წინასიტყვაობის მაგივრად თორმეტი წელია საკმაოდ პოპულარული ჟურნალის რედაქტორი ვარ.
უფრო სწორად ჯერ მოადგილე ვიყავი და ორ წელიწადში მთავარი რედაქტორი გავხდი.
ვისაც ამ სფეროში არ ჩაგიხედავთ, ვერც წარმოიდგენთ, როგორ უცნაურ ადამიანებთან გვიწევს მუშაობა:
ექსტრავაგანტული ადამიანები არ იცვლებიან...დრო გადის, ისინი კი კვლავ და კვლავ იბადებიან,იზრდებიან, წერენ ლექსებს,მერე მიაქვთ რედაქციაში და ზოგი მოწიწებით, ზოგი უხეშად, ზოგი ხვეწნით და მუდარით, თხოულობენ მათ დაბეჭდვას.
რამდენი გრძელთმიანი ადამიანი მოსულა, გაქონილი, წვირიანი ლაბადით და რამდენიც ფეხშიშველა ან შლოპანცით...
ითხოვენ ლექსის, ნოველის, მინიატურის დაბეჭდვას.
მოაქვთ ჩანაწერები, რვეულებში, ანდა ფურცლებზე.
მახსოვს შემთხვევა,ისეთი გაყვითლებული ფურცლებიც მოუტანიათ, რომ ნაწერი არ იკითხებოდა.
ზოგი იმსიმძიმე ჩემოდანს მოიტანს, თავადაც რომ უჭირთ ტარება და მაგიდაზე შემოდებისას ბეჭები შვებას გრძნობს.
რამდენიმე წელია, რაც ინტერნეტი შემოვიდა, მასალებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ვიღებთ.წავიკითხავ და თუ არ მოგვეწონება, არც დავბეჭდავთ.
ჟურნალის მითითებულ მისამართზე წერია: მასალები უკან არ უბრუნდებათ...ამ უწყინარი წინადადებით პასუხისმგებლობა აცილებული და შუბლის ნაოჭი გაწყვეტილი გვაქვს...
უამრავი არაორდინალური ავტორი მინახავს მეთქი, მაგრამ რაც ერთ, ცხელი ივლისის დღეს მოხდა, მსგავსი -არასდროს.
სამსახურში მისვლისას თვალში მეცა ბაზრის ჩანთა და მოსაცდელში ასაკოვანი ქალბატონი.
რა ენდომება?
არ ვაპირებ, ვიმკითხაო. რამდენიმე წუთში ეს ხომ ისედაც გაირკვევა.
- გელოდებიან- მეუბნება მდივანი.
- ხუთ წუთში მივიღებ- კომპიუტერი ჩავრთე და მოვემზადე.
ქალი ხვნეშით შემოვიდა, ჭარბი წონის გამო ნელა მოძრაობდა.
- შეიძლება?- იკითხა და საუბრის დაწყება გაუჭირდა
დროზე მოვილიო ეს საქმე მეთქი და, საუბრის დაწყებისთვის , წავათამამე:
_ გისმენთ ქალბატონო
ქალმა საუბარი ნელა დაიწყო.პირველად სიტყვებს ეძებდა , მაგრამ მერე დაიწყო თუ არა, ერთბაშად ჩემი განწყობა შეიცვალა.
მეტყველებდა თავდაჯერებულად, მშვიდად, ნაზი ხმით და საკმაოდ ექსტრავაგანტულად,
მოკლედ, თუ ვიზუალს არ ჩავთვლიდი,მე ჩვიდმეტი_ოციოდე წლის გოგონა მესაუბრებოდა.
მისი ხმა ისე მესიამოვნა, რომ თვალები დავხუჭე , საზურგეზე მივწექი და გავიტრუნე.
ტვინმა კონვულსიები დაიწყო...
- ცუდად ხომ არ ხარ, შვილო? - წამომდგარა და მეკითხება.
- არა, ქალბატონო, გისმენთ მე
ქალს მსუქანი თითები ჰქონდა, ხელზე არანაირი ბეჭედი არ ეკეთა და ეტყობოდა, ხელები ჯაფით გაუხეშებულ- დახეთქოდა.
- მითხრეს, რომ ნაწერები აქ მომეტანა, ბევრმა მირჩია.
_ დიახ, სწორად მოქცეულხართ. დატოვეთ.
- ქალი წამოდგა, საფულედან „ ჩიპი “ ამოიღო და მაგიდაზე დამიდო.თან მოიბოდიშა, თქვენი ელფოსტა არ ვიცოდიო.
გამიკვირდა.
ეტყობა შვილებმა ჩაუწერეს.
_წავიკითხავთ, ხვალ გამოიარეთ.
_ხვალ არ შემიძლია, მომავალ პარასკევს ბაზარში მოვდივარ, ყველი მომაქვს გასაყიდად და ...მანამდე ვერ მოვალ
- კარგით, პარასკევი იყოს.
ქალმა ჩანთა ხვნეშით აიღო, კარი ფრთხილად გამოაღო და გავიდა.
იდუმალი, მაგრამ სასიამოვნო სურნელი დატოვა.
ყველაზე მეტად ამ კონტრასტებმა გამიღვიძა საფიქრალი.
ჯერ ის გავიფიქრე, ალბათ თქმა დაავიწყდა და შვილის ნაწერები დამიტოვა მეთქი, მაგრამ როცა „ ჩიპი “ შევაერთე და ნაწერები გავხსენი, მისი ფოტო გამოჩნდა.
როგორ მიყვარს კონტრასტები...
ახლა უფრო მეტად დავინტერესდი, ეს სოფლელი ქალი მართლა რამეს ღირებულს წერდა, თუ უბრალოდ გარითმული სიტყვები ამიფრიალდებოდნენ თვალწინ.
თუმცა წაკითხულმა გამაოგნა...
ის ისევე დახვეწილად წერდა , როგორც საუბრობდა და მსჯელობდა...
დრო მქონდა, დიდხანს ვიკითხე, მაგრამ მერე საქმეები გამომიჩნდა და მარიამის მეხსიერების ბარათი სახლში წავიღე.
გვიანობამდე ვიკითხე
ვკითხულობდი მის გრძნობებზე, პირველზეც და უკანასკნელზეც , როგორი ახალგაზრდობა გაუტარებია, სად და ვისთან ცხოვრობდა,ანდა ერთობოდა, საკმაოდ ორიგინალური ცხოვრების ინტიმურ დეტალებსაც შეფარვით ამჟღავნებდა , თავმბრუდამხვევი თავგადასავლები და ვირტუალური ცხოვრების დეტალები
...და ჩემს ცხოვრებაზე გონება პარალელს თავისთავად ავლებდა.
მეც მიცხოვრია და ამასაც?
ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქალს, რომელიც მთელი დღე სოფლის ოჯახში შრომობს და საღამოს ძროხას წველის,ასეთი ცხოვრება გამოევლო ანდა ამისთანა აზრები და გრძნობები გააჩნდა...
ერთი ასაკის ვიყავით, მეც და ისიც...
მე გარეგნულად ისე გამოვიყურებოდი, თვალი რჩებოდათ ახალგაზრდა ბიჭებს, თუმცა მსგავსი სიფაქიზე არც თხუთმეტი წლის ასაკში მქონია, სიყვარულიც კი არ გამომიცდია, ისე გავთხოვდი .
ის კი, გარეგნულად უკვე დაბერებულიყო, მაგრამ სინაზე და ჰაეროვნება არ დაეკარგა . მისი სურნელიც კი