ბიბლიოთეკაში ადრიანი გაზაფხულის ერთ მზიან შუადღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე ძნელად მისაგნები კორპუსის ბიბლიოთეკის მოძველებულ და ათასგზის გადაღებილ კარზე, რომელსაც ამჯერად ბლანტი ცისფერი შემორჩენოდა, ორჯერ სწრაფად და მსუბუქად დააკაკუნეს. ბგერები ისე მორცხვად გაკრთა ხის ზედაპირზე და ჩქამის სისწრაფით მიინავლა, თითქოს არც არასდროს გაჟღერებულაო. ხმა უმალ მიწყდა და უწინდელმა მდუმარებამ დაისადგურა.
იმ წამს სამკითხველო დარბაზში მხოლოდ ორი შუა ხნის ბიბლიოთეკარი ქალბატონი იმყოფებოდა: ერთი - მაღალი და გამხდარი, გახუნებული ქერა თმით, ოდნავ კეხიანი ცხვირითა და დიდრონი თაფლისფერი თვალებით, თავის კუთვნილ მაგიდასთან წიგნს მეტისმეტი გატაცებით კითხულობდა. სკამის საზურგეს მინებებული სათვალის მიღმა გარინდებულიყო და ოდნავ დანაოჭებულ სახეზე, რომელსაც პარფიუმერიის კვალი საერთოდ არ ემჩნეოდა, სასიამოვნოდ მანიშნებელი ემოციები გადასდიოდა. როგორც ეტყობოდა, წიგნს მეტად მოეხიბლა მკითხველის გონება და წაკითხულსაც მთელი არსებით განიცდიდა; საკმაოდ გრძელი თმები მხრების სიმაღლეზე ჰქონდა შებნეული, ისე, რომ ყურები ნახევრად მოუჩანდა, მისი გაცრეცილი ფერი კი საოცრად ეხამებოდა ღია კუბოკრულ პერანგს, რომელიც თითქმის ბოლომდე ჰქონდა ღილებით შეკრული, სახელოები კი იდაყვებამდე აეკაპიწებინა. მეორე ქალბატონი, ოდნავ დაბალი და განიერი, მრგვალი მოყვანილობის ბრძანდებოდა; ლოყებდაბერილს ცხვირიც მრგვლად დაბუშტოდა და შავად შეღებილი თმებიც რკალისებურად ეშვებოდა თითქმის უხილავ კისრამდე. თეთრი პირისახე ჰქონდა და ღია თვალები, ტანზე კი სულ მთლად შავი სამოსი ეცვა, მაგრამ, გარეგნობის პირქუში იერის მიუხედავად, მის განწყობას მწუხრი სულაც არ ეტყობოდა; იჯდა წყლის გამათბობელთან სახელდახელოდ შერჩეულ სკამზე და ისიც მეტი გატაცებით მობილურ ტელეფონს მიშტერებოდა, ეკრანს გაფაციცებით უსვამდა ცერა თითს და შიგადაშიგ იღიმებოდა.
კაკუნის ხმაზე ქალბატონები თავიანთ საქმეს მოსწყდნენ და ერთმანეთს მეტად მრავლისმეტყველი გაკვირვებით გადახედეს, თითქოს გაგონილი დაუჯერებელი ამბავი ყოფილიყო, ხოლო კარს უკან მდგარი - დაუპატიჟებელი მოულოდნელობა, რომელიც დარბაზში შემოსვლას სულაც არ ჩქარობდა. თითქოს სურს, ეს თავად მასპინძელმა გააკეთოსო, მაგრამ ალბათ გაოცებას არა მარტო მოულოდნელი ხმა, არამედ ის ფაქტი იწვევდა, რომ ვიღაც უცნობი სამუშაო კვირის მზიან შუადღეს ბიბლიოთეკის კარზე აკაკუნებდა, რადგან წიგნთსაცავი ყველა მსურველისათვის მუდამ ღია იყო. თუმცა ალბათ მაინც არსებობდა რაღაც მიზეზი, რაც ამ იდუმალ სტუმარს კარის თამამად შემოღების საშუალებას არ აძლევდა და მორიდებული სიფრთხილისაკენ მოუწოდებდა.
საქმე კი ის იყო, რომ ისედაც ძნელად მისაგნებ კორპუსს, რომელსაც პირველ ჯერზე კითხვა-კითხვით თუ მიაღწევდა მაძიებელი, ბიბლიოთეკაც ძალზე უცნაურ ადგილას ჰქონდა. შევიდოდა სამსართულიან ვიწრო შენობაში და წააწყდებოდა მშვიდ უწესრიგობას, რომელსაც ცარიელი დერეფნები და მკვიდრად დაგმანული აუდიტორიები იცავდა. უაზროდ ჩალაგებული და თითქოს საგულდაგულოდ დახშული კარი ვერაფერს მიანიშნებდა, არავითარი აბრა თუ წარწერა არ არსებობდა, რაც ორიენტაციისათვის გამოდგებოდა. მკითხველი მოივლიდა სამ სართულს და, თუ ვინმე მცოდნეს არ გამოიჭერდა, ვერაფერს მიაგნებდა. ბოლოს კი სიარულით დაღლილს, მართლაც, შემოხვდებოდა ვიღაც საპირფარეშოსთან და გულითადი თანაგრძნობით მიასწავლიდა, რომ ბიბლიოთეკის ოთახი კორპუსის სარდაფის მარჯვენა ფლიგელში, ნულოვან სართულზე მდებარეობდა. მაძიებელიც გზას მიწისქვეშეთისკენ გაიკვლევდა, გაუხვევდა მარჯვნივ და კიბეზე ჩასული იქვე ძველისძველ ცისფრად გადაღებილ ორფრთიან კარს წააწყდებოდა, რომელსაც ამოტეხილ ფრაგმენტებზე აჩნდა გარდასულ ფერთა სიმრავლე. აქ კი კვლავ გაოცდებოდა მაძიებელი; თითქოს უკვე მივიდა ძლივს მინიშნებულ ადგილას და ბიბლიოთეკაც აქვე უნდა აღმოეჩინა, მაგრამ სარდაფის სიბნელით დამფრთხალი მორიდებული უიმედობით შეაღებდა მიგნებულ კარს, რომელიც მკრთალად განათებულ უსაშველოდ ცარიელ დერეფანს იცავდა და ისევ მდუმარე სიცარიელეს გადაეყრებოდა, რაც მის იმედს ბზარს გაუჩენდა, საფუძვლიანად დააეჭვებდა, რომ სადღაც სხვაგან მოხვდა, თუმცა ძიებას მაინც განაგრძობდა.
ნულოვან სართულს, რომელიც მიწის ზედაპირს ქვემოთ მდებარეობდა, ფანჯრები რის ვაივაგლახით ანათებდა. სარკმლები, რომლებსაც იატაკიდან გასაღებად ყველაზე მაღალი ადამიანიც კი ვერ მისწვდებოდა, პირდაპირ ჭერს ებჯინებოდა და სარდაფს დღის სინათლით მცირედ ავსებდა, ისე, რომ მაძიებელი თვალი მაინც მოახერხებდა გზის გაგნებას და გარკვევით შეამჩნევდა დერეფნის ბოლოში დაყუდებულ კარს, რომელსაც ოქროსფერი აბრა ამშვენებდა. თუმცა შორიდან მასზე სიტყვის გარჩევა გაუჭირდებოდა, ახლოს მისული კი გაოცებით, მაგრამ მაინც გარკვევით ამოიკითხავდა ვერცხლისფერ წარწერას: „ თვითმმართველობა “ , რაც სულაც არ ნიშნავდა ბიბლიოთეკას. ეს მოძველებული კარიც საგულდაგულოდ დახშული დახვდებოდა, ასე რომ, ვერც იქ შეიტყობდა მისთვის საინტერესო ცნობას. თუმცა გამოსავალი მაინც რჩებოდა: ეს იყო მსგავსი კარი, რომელსაც თვითმმართველობის ოთახისკენ მიმავალი მარცხენა კედელზე გვიან შენიშნავდა, ყოველგვარი აბრისა და წარწერის გარეშე, თუმცა მაინც საყურადღებო, რადგან, თუ სასურველ ადგილს ვერ აღმოაჩენდა, ვინმეს მაინც ნახავდა, ვინც მიასწავლიდა. ამჯერად ბედი ნამდვილად გაუღიმებდა, რამეთუ ამ კარის გაღებისთანავე მის წინაშე გადაიშლებოდა მომცრო და კარგად განათებული