შაჰაბაზა
საკვირველია, ვინც კი ნახავდა ჩვენს დიდ წითელ მამალს, ბაღისა და ეზოს მშვენებას, ქათამთა და ვარიკათა სიამაყეს, ჩვენს შეკითხვაზე, აბა, დაფიქრდით, ვის გაგონებთ, რომელ გვირგვინოსანსო, თითქმის ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა:
– დაიცადეთ. დაიცადეთ...
– აღმოსავლეთის რომელიღაც მპყრობელს... რაღა რომელიღაცას, შაჰაბაზს!
– რა თქმა უნდა, შაჰაბაზს!
დიდი იყო ჩემი და ზურიას სიხარული, ნათლიები ხომ ჩვენ ვიყავით! და ესეც რომ არა, განა ჩვენს უბანში, ან გვირაბის უბანში, ან გორიჯვარზე და თუნდ მთელ ჩვენს პატარა ქალაქში შაჰაბაზასთანა მამალი მოიძევებოდა?
ვერ გეტყვით, რად დავარქვით მაინცადამაინც შაჰაბაზა.
იქნებ იმიტომ, რომ სისხლისფერი ჯიღა ნიადაგ შემართული ჰქონდა, როგორც ნიშანი ძლევამოსილებისა, როგორც სიმბოლო მეფური ღირსებისა და მამაკაცური დაუცხრომლობისა. ან იქნებ იმიტომ, რომ აღმოსავლეთის მპყრობელთა მსგავსად, ჩვენს მამალსაც ფარჩა-ძოწეული ემოსა და დიდი შავი ბოლო სადაფში ამოვლებულს უგავდა.
ერთხელ სიზმარში ვნახე შაჰაბაზა. უსაზღვრო იყო ჩემი სიხარული და გაოცება. ფარ-ხმალი აესხა, ფაფარმოკლე კვიცზე გადამჯდარიყო და მოაგელვებდა. თან დეზებს გაჰკრავ-გამოჰკრავდა ხოლმე კვიცს ფერდებზე.
მე და ჩემი ძმა ზურია ხომ შაჰაბაზათი გატაცებული ვიყავით, სიზმარსა და სინამდვილეს ჩვენთვის ერთი ფასი ჰქონდა. ერთნაირად გვიხარებდა გულს; ამიტომაც ამის შემდეგ შაჰაბაზა მხედართმთავრად შევრაცხეთ და მისი დეზები, ისევე როგორც გვირგვინი და მეფური სამოსი, დიდ მოწონებას აღგვიძრავდა.
შაჰაბაზას სამფლობელო ჩვენი ეზო და ბაღი იყო. მას ეკუთვნოდა მწვანე ბალახი, ძირზე ნაცარწაყრილი ლეღვები, რხეული ალუბლები და ნაირ-ნაირი ჯიშის ვაშლები. მას ეკუთვნოდა აგრეთვე ზამთარგამოვლილი, დამპალი თივის ზვინი ეზოს ბოლოში და, რაც მთავარია, რაც შნოსა და ლაზათს სდებდა მის არსებობას და ურომლისოდაც შაჰაბაზა აღარ იქნებოდა შაჰაბაზა – საკუთარი მრევლი და ჰარამხანა: შვიდი რჩეული დედალი.
იქნებ იცოტაოთ, იქნებ თქვათ, რომ ჩვენი მამლის დიდი სეხნია ოცჯერ და ორმოცჯერ დიდ ჰარამხანას ფლობდა და მისი უზარმაზარი სახელმწიფოს საზღვრები შორს იყო გატყორცნილი. შაჰაბაზას ვრცელი და ხალვათი მამაკაცური გული ჰქონდა და სიყვარულის ხელოვნებასაც ზედმიწევნით ფლობდა (სიყვარული მართლაც ძალიან ჰგავს ხელოვნებას, სიყვარულიც უსაზღვროა, განუყოფელი, მრავალწახნაგოვანი და უშუალო – ხელოვნებასავით).
უყვარდა შაჰაბაზას ჩოლოყაც, ნაცარაც, ჭრელაც, ქოჩორა-ქოჩიაც, ფიფქია და ღაბუა, შარშანდელი ვარიკები ხომ... ყველა ისინი ხომ მშვენიერი ქალები იყვნენ, სიცოცხლითა და ჯან-ღონით სავსენი; ყველა ისინი ხომ უშურველი სატრფონი და უერთგულესი მეუღლენი იყვნენ შაჰაბაზასი; მათ ყველას ჰქონდათ უნარი დღისით, მზისით უსაზღვროდ ინტიმურნი ყოფილიყვნენ, და ყველა ისინი უყვარდა შაჰაბაზას გაუნელებელი, მამაკაცური სიყვარულით.
საკვირველი ის იყო, რომ შაჰაბაზას უკვე ხანში შესული ნარგიზაც უყვარდა. შაჰაბაზამ იცოდა, რომ ნარგიზა უკვე სამი თვეა, საბოლოოდ მოილია, ისიც, რომ თავი უცანცარებდა და ერთხელ ჩაკენკვით თავის დღეში სიმინდს ვერ გადაყლაპავდა. მაგრამ შაჰაბაზას მაინც არ შეუწყვეტია ნარგიზასთან ურთიერთობა და თავიც ისე ეჭირა, თითქოს ნარგიზა ძველებურად სასურველი და მიმზიდველი ყოფილიყოს მისთვის. ამ იშვიათი სასიყვარულო ექსცესების შემდეგ ნარგიზა თავს უმშვენიერეს ქალად დაისახავდა ხოლმე და ცანცარის მაგივრად თავს ოდნავ, სულ ოდნავ არხევდა, თითქოს ისვ მომხიბლავი ქალწული ყოფილიყო. ეს კი მას დიდად შველოდა სიმინდის აკენკვაში ერთი-ორი დღით მაინც.
აი, რა კეთილ საქმეს აკეთებდა შაჰაბაზა. აი, როგორი რაინდი იყო!
სიტყვამ მოიტანა და იმიტომ ვთქვი ნარგიზაზე, თორემ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩოლოყა უნდა დასახელებულიყო. ჩოლოყა – ჯიშიანი წითელი დედალი, ყოველდღე კვერცხის მდებელი, სიდარბაისლითა და სიბრძნით აღსავსე მანდილოსანი. არ მახსოვს, კვერცხის დადების შემდეგ ქოჩორა-ქოჩიასავით ისტერიკული კაკანი აეტეხოს, მაგრამ მის ქათმურ სახეზე ისეთი ღირსება აღიბეჭდებოდა, მისი ზვიადი მიხრა-მოხრა ისე აშკარად მიუთითებდა მაღლით დაკისრებული მოვალეობის პირნათლად მოხდაზე, რომ მოჰკრავდა თუ არა ბებია თვალს ლეღვის ქვეშ ნაცარში განცხრომით ჩაყუჩებულ ჩოლოყას, გამოგვძახებდა, სად ხართ, ბავშვებო, რას აკეთებთ, წადით, ჩოლოყამ კვერცხი დადო და მოიტანეთო.
ნეტავი ოდნავ მაინც ჰგვანებოდა სიდარბაისლითა და სერიოზულობით ჩოლოყას ქოჩორა-ქოჩია. მისი კვერცხის დადება ქვეყანას უნდა გაეგო.
ქოჩორა-ქოჩიასათვის ბუნებას თვალებამდე ჩამოფხატული ქოჩორი მიემადლებინა. შავგვრემანი იყო ქოჩია, ქოჩორიც შავად უბზინავდა. ეს დედალი ბებიამ სოფლიდან გადმოიყვანა და ქათმები სანამ მიეჩვეოდნენ, სულ ქოჩორში სცემდნენ და უნისკარტებდნენ. დიდ შურსა და ბრაზს აღუძრავდათ ქოჩიას შავი ქოჩორი.
ეს დედალი კარგა ხანი იყო, ჩვენთან ცხოვრობდა, მაგრამ სოფლიდან ჩამოყვანილი – სოფლელივე დარჩა. მას ბუნების ყველაზე დიდ საკვირველებად კვერცხის დადება მიაჩნდა. მიაჩნდა, მიაჩნდა, არც არავინ ცდილობდა მის გადარწმუნებას, მაგრამ ეს გამაყრუებელი, ისტერიკული კაკანი რაღა იყო!
შაჰაბაზა მაშინვე გაენთებოდა საქათმისკენ და ყოველთვის ერთსა და იმავე სურათს წააწყდებოდა: ურბენდა გარშემო საბუდარს