„ტოპაზის“ უსტარი
იმ დღეს თორმეტი უსტაბაში შეიკრიბა ხოჯივანქის სასაფლაოს კიდეზე, რათა დაბაღი ვანო ვართანოვის საქმე გაერჩია. ის ამქრის თავს არ დამორჩილებოდა და ყველა ეგენი შეეყარა თავისი სიმართლის გასატანად. ამის გამო დარაბები არავის დაუკეტავს და მეიდანი და იმის აყოლებაზე შუა ბაზრის დუქნები ჩვეულად ყიდდნენ ნაირგვარობებს. შიგ იტალიის მემკვიდრე ვიტორ ემანუილსაც შეეარა, პრინც დე პოლენტოს სახელით რომ მოგზაურობდა, და კაფაროვის ხალიჩისა და სხვა აზიაში ნაკეთობ ნივთეულობის დუქანში ეყიდა ნაირგვარი სამუსიკო ნივთები და თარი, ჭიანური და დიპლიპიტო და ტფილისი ამით არ გაოცებულა. კრივი ისევ არსენალის ხევში იმართებოდა და კაზაკები ამაში ისევ ხელს უშლიდნენ. ყეენობა ჯერ ვერ მოეშალათ და ვერც დაბახანის ახლოში შახსეი ვახსეი და თავ-პირის დასისხლიანება. ვერც ავაზაკობა აელაგმა პოლიციას და იარმუკის დუქნები, ვერის ბაღები და აგურხანები ისევ ქურდების თავშესაფრად რჩებოდა. თუმცა ეს ყველაფერი ახლა ნაკლებად ჰქონდა თავში ჟანდარმერიის ოფიცერ ჟორჟ კრაჩკოვსკის, სასახლის ქუჩას რომ მოუყვებოდა და თავისი ფიქრები თან მოჰქონდა.
ლურჯი მუნდირის ჩაცმა ბევრ კადეტს არ ჰქონია ოცნებად, ჟანდარმობა სათაკილო რამედაც კი ჩაითვლებოდა - აბა ვის უნდა სდომებოდა სარდაფებსა და სხვენის ოთახებში შევარდნა და ღუმელებში დაშლილი ტიპოგრაფიების ძებნა. ოღონდაც კრაჩკოვსკის ასე არ ეფიქრა და ცდა არ მოეკლო, რათა ამ ჯარებში მოხვედრილიყო და გულში ფარული მტრების და ტახტის შიგნიდან გამომხვრელთა წინააღმდეგ ბრძოლა ამოეჭრა. გამოსვლოდა კიდევაც და ჯერ კიევში ემსახურა, ხოლო ახლა ტფილისში სცვეთდა აზიურ ჩექმებს.
ბომბისტები და ტერორის შემოქმედნი ერთი ხანობა გაჩერებულიყვნენ და ისეთი სიხშირით მათი აურზაური აღარ ისმოდა. ეს ხმა მთელ იმპერიაში დამცხრალიყო და მას მერე, რაც იმპერატორი ალექსანდრე მეორე აეფეთქებიათ და ამის კვალად ტერორისტი კიბალჩიჩი და პეროვსკაია ჩამოეხრჩოთ, ხმაურიანი აღარაფერი ხდებოდა. ახლა უფრო გარე მტრების ფარული ომების დრო დამდგარიყო და ბოლო ოსმალური კამპანიის შემდეგ სულთანის საიდუმლო დაზვერვა ახალ ძალებს იკრებდა და ახალ ხლართებს ამზადებდა. თანაც ოსმალოების მთავარი საზრუნავი ახლა ყარსისა და იმის გარშემო დაკარგული მიწების დაბრუნება იყო, ხოლო მათი საგარეო პოლიტიკის უკან არა მთავარი მინისტრი ქიამილ ფაშა, არამედ უფრო სხვა ვინმე მოიაზრებოდა - უფრო დიდი გაქანებისა და უფრო დიდი ღონის პატრონი კანცლერი ბისმარკი. ეს არ იყო იოლი ვინმე.
ბერლინის ზავიდან თორმეტი წლის თავზე ოსმალეთში სულ უფრო მატულობდა გერმანიის გავლენა. ოსმალური ჯარი გერმანელ ოფიცერთაგან გაწვრთნითა და ნაბიჯების დასწავლით იკრებდა ღონეს, ერზერუმის ციხე კი - გერმანელი ინჟინრების თარაზოთი და რაიხსფედერით. რუმელ-კავკავის ციხე-სიმაგრეზეც პრუსიელი ოფიცრები დაძვრებოდნენ და ბეიუკ დერეს ციხეც კრუპპის შორს-მსროლელი ზარბაზნებით გაემაგრებიათ. გერმანელებს ანატოლიის რკინის გზის კანცესიაც ეგდოთ ხელთ და მისი სტამბოლიდან ბაღდადამდე გაყვანა წამოეწყოთ, თავის აფრიკულ კოლონიებთან მიმოსვლა რომ გაეიოლებიათ.
ეს ყველაფერი ტფილისიდან არცთუ შორს ხდებოდა.
კრაჩკოვსკიმ ლაბორატორიის ქუჩაზე შეუხვია და ჟანდარმერიის შენობასთან მისულმა ჯერ საათს დაჰხედა და ის შუა დღის ორ საათს აჩვენებდა და კიდევ ცოტა მეტს. დრო სწორად გამოუთვლია. ნაბიჯებიც სწორად გაუდგამს. შემდეგ შენობაში შევიდა, კიბე აიარა და ერთ ხანს დერეფნით იარა. ბოლოს დიდ კართან გაჩერდა და იქვე მჯდარმა ადიუტანტმა ის ოთახში შეიყვანა.
ოთახში, დიდ მაგიდასთან, კონტრდაზვერვის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პოლკოვნიკი ალექსანდრე არხანგელსკი იჯდა. არხანგელსკი იყო ორმოცდაათს გადაცილებული მამაკაცი ცვალებადი სახით, პისისტრატეს მიდგომა რომ გაეთავისებია და მაღალი თავთავების მოწყვეტა და გასრესა ჰქონდა მაგალითად ქვეშევრდომთა უკეთ მართვისა. ამას გარდა ის დაეძებდა კარიერულ დაწინაურებას, კაი ჯამაგირსა და ყველაფერთან ერთად საზაფხულო ავეჯიან სახლსაც. პირველი სწორედაც ამაზე იზრუნა ტფილისში გადმოყვანისას და კოჯორში ერთი ასეთი აგარაკი შეარჩია და როცა ქალაქში სიცხე გაუსაძლისი გახდებოდა, უკვე მზად ჰქონდა ალაგი, საცა დილიჯნით და ორიოდე დღით გასწევდა და ამაღლების ქუჩით აუყვებოდა.
არხანგელსკიმ ერთხელაც აათვალიერა კრაჩკოვსკი. მათი პირველი შეხვედრისას, როცა მასზე იერიში მიიტანა, სანაცვლოდ მორჩილი ხელქვეითი შერჩა.
მორჩილება არც ახლა სჩანდა გამქრალი, თუმცა არც ამისი სჯეროდა. მორჩილება მოჩვენებითია. ეს მხოლოდ და მხოლოდ ლაფონტენის იგავივითაა - მელია, რომელიც ყურძენს ვერ შეწვდა მას მკვახედ ჩათვლის.
- თქვენი ცოლი როგორ არის? - იკითხა მან მეტად თავაზიანად.
- კარგად, მადლობთ, - უპასუხა კრაჩკოვსკიმ, თითქოს და ეს რაპორტი ყოფილიყოს.
- ისიც ხომ არ გაუტაცია მანტავიზმის სეანსებს? ჩემი ელენი სულ ამაზე საუბრობს და ვიღაც თაღლითის მიერ გამოცნობილ ფიქრებს აჰყოლია. დღეს ეს გამხდარა მთავარი მოდა ქალაქად და სალაპარაკო თემა. არა,