ბოლო დღე ცირკში ცირკის არენაზე დოდოს „ ძაღლების აკადემიის “ წარმოდგენა იწყება.
-გთხოვთ, ცირკის არენაზე შევეგებოთ და აპლოდისმენტებით გავამხნევოთ დოდო და მისი გაწვრთნილი ძაღლები!!!
დოდოს ყველა ძაღლი ნასწავლია: ზოგს მათემატიკა ეხერხება და მიმატება-გამოკლება შეუძლია, რასაც ყეფით ზუსტად გამოხატავს; ზოგს - სიმღერა, სინამდვილეში კი მელოდიას ყმუილს აყოლებს; ერთი მათგანი კი საერთოდ, ხმის იმიტატორია. მართალია, მხოლოდ ერთი სიტყვის გარმოთქმა შეუძლია, რასაც ყველა „ მამას “ ამსგავსებს. ეს ყველაფერი უჩვეულოა და არაბუნებრივიც, ამიტომ ბავშვებში უფრო მეტად გაკვირვებას და მოულოდნელობის ეფექტს იწვევს. ისინიც აღტაცებისაგან ტაშსაც უკრავენ და იცინიან.
პატარა ბიჭი, ალექსანდრე, მონუსხულია სანახაობით და დედ-მამას სთხოვს, რომ მასაც უყიდონ ლეკვი. პასუხად კი იღებს:
-რაც გინდა, ის გვთხოვე და ყველაფერს გიყიდით, ოღონდ ძაღლი არ მოითხოვო.
****
წარმოდგენის შემდეგ, დოდოს ცირკის დირექტორი იბარებს კაბინეტში:
-რეპერტუარის შეცვლის გადაწყვეტილება მივიღე ძაღლების შოუს აკრძალვის შესახებ. ცხოველთა დამცველი აქტივისტები მოითხოვენ, რომ საცირკო სანახაობებში ცხოველების გამოყენება გაუქმდეს, რაც უკვე ბევრმა ქვეყანამ აღიარა და, მართლაც, ცხოველების არენაზე გამოყვანა შეწყდა და რეპერტუარიდან საერთოდ ამოიღეს. ცხოველები ზოგი ზოოპარკს გადასცეს და ზოგი გაათავისუფლეს.
კოლეგები დოდოს გაცილებას უწყობენ. ბევრი ცრემლად იღვრება, ცირკის კლოუნი ძია კარლო თვალებიდან წყლის ჭავლს აფრქვევს, უნდა რომ ცოტა მხიარულება შემოიტანოს ამ სევდიან ვითარებაში. კოსტიუმების რეკვიზიტორი დეიდა ნელი საჩუქარს ჩუქნის, ხელზე წამოსაცმელ თოჯინას, სახელად „ დოდიკოს “ , რომელიც თვითონ შეკერა და დოდოს ჰგავს, მისი პროტოტიპია.
****
უმუშევარი დოდო მარტო რჩება, ძაღლებიც თავის სახლში მიყავს. მათი შენახვაც დოდოს ეკისრება. დოდო დათრგუნულია, არ იცის რა ქნას, რა მოიმოქმედოს, სად იშოვოს ახალი სამსახური, რომ თავი გაიტანოს და ძაღლებიც შიმშილით არ დაეხოცოს. იმავე ღამეს ლულუ, თეთრი პუდელი, ლეკვებს აჩენს და ორი ულამაზესი ლეკვის დედა ხდება. ლულუ ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე დედაა და ერთი წუთითაც არ ტოვებს ლეკვებს.
დოდო გაზეთში განცხადებას ხმამაღლა კითხულობს თავისი მეორე მესთვის, ხელზე წამოცმული დოდიკოსთვის:
-ვიღაცას უნდა, რომ მინიატურული ჯიშის პუდელის ლეკვი იყიდოს.
დოდო რეკავს მითითებულ ტელეფონის ნომერზე და მსურველს აცნობებს, რომ შეუძლია დათქმულ დროზე ლეკვების სანახავად მოვიდეს აღნიშნულ მისამართზე, რომელსაც მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც უგზავნის.
-შეგიძლიათ ლეკვების სანახავად მოხვიდეთ საღამოს? მისამართს მოგწერთ.
კარს როგორც კი გააღებს, სტუმარი მაშინვე იცნობს დოდოს:
-თქვენ ძაღლების მწვრთნელი არა ხართ? ცირკში მინახიხართ.
-ეგ ადრე იყო. ეხლა აღარსად ვმუშაობ. ანიმატორის ადგილს ვეძებ გასართობ ცენტრში, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
-ნუთუ მართლა წამოხვედით ცირკიდან?
-ისე მოხდა, რომ აღარ აღმოვჩნდით საჭირო მე და ჩემი ძაღლები და გამოგვიშვეს. სამაგიეროდ, ეხლა ბევრს ვსეირნობთ ვაკის პარკში და კუს ტბაზე. ზოგჯერ მთაწმინდაზე ავდივართ და ხანდახან ბოტანიკურ ბაღშიც დავდივართ.
-ეს ლულუს ლეკვები არიან. სახელები არ დავარქვი, რომ ახალმა პატრონმა თვითონ დაარქვას. ლულუ ნამდვილი სუფთა სისხლის სამეფო პუდელის ჯიშის ძაღლია, გენიოლოგიაც აქვს და პასპორტიც.
-გოგოს წავიყვან და მიკას დავარქმევ. ჩემს ნათლულს მინდა საახალწლო საჩუქარი გავუკეთო. სულ ლეკვებს ხატავს, ოთახის კედლები მოფენილი აქვს მათი სურათებით. მინდა გთხოვოთ, თქვენ თუ შეძლებთ, რომ თოვლის პაპას კოსტიუმი გადაიცვათ და 31 დეკემბერს, სანამ 12 გახდება, ნახევარი საათით ადრე ამ მისამართზე მოხვიდეთ?
-რა თქმა უნდა, შევძლებ, - დოდო სიხარულით თანხმდება სტუმარს.
-მაშინ, აი, ფული აიღეთ. იყიდეთ რაც საჭიროა ამ პატარა წამოდგენისთვის. თქვენი იმედი მაქვს, რომ ჩემს ნათლულს საახალწლოდ ნამდვილ სიურპრიზს მოუწყობთ.
-ჩემი იმედი გქონდეთ. შეხვედრამდე.
-მომავალ შეხვედრამდე.
****