***
მანდ ცივა, ძვლებში სუსხი ატანს, უკვე, ღამიან,
აქ ლურჯი ზღვის და მზის ციმციმის ვთვრები სურნელით.
ოქტომბრის ბოლოს, რა თქმა უნდა, გორში ქარია,
ლიახვის მხრიდან მონაბერი, ანცი, სულელი.
აქ მზის დისკოშიც დედაჩემის ვხედავ ღიმილს და
ხმელთაშუა ზღვა მამაჩემის ღელვის ტოლია,
მანდაურობა დღესაც ტანში ნატვრად მივლიდა,
მაინც აქაურს მიამბობდა თეთრი თოლია.
დღეს, კიდევ ერთხელ, დავუბარე ღრუბლებს სათქმელი,
მერე... მზის ჩქერში ვინებივრე ქვიშის ლოთივით.
მაინც ვინა ვარ შენს გარეშე შენი ქართველი?!
მიხმე მამულო, დავიღალე უკვე ლოდინით!..
***
რა იცი კდემაზე?
- სულში მოწოლილი
აფთარი ქარები
წამებით შევრაზე.
რა იცი კვდომაზე...
უმთვარო ღამეებს
შეხიზნულ ლოცვებში
ვითვლიდი ტოპაზებს...
ნდობაზე? მთრთოლვარე
თითებში, ოცნების თითების,
ხსოვნაში მო-ს-ვლაზე...
რამდენად ახლო და შორია
ციდან და მიწამდე,
ფერადი კენჭებით
როგორ ვიშენებდი
გრძნობების ციტადელს.
რატომ მომკლეს
და მერე მაღიარეს, მიწამეს.
ზარების რეკვაში,
მუსიკის როკვაში,
მინდა, რომ მიძახდე!
ჩურჩულით ნათქვამი
სტროფები როგორი ჩემია,
ზეცისკენ მიპყრობილ
გულს მხოლოდ
ზეცაში შველიან...
დამინდე!
ცრემლებიც
სულ ყელის ჩამოვლით
დამიდნა!
არ მინდა, ტკივილი
მახსოვდეს იმ ჩვენი,
სულ ბოლო ღამიდან.
თემიდა...
ავკარგის გარჩევას
არჩევენ გვარში და თემიდან...
დებიდან უფროსი
უფრო გამიგებს და
ხელიდან
წასული წარსულის
გაწეწილ ნაწნავებს
დამიწნავს.
გამიწევს გული და
ვიღაცა ცეკვაშიც გამიწვევს,
ფერფლიდან აღმადგენს
ასჯერ დაცემულს და
სამიწეს.
გამირწევს,
უფალი
დაცემულს
სარეცელს გამირწევს...
დაიძრეს!!!
დაიძრეს...
ზოზინა სამყარო,
ვინატრებ მე ახლა,
იმედი სარკმელში
ამ დილით სხივებად მეახლა.
გვეცადა ხელახლა...
ემიგრანტის პასუხი
,,ეჰ, რამდენ ქართველს უწევს გული საქართველოდან“
დ.დარბაიძე
გული მიწევდა? ჰო, ასე რომ ვთქვათ,
გული მე მხოლოდ ათი წლის ბიჭის
ყელში კოცნაზე, ნაზის და ლორთქოს,
ყელის სურნელზე - მიწის და ფიჭის,
სირბილისაგან დაცვარულ შუბლზე
ხელის დასმაზე მიწევდა გული...
მეძახდა დაღლილ, ოფლიან ზურგზე,
წვრილი ნეკნები, მძივი მალები
და აცეტებულ მის ჟრიამულზე
გგონია, რომ მხნედ მივიპარები?..
რძეშეუმშრალი ტუჩებით კოცნას
რა მიჯობს... მხოლოდ მისი თვალები.
დამფრთხალი ჩიტის გულივით უცემს,
გული, ჩემთვის რომ სამყაროს უდრის,
ვპირდები ფერად მაისურს, ბუცებს,
სანაცვლოდ დედის ჩამოშლილ ბუდის.
არ დაიჯერო უნდოდეს რამე
დედას, უმზიროს შვილების თვალებს,
მაგრამ როდესაც ცხოვრება გიწვევს,
როცა ავბედით სარეცელს გირწევს...
შვილებს ტკივილით არიდებ სახეს;
ზოგჯერ, არ გინდა და მაინც გიწევს:
ყალბი ნიღაბით, - გროტესკით ღიმის,
იხურავ თბილი ოჯახის კარებს.
არ დაიჯერო, არ დაიჯერო,
ზღურბლზე ნაბიჯი როცა გადავდგი,
არ ვნახე იქვე პატარა ჩერო,
სული ბღავილით იქვე არ დავდე,
რომ ყოველ კარის გამოღებაზე
შვილებს ჩემს სულში გაენანავათ.