ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი
რეიტინგი
4.4 / 5
ნახვა
1207
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სერაფიმა სალმასო
გამომცემლობა
ეკატერინე ავაზაშვილის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ პოეზია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და არის. ბავშვობაში რაღაცები დამიწერია, მაგრამ სერიოზულად არასდროს მიმიღია ეს ფაქტი. დროის რაღაც მონაკვეთი მივივიწყე კიდეც. როდესაც სულიერ სამყაროში ცვლილებები ხდება, საწერი გიგროვდება და კალამმა მოირგო მეგობრის ყველაზე დიდი როლი და ფურცლებში დაბინავდა თითოეული განცდა..." - წერს სერაფიმა სალმასო. ბოლო ხუთი წელია გაბედულად გადმოსცემს განცდებს. მისი ლექსები დაიბეჭდა ნაწილებად გამოცემულ კრებულში "ლექსის აკვანი." ასევე, გაზეთ "სახალხო განათლების" რამდენიმე ნომერში. ელექტრონულ კრებულში „ ... და ღამით იწვის სანთელი ჩემი“, რომელიც განთავსებულია „საბა“-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. გახლავთ პრემია "ივერიის" ლაურეატი. ხშირად ესწრება პოეზიის საღამოებს და თავადაც აქტიურად მონაწილეობს. სოციალურ ქსელში მიჰყავს რუბრიკა "ჩვენი დარბაზი" და ინტერვიუს სახით აცნობს საზოგადოებას ხელოვნების წარმომადგენლებს. "ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი" ასე ვუწოდე მის კრებულს, რადგან ყოველი ვარსკვლავი ციდან მოწყვეტილი სულია; ადამიანი კი მანათობელი ვარსკვლავი, რომელიც ღმერთის სულის სინათლეა. ადამიანს დიდი დანიშნულება აქვს, განსაკუთრებით როგორც შემოქმედს! მისი პოეზია სადა და უბრალოა, სიყვარულითა და ტკივილით სავსე. მეტად მგრძნობიარეა, ფაქიზი და ემოციური. მაგრამ მისთვის სრულყოფა უზენაესში მყოფობს და მივყავართ კიდეც შემოქმედთან, გვასწავლის ტკივილის გარეშე ურთიერთსიყვარულს, ღირებულებებზე აგებულს, რადგან საშიში სულიერი სიყრუე და სიბრმავეა და არა ფიზიკური... ის ამბობს:“ვფიქრობ შემიძლია დრო გავაჩერო/ლექსად შევიხსნა გრძნობის საკინძი...“ გააჩერებდა დროს და დაივიწყებდა ადამიანურ ტკივილს, განცდას, წუხილით აღარ დანამავდა თვალებს და შეეხიზნებოდა თანაგანცდას, ჭეშმარიტს, წრფელს, უანგაროს, მას, რაც გვწყურია ყოველ ჩვენგანს, გვახარებს და გვაბედნიერებს. სერაფიმა ამბობს:"რა კარგია, როდესაც განმარტოვდები და უსმენ ხმას, საკუთარი გულის ამოძახილს შინაგანი მეობიდან და შეგიძლია გაუგო მას, თუ რა სურს, რას ნატრობს, ვინ და როდის ენატრება, როდის რას გრძნობს, რა უხარია... მე საკუთარი თავი მენატრება, ისეთი როგორიც ვიყავი: სუფთა, გულღია და ალალი... წლებთან ერთად შეიცვალა ჩემში „მე.“ და სვამს მთავარ პიროვნულ კითხვას: ვინ ვარ მე ?ვინ ვიყავი და ახლა როგორი ვარ?“- და აქვე ამატებს:“... ვუსმენ ჩემს შინაგან ხმას, მაგრამ ისიც არეულია, ვერ გაუგია რა სურს, ვინ სურს და როგორი სურს რომ იყოს, ისეთი როგორიც წარსულში იყო - სუფთა და ბავშვური, თუ დღევანდელი ამღვრეული და გაორებული სულით?!. ვუსმენ, ძალიან დიდი ხანია ვუსმენ საკუთარ ამოძახილს და ვრწმუნდები, რომ მენატრება ჩემივე თავი, ჩემივე გული წარსულში ჩარჩენილი და მიტოვებული...“ საბოლოოდ, სიკეთით გვირჩევს: „... არასოდეს მიატოვოთ საკუთარი თავი... არ მოექცეთ მტკივნეულად... ნუ იტვირთავს იმას, რის ზიდვასაც ვერ შეძლებთ და ამის გამო ნუ მოიკეცავთ ფრთებს... შეიყვარეთ და გიყვარდეთ საკუთარი თავი ...“ გაეცანით სერაფიმა სალმასოს პოეზიას, იქნებ, საკუთარი განსაცდელი შეიცნოთ და დამკვიდრდეს, სიკეთით დაბინავდეს თქვენს სულიერ სავანეში... ეკატერინე ავაზაშვილი, პროზაიკოსი
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები