ახალგაზრდებთან მუშაობის თაობაზე
თეატრალური სახელოსნოს ძირითად ბირთვს ახალგაზრდობა წარმოადგენს. გახდეს უდიდესი მსახიობი და შექმნას უდიდესი სცენური სახეები და ხასიათები – აი, მათი ოცნება და მიზანი. მე კი უნდა ვასწავლო და ვიმუშაო, რათა მათ ამ ოცნების რეალიზაციაში დავეხმარო.
იმუშაო ახალგაზრდებთან, სრულებითაც არ ნიშნავს, მათ მხოლოდ შენი ცოდნა ან წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება გადასცე. ყოველი ახალი თაობის მოსვლისთანავე მთელი სიმძაფრით ვგრძნობ დროის მსვლელობას, იმას, რაც ახალგაზრდობას თან მოაქვს, იმ განსაკუთრებულს, რაც ახალგაზრდობას აქვს და არა იმას, რასაც ჩვენ მისგან ველოდებით. ახალგაზრდები, თითქოსდა, იგივენი დარჩნენ, როგორებიც შარშან იყვნენ, მაგრამ რაღაცით სულ სხვადასხვანი არიან. როგორია მათი სულიერი მოთხოვნილებები, გრძნობათა გამოცდილება, ტემპერამენტი, ინტელექტი? რისკენ მიისწრაფვიან, რა აინტერესებთ, როგორია მათი რწმენა, მრწამსი? ჩვენ ვერ დავამყარებთ მათთან ნორმალურ შემოქმედებით ურთიერთობას, სანამ არ გავიგებთ მათ მსოფლმხედველობას, მოსაზრებებს. თითოეული ახალგაზრდა პიროვნება – ეს ხომ დამოუკიდებელი შეფასების სკალაა, ბოროტებისა და სიკეთის დამოუკიდებელი აღქმა-გააზრება, სამყაროს სრულიად დამოუკიდებელი ხედვა. ახალგაზრდების საფუძვლიანი გაცნობის გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გამოიყენო მსახიობის აღზრდის ის ხერხები, რომლებიც უკვე შარშან ან შარშანწინ იყო გამოყენებული.
ამ პრობლემის მთელი სირთულე ისაა, რომ ბავშვობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ შეისწავლო, ბავშვები ყოველ წელიწადს იცვლებიან. თვით ცხოვრება სწრაფად იცვლება ჩვენ თვალწინ, ვიცვლებით ჩვენც, უფროსები, და, ჩვენთან ერთად, იცვლებიან ჩვენი ბავშვები – კაცობრიობის ყველაზე მოძრავი და ამთვისებელი ნაწილი. ამრიგად, მათი აღზრდაც ახლებურად უნდა იყოს გააზრებული, ახლებური მიდგომით, და თითოეულ შემთხვევაში, მათი გაგებისათვის განსაკუთრებული გასაღები უნდა მოინახოს. ჯერ უნდა გავეცნოთ, შევისწავლოთ ახალგაზრდა, რომელსაც სურს, გახდეს მსახიობი, განვსაზღვროთ, თუ რა განასხვავებს მას დანარჩენებისგან, მერე კი, თანდათანობით, ძალდაუტანებლად ვეძებოთ აღზრდის ახალი საშუალებები, რათა მას ხელოვნების მარადიული კანონები შევასწავლოთ. თავად უნდა აინთო, დაიწვა, რათა სხვებს გზა გაუნათო, სხვაგვარად ჩვენს საქმეში არაფერი გამოვა. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ თავისი ხმით და ნააზრევით, მხოლოდ საკუთარი და არა სხვებისგან ნასესხები ხერხებით გამოხატონ თავისი დრო.