ვინ არის ბონი? ბონისთვის რომ გეკითხათ, ვინ არის იგი? არც დაფიქრდებოდა, ისე ჩამოგიკაკლავდათ, რომ ის არის დედას სიხარული, სიყვარული, ღუნღულა სიამის ბიჭი, ჭკვიანი, ლამაზი, და რაც მთავარია, უშიშარი კატა. მის დაუკითხავად ვერც ბუზი შემოფრინდებოდა და ვერც სტუმარი შემოვიდოდა სახლში.
ფისო ბონის კარისკაცის ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული. სტუმარი სახლში შემოსვლისას კონტროლს მასთან გადიოდა. კატის შეფასების კრიტერიუმი საიდუმლოდ რჩებოდა. ვაი მას, ვისაც ავი თვალით შეხედავდა! არავინ იცოდა, ჩასაფრებული საიდან გამოხტებოდა ან საიდან ეცემოდა არასასურველ პერსონას. ოჯახის მეგობრები ცდილობდნენ კატის გულის მონადირებას. სხვადასხვა სასუსნავით ხელდამშვენებულები ეახ ლებოდნენ და უმასპინძლდებოდნენ ფისოს. ბონი დინჯად მიირთმევდა ძღვენს, ხრუხუნებდა და თვალს არ აშორებდა სტუმარს.
ასეთი იყო ბონი! ჯიუტი და თავისნათქვამა! მაგრამ სიყვარულიც ძლიერი იცოდა - არავის მისცემდა უფლებას, ქეთის სიყვარულში შესცილებოდნენ. გოგონა მისი პატრონიც იყო, მეგობარიც და მცველიც!
ბონის გარდა სახლში თუთიყუში ჟუჟუნა, იგივე ჟუჟუ და პატარა ნაგაზი ბომბორა ცხოვრობდნენ. ჟუჟუს ასაკს ტაბუ ედო. ბონი ვერ ბედავდა, ასაკი ეკითხა ან ბებერი დაეძახა მისთვის. ბოროტი ხმები ამბობდნენ, რომ თუთიყუში ას წელს უკაკუნებდა. ყველაფრისმცოდნე, ენაჭარტალა ჩიტი კატას მოსვენებას არ აძლევდა - ხან მოთრეულს და ხანაც უცხოს ეძახდა. ჟუჟუს აგრესია გასაკვირი არ იყო. ბონის გამოჩენის შემდეგ თუთიყუშის მშვიდი სამყარო დაინგრა. ფისომ მოახერხა საყოველთაო აღტაცებისა და სიყვარულის დამსახურება. გალიის თავზე შემომჯდარი ჟუჟუ იმ დღეს ნატრობდა, როცა გლუვი ნისკარტით დაკორტნიდა უსუსურ ბეწვის გორგალს. სწორედ ბონის არსებობამ აქცია დამსახურებული ქალბატონი ოჯახის მეორეხარისხოვან წევრად.
რაც შეეხება ბომბორას, იგი ბატკანივით პატარა თეთრი ლეკვი იყო. გულღია და გულუბრყვილო. ბომბორა არ შეუწუხებია ბონის გამოჩენას. კეთილად უღიმოდა და ბანცალით დაჰყვებოდა უკან.
ნაგაზმა მეგობარი შეიძინა!
მხოლოდ ერთხელ მოხდა გაუგებრობა ბონისა და ბომბორას შორის. კატამ პირველად და უკანასკნელად უღალატა მეგობარს.
ყველაფერი ახალი წლის საღამოს დაი წყო. ბუნჩულა ლეკვი ქეთიმ ხელში აიტაცა, დააბზრიალა და წკრიალა ხმით წაუმღერა:
ბომბორას და ქეთის
უყვართ ერთმანეთი!
ეს ორხაზიანი ლექსი ბომბორას ეძღვნებოდა.
ბონი ქეთის გარშემო ტრიალებდა, ბედნიერი ყირას გადადიოდა, ბორძიკობდა ნაძვისხის წვიმაში გახლართული, კაბის კალთაზე ეკონწიალებოდა და ეგლასუნებოდა. ლექსის შინაარსი მოგვიანებით გააანალიზა და იმ საღამოს გულში ერთი სიმი ჩასწყდა.
საახალწლო ზეიმს ბონიზე გაბრაზებული ჟუჟუ დემონსტრატიულად არ დაესწრო, ადრე დაწვა დასაძინებლად ამიტომ მისი გალია მეორე სართულზე აიტანეს, რომ ხმაურს არ შეეწუხებინა.
მეორე დილით კატა თუთიყუშს მოუყვა ზეიმის შესახებ. არც თავისი ცეკვა-თამა ში გამორჩენია. თხრობის დასასრულს მიიხედ-მოიხედა და, როცა დარწმუნდა, რომ ბომბორა არსად ჩანდა, რიხით გამოაცხადა:
- გუშინ ქეთიმ ლექსი დამიწერა!
- რა ლექსი? - დაიბოღმა ბებერი ჟუჟუ!
"ბონისა და ქეთის
უყვართ ერთმანეთი".
როლში შეჭრილმა გვიან შეამჩნია კარე ბთან მდგარი ბომბორა.
ჭარხალივით გაწითლდა ტყუილში გა მო ჭერილი ფისო.
ბომბორამ არ იცოდა, გაეცინა თუ გაბრა ზებოდა თვითმარქვიას!
მერე გაეღიმა!
შერცხვენილი ბონი თავის მართლებასაც ვერ ბედავდა. შემდეგ უძირო ცისფერი თვალებიდან ორი ცრემლი ჩამოუგორდა.
ცრუ ისტორია, სადაც დაიწყო, იქვე დასრულდა. ამ თემაზე არც ერთს არასოდეს ულაპარაკიათ.