ნებიერა სტუმარი
– უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, წმინდა სახლთან როგორ მოვხვდე?
– წმინდა სახლთან ხართ, ქალბატონო.
უცნობმა ქალმა წითელი აგურის უზარმაზარ კედლებს გაკვირვებით შეხედა.
– უი, დედა! რამხელა აუშენებიათ?! მადლობა.
– არაფრის. იქნებ დამეხმაროთ?
– აგერ, ინებეთ...
– ღმერთი შეგეწევათ.
– ასე შევალ, ესე იგი?
წმინდა სახლის შესასვლელ კართან ქალს დაცვის თანამშრომელი შეეჩეხა.
– ვისთან მიბრძანდებით, ქალბატონო?
– გამარჯობა, შვილო. ნებიერას ნახვა მინდა, სოფლიდან ვარ ჩამოსული.
– მოითმინეთ... – დაცვის თანამშრომელი წმინდა სახლში შებრუნდა, კიბე სხარტად აირბინა და დიდ ოთახში შევიდა, სადაც ნებიერა და ნინია სამუშაო პროცესში იყვნენ ჩაფლულნი.
– ქალბატონო ნებიერა, თქვენ გკითხულობენ.
– მე?
– დიახ, თქვენ.
– ვინ არის?
– ქალბატონია, შუახნის.
– სახელი არ უთქვამს?
– არ მიკითხავს.
– იქნებ ჰკითხო...
– ახლავე, ქალბატონო – დაცვის თანამშრომელი უკან გაბრუნდა. ნებიერამ ქაღალდებში ქექვა გააგრძელა.
– ეს დაცვის ბიჭი მეუფის ბიძაშვილია, ხომ?
– ბატონო? მე მკითხე რამე, ნებიერა?
– არა, ნინია, არაფერი.
– ეს საბუთები გუშინ მის უაღრესობას შევუტანე და აქ რატომ დევს?
– ვაიმე, არ ვიცი, ნინია, ძვირფასო. ეტყობა, თვითონ გამოიტანა მისმა უაღრესობამ.
– როდის აქეთ დააქვს მის უაღრესობას საბუთები აქეთ-იქით?
დაცვის თანამშრომელი ისევ შემოვიდა სამუშაო ოთახში.
– ქალბატონო! გარეთ სტუმარი გელოდებათ.
– სახელი ჰკითხეთ?
– დიახ.
– რა ჰქვია?
– ელისო.
– თუ არ შეწუხდები, გვარიც ჰკითხე, რა.
– ახლავე, ქალბატონო. – დაცვის თანამშრომელი კარისკენ გაემართა.
– ნინია, საყვარელო, ჩაის ხომ არ დალევ?
– არა, გმადლობ.
დაცვის თანამშრომელი ახლა უკვე ქოშინით შემოვარდა სამუშაო ოთახში.
– ელისო ვარ სოფლიდანო, ასე მითხრა, ქალბატონო.
– ხვალ მოვიდეს, უთხარი! ნინია, ეს საბუთები მოაწესრიგე, ჩემო საყვარელო.
– მოვაწესრიგე უკვე და ხელის მოსაწერად შემაქვს, – ნინიამ პასუხი არ დააყოვნა.
– უი, რა ოპერატიული ხარ, ძვირფასო! მაშინ დატოვე მაგიდაზე, მე შევუტან მის უაღრესობას!
– გამარჯობა, ნებიერა, – ელისო ნებიერას ოთახის კართან შეეჩეხა.
– უი! ელისო, როგორ გამახარე... აბა, როგორ ხარ, ელისო, ჩემო ძვირფასო? აქეთ მობრძანდი. როგორ გიკითხოთ?
– რა ვქნა, ნელა-ნელა...
– დედა როგორ არის?
– მადლობა, დედას რა უჭირს...
– შვილები როგორ გყავს?
– ეჰ, აღარ მყავს არც ერთი.
– რას ამბობ, ადამიანო?!... – ნებიერა მაგიდას მიუჯდა. – დაბრძანდი, ძვირფასო!
სტუმარი დაემორჩილა და სკამზე დაჯდა.
– აბა, რაზე შეწუხებულხარ? გისმენ!
– საიდან დავიწყო, არც კი ვიცი... სანამ ჩემი საწყალი ქმარი ცოცხალი იყო, რა გვიჭირდა, მაგრამ მერე ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. მაშინ, ჩვენს სოფელში წმინდა გიორგის ეკლესია რომ ინგრეოდა, – ეგ ეკლესია ხო ლამარას სიძემ ააშენა თავიდან, მერე გავიგეთ, რო მოსკოვში მოუკლავთო, რაღაცა ქურდული გარჩევები ქონიაო, წილებზეო. ხოდა, ჩემმა ქმარმა ეგ ეკლესია მაშინ მოხატა, მაგრამ ეკლესიას მოძღვარი არა ჰყავდა. ეპარქიაში რომ მივიდა, უთხრეს, გამოვუშვებთო, მაგრამ ვინც მოვიდა მოძღვრად, ერთი თვე იყო და მერე წავიდა; არ მაწყობსო აქაო, ვერაფერი დიდი ხეირიაო, და წავიდა. მერე ჩემი ქმარი აქაც იყო მოსული, მისი უაღრესობის ნახვა უნდოდა, მაგრამ ვერ შეხვდა, არ შემოუშვეს. მერე მეუფე ალექსანდრე დაგვეხმარა, იმან გამოუშვა მოძღვარი სოფელში. თავიდან თითქოს კარგი ადამიანი ჩანდა, სიმპათიური კაცი იყო, ჭკვიანის შთაბეჭდილებას სტოვებდა. სოფელი წირვაზე დავდიოდით. ხალხი კმაყოფილი იყო ძალიან. გზის გაკეთებასაც გვპირდებოდა გამგებელი. ცუდი გზა იყო ეკლესიამდე მისასვლელი და წვიმის დროს ტალახიანი ფეხებით რომ შევდიოდით ეკლესიაში, გვიჯავრდებოდა ხოლმე მოძღვარი. თან მედავითნე არა ჰყავდა მამაოს და ჩემს უფროს გოგოს სთხოვა, თუ სურვილი გექნებაო, დადექი მედავითნედო. ჩემი გოგოც უარზე არ დადგა, მაგაზე კეთილ საქმეს რას ვიზამო... მოძღვარს დამხმარე სჭირდებოდა, ხოდა, დადიოდა ჩემი ქრისტინეც, ყოველდღე ეკლესიაში იყო ხოლმე, ხანდახან ღამესაც კი ათევდა, თუ მოძღვარი სთხოვდა. ეკლესიის საქმეს მარტო ვერ ავუდივარო, და რამდენჯერ ჩემს უბედურ გიორგისაც ხელი გაუმართავს, ეხმარებოდა; თუ რამე იყო მოსატანი ეკლესიაში, შეშა იქნებოდა თუ ქალაქიდან რამე ამოსატანი. თავის დას გვერდში ედგა და ესე ვიყავით, სანამ იმ დაწყევლილ ღამეს არ მივიდა ტაძარში. ნეტა სულ არ მისულიყო იმ ღამეს იქ...
ნათლისღება თენდებოდა. დილით გიორგიმ ლეილა ეკლესიაში მიიყვანა და თვითონ ქალაქში ჩავიდა სანთლების ამოსატანად. რომ დაბრუნდა, უკვე გვიანი იყო, ღამის თორმეტი ხდებოდა. სახლში მოვიდა, ცოტა ხნით წამოწვა, დაღლილი ჩანდა. ქრისტინე ჯერ კიდე არ დაბრუნებულიყო