შიო ხანდახან ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივადაა. ზარის ხმა მესმის. ბნელ ოთახში ვგდივარ, მუსიკას ვუსმენ და, როგორც ყოველთვის, სისულელეებზე ვფიქრობ. მაგალითად, მოასწრებს თუ არა ობობა, რომელიც წუთის წინ დავინახე ოთახის კუთხეში, ჩემს ფეხებზე გადარბენას ისე, რომ ვერ დავიჭირო? საერთოდ, რა სიჩქარით მოძრაობს ობობა? არა მგონია, ხოჭოზე უფრო სწრაფი იყოს.
– შიო, ადექი და კარი გააღე, – მეძახის დედაჩემი. ოთახში არ შემოუხედავს, მაგრამ არც სჭირდება, ისედაც იცის, რომ ვწევარ. – ნუ გეზარება, – მომადევნა შემდეგი ბრძანება. – იმასაც ხვდება, რომ ადგომა საშინლად მეზარება. გასაკვირიც არაფერია, როცა სახლში ვარ, ოთახიდან თითქმის არ გავდივარ, ვწევარ და ყველაფერი მეზარება. თანაც, ვაითუ კართან რომელიმე ნაცნობი ან ნათესავი დამხვდეს, შემთხვევით სახლში შემოეხეტოს და როგორც ამას „ოჯახური კოდექსი“ მოითხოვს, მასთან გასაუბრებაც მომიწიოს.
– შიო, – ისმის ისევ. მაინც არ მომასვენებს, მიზანში თუ ამომიღო, ასჯერ გაიმეორებს, არასოდეს დაიღლება. უნდა, რომ მისი მეგობრების შვილებივით სამაგალითო და კეთილსახიანი ბიჭი ვიყო, რომელსაც მაისური დღის ბოლოსაც თეთრი აქვს, საზოგადოებაში არასდროს ახველებს და შესაბამისად, არც იხრჩობა, როგორც მე მომივიდა რამდენიმე დღის წინ მისსავე დაბადების დღეზე, როცა იმდენი ლიმონათი დავლიე, რომ ბოლოს გადამცდა და გავლურჯდი. პირველად კი არ მომსვლია, ხან რა მახრჩობს და ხან – რა. შეიძლება, ლაპარაკის დროს გადამცდეს ნერწყვი და ერთი საათი ვახველო, განსაკუთრებით თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც, მაგალითად, დედაჩემის დაბადების დღეა. მოკლედ, თავიდან ყველა თავს მეხვია, წყალს მასხამდნენ, მასმევდნენ და ზურგზე მიბრახუნებდნენ. მე კი ვხაოდი, ვხროტინებდი და ნორმალურად ამოსუნთვის იმედით ოთახში აქეთ-იქით დავრბოდი. მერე უკან მომდევდნენ. რომ შემძლებოდა, საკუთარ თავს შორიდან შევხედავდი და სიცილით გავიგუდებოდი. როგორც კი ჩემი ფილტვები ჰაერით გაივსო და მაყურებლებიც დამშვიდდნენ, პირველი, რაც დავინახე, დედაჩემის შეშინებული, მაგრამ ამავდროულად გაქვავებული სახე და საყვედურით სავსე მზერა იყო. არ ვამტყუნებ, იცის, რომ ლიმონათს ვერ ვიტან და მთელი საღამო ძალით ვიჭყიპებოდი, საკუთარი თავის თუ მის ჯიბრზე. რა მეკეთებინა, სტუმრებთან ისეთი აუტანელი სიტუაცია იყო, თავი როგორმე უნდა გამერთო.
– შიო, სახლში ყოფილხარ! – ხომ ვთქვი, ნაცნობი იქნება-მეთქი. კართან დედაჩემის ბიძაშვილი თინა დგას და ვითომ აღფრთოვანებული მიყურებს. როცა თინა მოდის, ანუ ყოველ შაბათ საღამოს, თითქმის სულ სახლში ვარ, მაგრამ თინა ყველა მოსვლისას გაოცებული რჩება.
– როგორ გაზრდილხარ! დედაშენი სასუქს გიყრის? – თინასთვის შაბათიდან შაბათამდე სასწაული ხდება, ყოველთვის გაზრდილი ვხვდები. მისთვის თოთხმეტი წლის ბიჭი კი არა, ერთი სასუქმიყრილი ხე ვარ, რომლის მორწყვაც დედაჩემს არასდროს ავიწყდება. ოღონდ ჩემგან კარგი ხე მაინც არ გამოდის.
სულ ესაა ჩვენი დიალოგი, უფრო სწორად, მონოლოგი. მე, როგორც წესი, ჩუმად ვარ. ამის შემდეგ თინა პირდაპირ სამზარეულოსკენ წავა და მალე ჩემს არსებობას დაივიწყებს.
– თინა, როგორ გამახარე! – გამოდის ხელგაშლილი დედა და თინას ეხვევა. ასე უხაროდა წინა შაბათსაც, იმის წინაც და წინის წინაც. საერთოდაც, დედაჩემს ყველა და ყველაფერი ახარებს – მეგობრები, ნათესავები, ახლობლები, ნაცნობები და უცნობები, ნარცისების სუნი, მეზობლის მორთმეული ყურძენი, წლების უნახავი კლასელის ზარი, ქუჩაში შემთხვევითი შეხვედრები, თანამშრომლის ნაჩუქარი კაბა და საახალწლოდ ბანკის გამოგზავნილი ლოგოიანი ბლოკნოტიც კი. ერთადერთი, ვისაც თუ რასაც დედას გახარება არ შეუძლია, მე ვარ. სიმართლე რომ ითქვას, არც ვცდილობ, რაიმე შევცვალო. ჩემგან ბევრს არაფერს ითხოვს იმიტომ, რომ ბევრს არც არაფერს მოელის.
– შიოს ვეუბნებოდი, გაზრდილხარ-მეთქი, შენც კი გაგასწრო.
– დიდი ხანია დამყურებს, – დედას სახიდან გულწრფელი ღიმილი ქრება და შუბლის ნაოჭი უღრმავდება. ყოველთვის ასე ემართება, როცა ჩემზე ლაპარაკობს. ვცდილობ, გამოვიცნო, რას იტყოდნენ კიდევ, ალვის ხესავით აქ რომ არ ვიყო ამოსული:
„დედა: გარეგნობამ არ მოგატყუოს!
თინა: აშოლტილი ბიჭია!
დედა: ეს მხოლოდ სიმაღლეა.
თინა: ზრდილობიანი და თავშეკავებულია.
დედა: უბრალოდ ჩუმადაა.
თინა: ქუჩა-ქუჩა არ დაწანწალებს და ტყე-ღრეში საძებარი არ გყავს.
დედა: ალბათ, იმიტომ, რომ ბევრი მეგობარი არასდროს ჰყოლია.
თინა: არ ჩხუბობს და სკანდალს არ გიწყობს.
დედა: სამაგიეროდ შეუძლია, მთელი კვირა არ დაილაპარაკოს.
თინა: მასზე ცუდი არასდროს გამიგონია.
დედა: და კარგი?“
აქ დამთავრდება საქონლის შეფასება, რომელიც არც ახალია, მაგრამ არც ძველი, არც გემრიელია, მაგრამ არც გაფუჭებული, შესაძლოა არავინ იყიდოს, მაგრამ გადაგდებაც დაგენანება.
დიდი ხანია შევამჩნიე, რომ ცხოვრებაში ყველგან შეფასებები, კომენტარები და მოსაზრებები მხვდება. თუ გიცნობენ, სულ შენზე ლაპარაკობენ, თუ არ გიცნობენ, მაინც შენზე ლაპარაკობენ.