შესავალი თქვენ, თბილი, მყუდრო სახლების მკვიდრნო,
თქვენ, ვისაც ცხელი შეჭამანდი
და კეთილი სახეები გეგებებათ
შინ დაბრუნებულთ,
დაფიქრდით, აბა, თუ არის კაცი,
ვინც ლაფში შრომობს,
ვინც არ იცის, რაა მშვიდობა,
რომელიც იბრძვის ლუკმაპურისთვის
და კვდება ერთი „ჰოს“ ან „არასგან“.
დაფიქრდით, აბა, თუ არის ქალი,
გადახოტრილი და უსახელო,
ვისაც წაართვეს მეხსიერება.
უმეტყველოა მისი თვალები,
და მისი საშო - უნაყოფო,
ზამთრით დამზრალ გომბეშოსავით.
არ დაივიწყოთ, რომ ეს მოხდა,
ამას გიბრძანებთ,
გულისფიცარზე დაიწერეთ ეს სიტყვები
სახლში მყოფმა, გზაზე დამდგარმა,
ადგომისას თუ დაწოლისას;
უმეორეთ ისინი შვილებს.
თუ არა, სახლი თავს დაგემხოთ,
შეგჭამოთ სენმა
და ნაშიერმა პირი ზიზღით იქციოს თქვენგან.
ბედის წყალობით აუშვიცში მხოლოდ 1944 წელს გადამიყვანეს, ანუ მას შემდეგ, რაც გერმანიის მთავრობამ, მუშახელის სულ უფრო შესამჩნევი ნაკლებობის გამო, გადაწყვიტა, ტყვეთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გასაზრდელად საგრძნობლად გაეუმჯობესებინა მათი საარსებო პირობები და შეეზღუდა ზედამხედველთა მხრიდან თვითნებური მკვლელობები.
ამიტომ ჩემი წიგნი, სასტიკი დეტალების მხრივ, ვერაფერს დაამატებს იმას, რაც მთელი მსოფლიოს მკითხველებმა უკვე იციან სიკვდილის ბანაკების საზარელ ამბებზე. ეს წიგნი ახალი ბრალდებების წასაყენებლად არ დაწერილა, ის დოკუმენტი უფროა ადამიანის სულის ზოგიერთი ასპექტის მშვიდად შესწავლისათვის. შეიძლება, ბევრს დაემართოს, ცალკეულ ადამიანსა თუ მთელ ხალხს, რომ გააზრებულად ან გაუაზრებლად ყველა უცხო მტერი ეგონოს. უმეტეს შემთხვევაში, ეს რწმენა სულის სიღრმეში დევს, როგორც ლატენტური ინფექცია, მხოლოდ ერთეულ და არაკოორდინირებულ ქმედებებში იჩენს თავს და აზროვნების რამე სისტემას არ წარმოშობს. მაგრამ თუ წარმოშვა, თუ ეს ფარული რწმენა რამე სილოგიზმის მთავარ წანამძღვრად იქცა, მაშინ ჯაჭვის ბოლოს ლაგერი გველოდება. ლაგერი (ავტორი სიტყვა „ლაგერს“ გამიზნულად იყენებს და დიდი ასოთი წერს, როგორც ტიპური გერმანული რეალობის აღმნიშვნელს, ისევე, როგორც მრავლადაა დატოვებული ლაგერის ყოველდღიური ლექსიკა: „ჰეფთლინგი“, „კაპო“, „კომანდო“, „პრომინენტი“, „მენაშკა“, „ტაგესრაუმი“ და სხვ. გერმანულ სიტყვებს ლევი წერს ისე, როგორც ახსოვს, ზოგჯერ არასწორადაც.) სამყაროს გარკვეული კონცეფციის პროდუქტია, მტკიცე თანამიმდევრულობით მიყვანილი თავის შედეგებამდე: ვიდრე კონცეფცია არსებობს, მძიმე შედეგებს თავიდან ვერ ავიცილებთ. მასობრივი განადგურების ბანაკების ისტორიას ყოველი ადამიანი საშიშროების მომასწავებელ ნიშნად უნდა მიიჩნევდეს.
ვხვდები, რომ წიგნს სტრუქტურული ხარვეზები აქვს და შენდობას ვითხოვ. თუ ფაქტობრივად არა, ეს წიგნი, როგორც განზრახვა და ჩანაფიქრი, ჯერ კიდევ ლაგერის დღეებში გაჩნდა: მოთხოვნილება, რომ სხვებისთვის გვეამბო, სხვები გაგვეხადა თანამონაწილედ, გათავისუფლებამდე და მის შემდეგაც იმდენად მყისიერი და სასტიკი იმპულსი იყო, ლამის დაეჩრდილა ყველა სხვა ელემენტარული მოთხოვნილება. ამიტომ წიგნი, პირველ რიგში, მის დასაკმაყოფილებლად და, შესაბამისად, იმისათვის დაიწერა, რომ შინაგანად გავთავისუფლებულიყავი. აქედან გამომდინარეობს მისი ფრაგმენტული ხასიათი: თავები დაიწერა არა ლოგიკური თანამიმდევრობით, არამედ სულმოუთქმელობის კარნახით. ტექსტის გამთლიანებისა და ეპიზოდების შეჯერების სამუშაო გვიანდელია.
ზედმეტად მიმაჩნია იმის დამატება, რომ არც ერთი ფაქტი მოგონილი არ არის.
პრიმო ლევი