ჰელსინკი 2016
შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო, მისი სახე მაშინვე რომ მეცნო და დროულად გავცლოდი იქაურობას. მაგრამ ჭკუა არ ვიხმარე; არც შემიხედავს უცხო ქალისთვის, რაღაც ავადმყოფური სიზანტით რომ ჩამოჯდა იმავე სკამის შორეულ კიდეზე, რომელზეც მე ვიჯექი. ხმაურით მოვყევი გადაშლილი წიგნის ფურცვლას, კალთაში რომ მედო, რათა მიმხვდარიყო, პარკში კომპანიის საძებრად არ ვიყავი მოსული, და ჩემთან საუბარი არ გაება.
წიგნი ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე, რომელიც პარკიდან და მის შიგნით შემოღობილი, ძაღლების სასეირნო მოედნიდან ორიოდ ნაბიჯში მდებარეობდა. წიგნებით სავსე ჩანთა ბუნებრიობას სძენდა ჩემს იქ ჯდომას. და თუ ვინმე ცნობისმოყვარეობას გამოიჩენდა, ვუპასუხებდი, რომ ცხოველები მიყვარდა; რომ სიამოვნებით ვუყურებდი ძაღლების თამაშს, უბრალოდ, ალერგიულობის გამო შინაური ცხოველის აყვანა არ შემეძლო. არ გამომპარვია, რომ ძაღლი არც გვერდით ჩამომჯდარ ქალს ჰყავდა. თუმცა მთელი ყურადღება მაინც პარკის მიმდებარე გზისკენ მქონდა მიპყრობილი. მალვით მაჯის საათზე დავიხედე, თუმცა ისედაც ვიცოდი, რომ არ დამიგვიანია. ეჭვი გამიჩნდა, ტყუილად ხომ არ მოვედი-მეთქი.
ქალმა ფეხები წინ გაჭიმა და გაიზმორა, სწორედ ისე, როგორც ხალხს სჩვევია, როცა საუბრის წამოსაწყებად ემზადებიან: მთქნარება, პალტოს გასწორება, ხელების ჟესტიკულაცია - ყოველივე ეს ამინდთან დაკავშირებულ ან რამე სხვა უმნიშვნელო კომენტარის წამოწყებას ემსახურება. თუმცა ქალს ხმა არ ამოუღია. არც წიგნის და არც იმდღევანდელი ტემპერატურის შესახებ.
სკამის მეორე ბოლოში გადავჩოჩდი და კიდევ უფრო მოვშორდი ჩემი სიმშვიდის დამრღვევს. ბოლო დროს პარკის მოცლილ მოსეირნეებს სხვა თვალით ვუყურებდი. აუჩქარებლად მოძრავ პენსიონერებსა და უმუშევრებს გარეთ გასვლის საბაბი სჭირდებათ. შეიძლება, ერთ დღეს მეც ასე ვიბოდიალო პარკებში, ყოველგვარი საბაბის გარეშე, როცა ჩემს ცხოვრებას კალენდარი აღარ ექნება. მეც მინდა მეზობლების გასაგონად ბინის კარის მიჯახუნება, იმის ნიშნად, რომ საქმეები და მოსანახულებელი მეგობრები არც მე მაკლია. მერე კი აქ მოვალ, რათა ხალხში გავერიო და მათი ცხოვრების დაკვირვებით მაინც მივიღო მონაწილეობა დედამიწის ბრუნვაში.
ძაღლის პარკს მოახლოებულმა თეთრმა ჯუჯა შნაუცერმა მოსეირნეთა ალერსიანი მზერა მიიპყრო. ჩემი სკამის მეზობელი გამოცოცხლდა და ცოტათი წინ წაიხარა. ვიფიქრე, რომ ახლა მაინც გაბედავდა ხმის ამოღებას ან ორიგინალურად გაკრეჭილ შნაუცერზე, ან მის სამაგალითო ქცევაზე. თუმცა ქალი დუმილს განაგრძობდა.