I
- გვირაბის ბოლოს სინათლე არის?
- შენ როგორ გგონია?
- არ ვიცი... არ ვიცი...
- გვირაბამდე არის სინათლე?
- იქნებ არის... ან არც არის.
- მაშინ მოძებნე.
- მოვძებნო?
- უნდა დაინახო.
- როგორ?
- შენით უნდა მოახერხო, უნდა შეიცნო.
- კარგი... და მაინც, არის სინათლე გვირაბის ბოლოს?
- ჯერ გვირაბამდე იპოვე იგი!..
***
ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ადამიანი სეირნობდა. ნელა მოაბიჯებდა ლურჯი პლანეტის ქუჩაზე და სევდიანი ღიმილით უმზერდა ცაზე მოფენილ მნათობებს. მას ლოტი ერქვა. ლოტი 22 წლის ბიჭი იყო - მაღალი, ზომიერად გამხდარი, შეუჭრელი შავი თმით, ღია თაფლისფერი თვალებითა და პატარა, სწორი ცხვირით. მისი ბუნებრივად მსხვილი ტუჩების ზემოთ პაწაწინა შავი ხალი მოკალათებულიყო, რაც ბიჭის ღიმილს განსხვავებულ ხიბლს სძენდა.
ზაფხულის დაწყებიდან მხოლოდ ერთი თვე გასულიყო. გარეთ სასიამოვნო ჰაერი ტრიალებდა, სიცოცხლე ჩქეფდა, ბუნება ხარობდა. აქა-იქ ადამიანების ჟრიამულიც ისმოდა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ხელიხელჩაკიდებულნი დადიოდნენ, ერთმანეთს უცინოდნენ, კისკისებდნენ, ხუმრობდნენ და თვალებს ალიცლიცებდნენ.
ლოტი თავის სადარბაზოს მიუახლოვდა. სახლში ასვლა სულაც არ ეჩქარებოდა, ამიტომაც მეორე მხარეს, მყუდროდ მოწყობილ მოსასვენებელზე ჩამოჯდა. უცნაურად მოეჩვენა, რომ იქ არავინ იყო. იქაურობა ხშირად ივსებოდა მოქეიფე თუ მოთამაშე ხალხით. ახლა კი ლოტის შეეძლო, მარტო დამჯდარიყო და მსუბუქი სევდით დამტკბარიყო.
იგი ცხრასართულიან კორპუსში, მეხუთე სართულზე ცხოვრობდა. ოროთახიანი ბინა ჰქონდა, საკმაოდ კარგად მოწყობილი, ლამაზად გარემონტებული და მოვლილი. ლოტის არ შეეძლო სიბინძურისა და არეულობის ატანა. მოწესრიგებული ბიჭი იყო, რაც მის საცხოვრებელსაც მშვენივრად ეტყობოდა.
დასევდიანებული ლოტის ფეხებთან პატარა ლეკვი მიცუცქდა. ბიჭმა მანამდე ვერ იგრძნო ცხოველის მოახლოება, სანამ ლეკვმა არ დაიწკმუტუნა. მაშინ კი დაიხედა ძირს და საწყალ, გასაცოდავებულ ლეკვს ფეხით მოეალერსა. ლეკვს ესიამოვნა, თვალი დახუჭა და გაინაბა. ბიჭს გაეღიმა. ტერფს ნაზად ამოძრავებდა და ცხოველს თვალს არ სწყვეტდა. ის-ის იყო თვალებში ცრემლი ჩაუდგა, რომ ლეკვი აცქმუტდა, მადლიერი სახით მიაჩერდა და სწრაფად გაიქცა. სანამ თვალს მიეფარებოდა, ერთხელ შემოტრიალდა და ლოტის მოეჩვენა, რომ ჰაერში შეხტა, ალბათ მადლობის ნიშნად, შემდეგ კი გაქრა. ამ ხანმოკლე ურთიერთობით ყმაწვილი ფრიად ნასიამოვნები დარჩა. მისი სევდა კიდევ უფრო გათბა.
ლოტი დაახლოებით ერთი საათის მანძილზე იჯდა, მუხლებზე ხელებდაკრეფილი, და ფიქრობდა. სევდით სრულყოფილად ტკბობაში ერთი რამ უშლიდა ხელს - ეს თავის ტკივილი იყო. თავი სტკიოდა, რაც მის ჰარმონიულ წუხილს სიძლიერეს აკლებდა. ლოტიმ თვალები დახუჭა... უცებ მის თვალწინ სინათლემ გაიელვა. ლოტი ოდნავ წინ წაიხარა და კორპუსს აღაპყრო მზერა. მოეჩვენა, რომ ეს შუქი მეცხრე სართულის ბინიდან მოდიოდა, რაც ძალიან უცნაური იყო, რადგან იცოდა, იქ არავინ ცხოვრობდა. რამდენიმე წამით თავი დახარა, შემდეგ კვლავ მაღლა აიხედა და მეცხრე სართულის ფანჯრებს დააკვირდა. არანაირი შუქი, ბნელოდა. ეს არ ესიამოვნა, სევდის სიტკბოც გაუქრა და გადაწყვიტა, სახლში ასულიყო.
შინ რომ მივიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა, თხელი შორტი ამოიცვა, უმკლავო მაისური გადაიცვა და ტახტზე მოკალათდა. თავი ისევ სტკიოდა, მაგრამ ცდილობდა, ყურადღება ნაკლებად მიექცია. ტელევიზორი ჩართო, პროგრამა შეამოწმა, სასურველ არხზე გადართო და დაელოდა. ღამის ორ საათამდე ტელევიზორს უყურებდა, შემდეგ კი დაწვა. იმიტომ არა - რომ ეძინებოდა, უბრალოდ თავის ტკივილმა ზედმეტად შეაწუხა და ფხიზლად ყოფნის სურვილი დაუკარგა. სანამ დაწვებოდა, ტკივილგამაყუჩებელი დალია და, მალე ჩაძინების იმედით, დიდ, თხელ პირსახოცში „გაეხვია“.
ლოტის მოლოდინები არ გამართლდა. კარგა ხანს იყო ფხიზლად. გონებაში სხვადასხვა სურათები ესახებოდა, განსხვავებული ფრაგმენტები უტრიალებდა. გადაწყვიტა, წარსულის რომელიმე სასიამოვნო მოგონება გაეხსენებინა და მასზე ეფიქრა. ზღვა, სანაპირო და ხალხით გადაჭედილი ბულვარი წარმოუდგა თვალწინ. მაშინ ბევრი რამ მოხდა. კარგად გაერთო და იხალისა. ერთი კვირის მანძილზე იმაზე მეტი გასახსენებელი დაუგროვდა, ვიდრე დანარჩენი 358 დღის განმავლობაში. თავის ტკივილმა უკლო. მალევე ზღვა - მდინარემ, სანაპირო კი ნახევრად შიშველმა გოგოებმა ჩაანაცვლეს. ხუთი საათი იყო დაწყებული, როცა ლოტის ჩაეძინა.
II
ბიჭი კარის ზარის ხმამ გააღვიძა. გაუკვირდა, რადგან არც არავის ელოდა და თან ფიქრობდა, საკმაოდ ადრე იყო იმისთვის, რომ რომელიმე მეზობელს გახსენებოდა. ლოტი არ გარყეულა, თვალებდახუჭული იცდიდა იმ იმედით, რომ ხმა აღარ განმეორდებოდა და ადგომა აღარ მოუწევდა. აბა უზრდელობაში ვინ ჩამოართმევდა, მაშინ როცა სრულიად მოსალოდნელი იყო, ამ დილაადრიან ბიჭი ჯერ კიდევ ლოგინში ყოფილიყო. ზარის ხმა კვლავ გაისმა, ლოტის არ ესიამოვნა. სხვა გზა აღარ დარჩა, ნელ-ნელა გაჭიმა სხეული, თვალები მუჭებით მოიფშვნიტა და ლოგინზე წამოჯდა. ამას დაახლოებით ერთი წუთი მოანდომა. ზარი დადუმდა. ბიჭი გაშეშდა, ისევ იგივე იმედით, და სმენად იქცა. სიჩუმე იყო. ზარს აღარ დაურეკავს. ლოტის გაუხარდა და ხელებგაშლილი დაეშვა საწოლზე. თვალები დახუჭა, ცოტა ხნით დაიცადა, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდა. ძილს ვეღარ იბრუნებდა. ისიც შენიშნა, მზის სხივები ძლიერად რომ აწვებოდა ოთახის ფანჯრებზე ჩამოფარებულ ფარდებს. წამოდგა. არც ჩაუცვამს, არც ლოგინი დაულაგებია, საცვლის ამარა დაეყუდა სარკიანი კარადის წინ და საკუთარ ანარეკლს მიაჩერდა. იმწამს გააანალიზა, რომ თავი აღარ სტკიოდა. ესიამოვნა. უცქერდა თავის ნავარჯიშევ სხეულს და რაღაც უკმაყოფილების გრძნობა არ ასვენებდა. პრესის მეტად გამოკვეთაზე ნამდვილად არ იტყოდა უარს, მაგრამ ახლა ამაზე არ ფიქრობდა. ხელით შეისწორა აბურდული თმები და ოთახიდან ოთახში გატანტალდა. ტელეფონს ეძებდა. სავარძელზე ნახა, ხელი ჩაავლო და საძინებელში დაბრუნდა. ლოგინზე ჩამოჯდა და გამოტოვებული ზარებისა და შეტყობინებების შემოწმებას შეუდგა. რაც სურდა, იმას ვერ წააწყდა. ტელეფონი დროებით გვერდზე გადადო და სანამ ეკრანი ჩაქრებოდა, შენიშნა, უკვე შუადღის პირველი საათი გამხდარიყო. მაშინვე ზარის ხმა გაახსენდა და შერცხვა, ვინ იცის, ვის არ გავუღე კარი და რას იფიქრებსო. სწრაფად ჩაიცვა, ლოგინი ლამაზად მიალაგა, ტელეფონს ხელი დაავლო და სააბაზანოსკენ გაემართა.
ნახევარი საათის შემდეგ უკვე საუზმობდა (მისთვის საუზმე იყო). შემდეგი ნახევარი საათი, თუ მეტი არა, გამოტოვებულ ზარებსა და შეტყობინებებზე რეაგირებას დაუთმო. სამი საათისკენ კი გაუელვა აზრმა, რომ საცურაო აუზზე წასულიყო და გაგრილებულიყო. ისე გამოეწყო, თითქოს ზღვაზე მიდიოდა. ორი წუთი მაინც იფიქრა იმაზე, წაეღო თუ არა ტელეფონი და საბოლოოდ მისი სახლში დატოვება გადაწყვიტა. გაზი შეამოწმა, შუქი ჩააქრო და სახლიდან გავიდა. ძირს არ დაუხედავს და ამიტომაც, ფეხი რაღაცას წამოსდო. პატარა ყუთი შერჩა ხელთ. სასაჩუქრე ყუთს მიამსგავსა, მაგრამ თავიდან მაინც შეეშინდა. სწრაფად ვერ გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო, აეღო თუ არა. უცებ კი ზარის ხმა კვლავ გაახსენდა და იფიქრა, ალბათ ვიღაცამ დამიტოვაო. ყუთი აიღო, სახლში შევიდა და პირველსავე მოსახერხებელ ადგილზე მოათავსა. ნაბიჯი გადმოდგა კარისკენ და მყისვე შეჩერდა, მიბრუნდა, ყუთი გახსნა. ჩვეულებრივი ნათურა შერჩა ხელთ. ერთხანს წარბშეკრულმა ათამაშა ხელიდან ხელში, შემდეგ კი ისევ იქ დააბრუნა, სადაც თავდაპირველად დადო, და სახლიდან გავიდა. სანამ მოახერხებდა და ტაქსის გააჩერებდა, ცდილობდა, საკუთარი თავისთვის აეხსნა, ვის ან რატომ უნდა მიეცა ნათურა, ანდაც, საერთოდ, როგორ აღმოჩნდა ის ყუთი მისი სახლის კართან...