ლექსების წერა როცა მეცოდინება, როგორ ვისაუბრო სხვების ტკივილებზე,
დავჯდები მაგიდასთან, სახელოებს ავიკაპიწებ
და დავიწყებ ლექსების წერას.
ლექსები კი, მიხვდებიან, რომ მარადიულები არიან
და გზას თავისით გაიკვლევენ უკვდავებისკენ.
ვერც მოასწრებენ აღქმას, თუ როდის ამოყვეს თავი მარადისობაში.
როდის გახდნენ მართლები,
როდის ეწამნენ ჩემს ხელში.
მე მათ ვასწავლი სიშიშვლეს,
რომ არაფერი იყოს დაფარული მკითხველსა და ლექსებს შორის.
ხშირად მეკითხებიან, – როდის იწერება ლექსები?
რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს, ხშირად ვპასუხობ, რომ – ხშირად!
...და სად არის პოეზია? – ყველგან!
აი, აქაც არის, ჩემს ტუჩებთან,
ჩემს ძუძუებთან, ჩემს წითელ თმებში შრიალებს.
უბრალოდ, უნდა დაინახო.
მეც შენსავით დილეტანტი ვარ, დანახვას ვსწავლობ.
სხვების ტკივილებზე საუბარს ვსწავლობ,
რომ ერთ მშვენიერ დღეს,
დავჯდე და დავიწყო ლექსების წერა.