* * *
მოვიდა, იყო და წავიდა,
არ ვიცი რატომ, ან საიდან,
ბავშვობა მზესავით ჩავიდა
და ვეღარ დავიწყებ თავიდან.
ფიქრები მორბიან თავიდან,
წავიდა ობოლი მამიდა,
წავიდნენ მამა და დედილი,
ნაღველი დადუღდა, დაღვინდა.
მოვიდა, იყო და წავიდა,
არ ვიცი რატომ, ან საიდან,
ბავშვობა მზესავით ჩავიდა
და ვეღარ დავიწყებ თავიდან.
* * *
მინდვრის ყვავილი, შენს თავს მაგონებს.
არ მოვწყვეტ, ისე მოვეფერები.
არ ვიცი ღმერთმა თუ შთამაგონა,
ან ეს სამყარო ან ეს ფერები.
მე სიყვარულის არ მიგრძვნია,
არც ერთი წვეთი.
იმ დღეს სიონში,
შენს ხატებას, ფრთები დააკლდა.
მე დავინახე შენს თვალებში,
მე ჩემი ღმერთი.
ვიგრძენი შენს სულს,
ჩემი სული როგორ დააკლდა.
* * *
აისი იყო ისეთი ნაზი,
ისეთი წყნარი, ისეთი მშვიდი,
რომ სიხარულით ატირდა ვაზი
და გაიზმორა ბებერი შინდი
ტყეში პირველი სოლოც გაისმა,
და მალე აჰყვა ხმები წკრიალა,
გული მომიკლა გუშინ დაისმა
დილამ იმედით ამიფრიალა.
დილა კი იყო ისეთი ნაზი,
ისეთი წყნარი, ისეთი მშვიდი,
რომ სიხარულით ატირდა ვაზი
და გაიზმორა ბებერი შინდი.