს ჟამთა ცვლას და იგივეა „მარად და მარად!“
ასეთია ალექსანდრე ჭავჭავაძის მსოფლმხედველობა.
ეს არ გახლავთ მისი პოლიტიკური პლატფორმა თუ დოქტრინა, არამედ, წმინდა წყლის კონსერვატიული განწყობილებაა.
...
ამ წიგნში წარმოდგენილი წერილები კონსერვატორ პოლიტიკოსებსა და კონსერვატიულად განწყობილ მწერლებსა და მოაზროვნეებზეა.
ორიოდე წერილი ქართულ ლიტერატურასა და მხატვრობას შეეხება.