სამყარო – პეტერ ჰანდკეს თვალით „როგორც იქნა, ეს დღეც დადგა!“ – ასეთი იყო ელფრიდე იელინეკის რეაქცია, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2019 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში პეტერ ჰანდკეს მიენიჭა.
ელფრიდე იელინეკი, რომელიც პირველი ავსტრიელი მწერალი ქალია, ვინც ამ უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი გახდა (2004), თავის ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ ნობელის პრემიას მასზე მეტად და ბევრად უფრო ადრეც სწორედ პეტერ ჰანდკე იმსახურებდა.
თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი მწერლისა და შესანიშნავი მთარგმნელის, პეტერ ჰანდკეს ეს კიდევ ერთი აღიარება სავარაუდოდ არავის გაკვირვებია, რადგან თითქმის არ არსებობს პრესტიჟული ლიტერატურული პრემია, რომელიც მას თავისი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე არ მიეღოს, თუმცა, ისევე, როგორც ელფრიდე იელინეკის შემთხვევაში, საზოგადოებრივი აზრი ამჯერადაც მკვეთრად გაიყო: მოწინააღმდეგენი არაფრით პატიობენ ჰანდკეს იუგოსლავიის ომებში (1990-2001) სერბი ხალხის მიმართ გამოხატულ სიმპათიას და შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილებას ამ ომების მსხვერპლთა შეურაცხყოფად მიიჩნევენ; მომხრენი კი ამტკიცებენ, რომ ლიტერატურისა და პოლიტიკის ერთმანეთში აღრევა არასწორია და პეტერ ჰანდკეს ნობელის პრემიით დაჯილდოვება მხოლოდ მისი არაჩვეულებრივი სამწერლო ენისა და სრულიად გამორჩეული შემოქმედების კიდევ ერთი და დამსახურებული აღიარებაა.
ჰანდკეს ცხოვრებასა და შემოქმედებას არასოდეს აკლდა სკანდალები და მწვავე კითხვები, რომლებზეც მისგან ახლო გარემოცვაც და საზოგადოებაც მუდმივად პასუხს ითხოვდა: მაშინაც, 1959 წელს, როცა კათოლიკური სკოლა-გიმნაზიის წარმატებულმა მოსწავლემ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და იქ სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვა, რადგან ინტერნატში გამეფებულ მკაცრ შეზღუდვებს, მათ შორის მისთვის საინტერესო ავტორთა ნაწარმოებების კითხვის აკრძალვას, ვერაფრით შეეგუა; როცა 1965 წელს გრაცის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის წარჩინებულმა სტუდენტმა ბოლო სახელმწიფო გამოცდის წინ მიატოვა უნივერსიტეტი, რათა მთელი თავისი მომავალი ცხოვრება მხოლოდ მწერლობისთვის მიეძღვნა; მაშინაც, როცა, 1966 წელს, მწერალთა გაერთიანების – „ჯგუფი 47“ – მორიგ შეკრებაზე მიწვეულმა ახალბედა ავტორმა ლიტერატურულ წრეებში აღიარებულ კოლეგებს შემოქმედება დაუწუნა და მათ ლიტერატურას „აღწერის იმპოტენცია“ უწოდა; როცა, 1990-იან წლებში, იუგოსლავიის ტერიტორიაზე განვითარებული დამანგრეველი პროცესები მისი შემოქმედების მთავარ თემად იქცა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დაპატიმრებული სლობოდან მილოშევიჩის მონახულების, შემდგომ კი მის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვის გამო კვლავაც თავს დაატყდა საზოგადოების დიდი ნაწილის რისხვა; როცა, 2006 წელს პროტესტის ნიშნად ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის პრემიაზე უარი განაცხადა; და კიდევ მაშინ, როცა 2008 წელს, გერმანული წიგნის დიდ პრემიაზე წარდგენილი მისი რომანის – „მორავული ღამე“ – სიიდან ამოღება მოითხოვა...
ამ კითხვებზე პეტერ ჰანდკეს ერთი პასუხი აქვს: ის მწერალია და აღწერს იმას, რასაც ხედავს და ისმენს, აღწერს ისე, როგორც გრძნობს და აღიქვამს. შეფასება მკითხველის საქმეა. ჰანდკე ფიქრობს, რომ მის მიმართ გაჩენილ ყველა კითხვაზე პასუხები მისსავე წიგნებშია, ამიტომაც ამბობს, რომ ყველაზე მეტად ისურვებდა, მის წიგნებს რაც შეიძლება მეტი სერიოზული მკითხველი ჰყოლოდა.
პეტერ ჰანდკე 1942 წლის 6 დეკემბერს დაიბადა ავსტრიაში, კერნტენის ერთ პატარა დასახლება გრიფენში. დედა სლოვენი ჰყავდა, რომელმაც შვილი უკანონოდ გააჩინა იმ პერიოდში ავსტრიაში დროებით მყოფი გერმანელი ჯარისკაცის ერიხ შიონემანისგან. პეტერ ჰანდკე 18 წლისა იყო, როცა პირველად გაიგო, რომ კაცი, რომლის გვარსაც ატარებდა და რომელთან თანაცხოვრებაც უმძიმეს სულიერ ტკივილებს აყენებდა, სინამდვილეში მამინაცვალი ყოფილა; დედა მრავალი წლის განმავლობაში დეპრესიით იტანჯებოდა და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ბავშვობისდროინდელი განცდები, სულიერი ტრავმები, დამთრგუნველი რეალობისგან გაქცევის, სამყაროს შეცნობისა და საკუთარი თავის პოვნის წყურვილი – ის თემებია, რომლებიც მუდმივად მეორდება პეტერ ჰანდკეს შემოქმედებაში, თუმცა ყოველ ჯერზე ახლებური სიღრმით და განსხვავებული ფორმებით.
ჰანდკე დამკვირვებელია და არა – ჩასაფრებული მოთვალთვალე, იგი აღმწერია და არა – შემფასებელი: შეუდარებლად თვალმახვილი დამკვირვებელი და გასაოცრად სიტყვამახვილი აღმწერი. თავადვე ამბობს, რომ ნამდვილი ხელოვანის ნაწარმოებში ადამიანმა უნდა შეძლოს ცხოვრების მდინარების შეცნობა, ამგვარი ნაწარმოების შექმნას კი მხოლოდ მაშინ მოახერხებს, თუ სიცოცხლეში, სამჯერ-ოთხჯერ მაინც, თავად გაივლის მეტამორფოზას, და ამ, ზოგჯერ ძალიან მტკივნეულ განსაცდელს გაუმკლავდება.
ლიტერატურულ სცენაზე პირველად მეამბოხე, სრულიად ახალგაზრდა ჰანდკე გამოჩნდა, უფრო სწორად, ქარიშხალივით შემოიჭრა და საზოგადოებას თავი მხოლოდ „ბითლზის“ ვარცხნილობითა და შავი სათვალით როდი დაამახსოვრა: იმ წელს, 1966-ში, კლაუს პაიმანმა მაინის ფრანკფურტის თეატრში მისი, დღეისათვის უკვე ლეგენდად ქცეული პიესა „პუბლიკის შეურაცხყოფა“ დადგა, ცნობილმა გერმანულმა გამომცემლობა „ზურკამპმა“ სხვებისგან დაწუნებული მისი პირველი რომანი „კრაზანები“ გამოსცა, და იმავე წელს, „ჯგუფი 47“-ის შეკრებაზე მის მიერ გასაოცარი სითამამითა და თავდაჯერებით გამოცხადებულ კრიტიკას ისეთი მწვავე და ფართო გამოხმაურება მოჰყვა, რომ დამწყები მწერალი სულ