კოლაჟი მთვარის შუქზე
გაკრთეს ნათელი შინაგან ბნელთა
ვით კვალი ვარსკვლავთ მიმოსვლათანი.
ანა კალანდაძე
„მთვარე დანათის ბატონის ციხეს... უზარმაზარი, კრიალა მთვარე, ყინვიან ღამით, მოწმენდილ ციდან აფრქვევს ცივ ნათელს: სასახლის გუმბათს, ბურჯთა ქონგურებს, აივნის მაღალ, წერწეტა სვეტებს, სამრეკლოს, ტაძარს, დათოვლილ ბაღს და... სულთმობრძავი მეფის, ირაკლის სენაკის სარკმელს...
სასიკვდილო სარეცელზე მდებარე მეფეს ვეღარც ტლეები უცხრობდნენ ტკივილს, და ვერც სათბური უყუჩებს ქოშინს... ნელსაცხებელი, საკმეველი, ზეთი და ცვილი ვეღარ აქარწყლებს, ვეღარ ახშობს მძიმე სიმყრალეს მღვრიე დურდოთი სავსე სტომაქის... ჩაჭაობებულ ნაწლავების... ჩამპალი ღვიძლის...“
გადავიკითხე... კიდევ გადავიკითხე... და შუბლზე წკიპურტი მივირტყი... მაიმუნი ვარ და მეტი არაფერი, კიდევ კარგი, დროზე შევაჩერე პოეზიის ფეხმარდი რაში, მე რომ რატომღაც პროზის გამწევხარიანი ურემი მეგონა, და არ გავაჯირითე ჩემებურად. მერე იქნებ დამნანებოდა კიდეც უკან მობრუნება და სულ ასე გალოპითა და პირუეტებით გავსულიყავი ბოლომდე. წადი და უყარე კაკალი იმ ცნობილი, უნიჭო პოეტივით, თავის ახალგაზრდობაში პოემა რომ მიუტანია რედაქციაში დიდი სასოებით და იმათ კი რჩევა მიუციათ: კარგი იქნებოდა პროზად დაგეწერათო.
ყოველთვის ავფორიაქდები ხოლმე ამ დაპირისპირების გამო, ნიადაგ რომ არსებობს და სულს უშფოთებს ჩემისთანა საწყალ, ახალბედა ფანქროსანსა და კალმოსანს: ფრთაშესხმული შთაგონება და ფრთებდაკეცილი, საძრაობადაკარგული ნაწარმი.
ცის ლაჟვარდში ისარივით მოსრიალე ყაჩაღანა მერცხალი, ცოცხალი საზრდოს მმუსრავი, მდინარეების, მთების, ზღვების გადამლახავი, ქარიშხლებთან მორკინალი მამაცი მოგზაური და პროვინციის მუზეუმის ბუმბულდაწებებული, ჭიქისთვალებიანი ფიტული, შუშის კუბოდან ყელმოღერებული რომ წარმომადგენლობს ჩვენი საყვარელი მხარის ფრინველთა სამყაროს.
მაგრამ რას იზამ, ყველაფერს თავისი დიალექტიკა აქვს და სწორედ იმიტომ, რომ თავიც მენუგეშებინა და ეს გარდაუვალი წინააღმდეგობაც ყოველთვის მხსომებოდა, ბიჭიას დავაწერინე სახატავ ფურცელზე ფუნჯის წვერით ის დაუვიწყარი სიტყვები, გულში მტკივნეულად რომ ჩამეჭრა და მთელ ჩემს არსებაში ფესვი გაიდგა. აი, ახლაც, კედლისკენ ვატრიალებ ხრახნიან ლამფას და ვკითხულობ თავკიდური მრგლოვანებით ლამაზად გამოყვანილ, ნაირფრად აჭრელებულ სიტყვებს: „მეთოდურად დამუშავებულ მეცნიერულ სისტემებში შეიძლება გაქრეს შემოქმედებითი ინტუიცია. კლასიკურ ფორმებში შეიძლება გაცივდეს ხელოვანის შემოქმედებითი წვა. გამომუშავებულ სოციალურ სისტემებში შეიძლება ჩაკვდეს სამართლიანობის პირველსაწყისი წყურვილი. კეთილმოწყობილ ოჯახში შეიძლება ჩაქრეს სიყვარული. გონის განხორციელება შეიძლება აღმოჩნდეს ობიექტივაცია და გონი ვეღარ ვიცნოთ განხორციელებაში. გონი გაიყინება, გაქვავდება, რადგან ობიექტური გონი არის დაცლილი გონი.“ ამ სიტყვების ბოლოს დაფნის პაწია შტოა მიხატული და სტრიქონებს შუაც შემოდგომის წითელ-ყვითელი ფოთლებია მიმობნეული... ყოველი შეგონება შესაფერისი სილამაზითაც უნდა იყოს გაფორმებულიო, თვალსაც ახარებდეს და გონებასაც აფხიზლებდესო, რადგან სწორედ ეგ არის სილამაზის დანიშნულებაო, მითხრა ბიჭიამ ონავრული თვალის ჩაკვრით, გრაგნილი თავმომწონედ რომ გაშალა და საწერ მაგიდასთან გამიკრა. ნენე კი იდგა, გამობერილ მუცელზე ხელებჩამოწყობილი, სასოებით შეჰყურებდა თავის დაუცხრომელ ქამარს და, ალბათ, ფიქრობდა, თუ კეთილმოწყობაზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული სიყვარულის ჩაქრობა, ბიჭიას ხელში ჩვენ ეს არამც და არამც არ უნდა გვემუქრებოდესო. ცოდვა გამხელილი ჯობს და სანამ ჩემს თავზე არ გამეცინა, მეც ძალიან დავხაროდი ამ სიტყვებს კეთილმოწყობილი ოჯახის შესახებ, ასე მეგონა, თვით ბედის გამგებელი გამამხნევებლად მართმევდა ხელს... ღმერთო დიდებულო, რა მიამიტი და ყეყეჩი შეიძლება გახდეს ადამიანი, თანაც ერთი ხელის დაკვრით, როცა საქმე ცხოველმყოფელ სურვილებს ეხება. მაგრამ კიდევ კარგი, ამ ფილოსოფიური სენტენციის დანარჩენ შემადგენლებს გაფრთხილებად და ლამის მუქარადაც კი განვიცდიდი. აი, ახლაც ვინ იცის, მერამდენედ ვკითხულობ გაფრთხილებას გაყინული და გაქვავებული გონის შესახებ და რაღაც საეჭვო, უიმედო იმედით გულმოცემული ვუბრუნდები ჩემს ნაცოდვილარს...
მეც სულ არ მეგონა, რომ ასე გამოვიდოდა, მორაკრაკე და მოჩუხჩუხე კეთილხმოვანებით... პირიქით, მინდოდა, რაც შეიძლება სადად და სულის შემძრავად დამეწერა, როგორ კვდება მეფე ერეკლე იანვრის მთვარიან ღამეს თავის პატარა ოთახში, წეღან პოეტურად სენაკი რომ ვუწოდე, იმ ოთახში სადაც დაიბადა კიდეც ორას ორმოცდაშვიდი წლის წინათ, და სადაც ამჟამად ჩვენი სამუშაო ოთახია საწერი მაგიდებით, დავთრებით სავსე პატარა კარადით, პორტრეტებიანი კედლებით და ბუხართან მიკრული მარმარილოს დაფით, რომლის ოქროსასოებიანი რუსული წარწერა, თავადი ვორონცოვის ხელმოწერით, ერეკლეს დაბადება-გარდაცვალებას გვაუწყებს და ზრდილობიანი პირმოთნეობით მიგვითითებს, არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსაო.
მაღელვებს მე ეს ოთახი... მაღელვებს და გულს მტკენს...
აქ ერთდება წარსულისა და აწმყოს გზები... აქ ერწყმის ერთმანეთს უკვე მომხდარი და ის, რაც ხდება, ერწყმის ისე მძაფრად, ისე მტანჯველად, რომ მე ხშირად ვგრძნობ, როგორ მიბიძგებს გამარტივებული სქემების მაძიებელი გონება, განცდათა და მოვლენათა დახვანჯული გორგალი გამოსახსნელად მიზეზშედეგობრიობის ტლანქ ჩარხში წაღმა-უკუღმა ვატრიალო... ტრიალებს ჩარხი, იჩეჩება დახვანჯული ნართი, წყდება საცოდავ ნაგლეჯებად და ნაფლეთებად, რომელთაც აღარავითარი საერთო არა