სავსე მთვარეა პოეზიაში დიახ, რაც უნდა წყვდიადში გიხდებოდეს მღერა, სიმღერა მოიყვანს სავსე მთვარეს და განათდება სულის ყოველი კუთხე-კუნჭული; ცაზე ერთგულების ფარდა ჩამოეშვება, რადგან პოეტისთვის ერთგულების საგანი მხოლოდ სიტყვაა... ხოლო რადგან სიტყვაა ღმერთი, ღვთის გარეშე არაფერი შეიქმნება.
„სავსე მთვარეა პოეზიაში“ ნათია გიორგაძის ერთ-ერთი ლექსის სტრიქონია. და კიდევ... მისთვის მთვარე კარღიაა, რათა შევიდეს მთვარეში, როგორც სახლში და მღელვარების სიმშვიდე იგემოს.
პოეტმა ლექსები სონეტებივით დანომრა, თუმცა მის ლექსთა შორის სონეტი, როგორც სალექსო ფორმა, არსად გვხვდება. დანომრა კი იმიტომ, რომ ეს წიგნი ერთი მთლიანი ტკივილია – განცდა დედის გარდაცვალების გამო; განცდა ხელყოფილი სამშობლოს გამო; განცდა ღალატით მოკლულ გულანთებულ მეომართა გამო; განცდა – გარდასული კი არა – მიტოვებული ბავშვობის გამო.
ვინც იგემა დედის გარდაცვალებით გამოწვეული სიმწარე, როცა აღარც სიცოცხლე გინდა და აღარც ამქვეყნიური სიხარული გიტაცებს, მან აუცილებლად უნდა წაიკითხოს ნათია გიორგაძის ლექსები...
სუსტი მკლავებიდან გადაიგდე
ცხელი მაკინტოში – ეს ქვეყანა,
წვიმამ დაგასველოს, დაგასვენოს
ყოფამ, უსაშველო ტკივილებმა,
ჩემო ყველაფერზე საყვარელო,
მშვიდობით.
ეუბნება ის დედას. ზუსტად ორი წუთით ადრე სიკვდილამდე მეც მითხრა დედამ: „გული არ გაიხეთქო! ეს ქვეყანა ასეა მოწყობილი – მშობლები უნდა წავიდნენ, შვილები დარჩნენ“... მაინც გავიხეთქე გული! ახლა როგორ ვუთხრა ნათიას, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა?!. სრულიად გამაოგნებელია სტრიქონები, გამაოგნებელია თავისი მეტაფორულობითა და ემოციით:
ახლა ორსული მინდორია
ამობურცული დედაჩემით
წევს დედამიწა და მახარბებს, რომ ქალი,
ვინც მე ვერ გამაჩინა, ახლა მას შვილად ეყოლება.
თუ ძვირფასი ადამიანი ვეღარ მოვა შენთან, შენ გინდა მასთან წასვლა, რადგან უერთმანეთოდ ცალად ხართ დარჩენილნი. ესეც სავსებით გასაგები განცდაა. და პოეტი პირდაპირ, ჯიქურ მიმართავს დედას:
სიკვდილს უთხარი, დედაჩემო,
არ მიმატოვოს, არ გამაფხიზლოს
თუ შენ გვერდით არ მეყოლები.
საერთოდ, სიკვდილის თემა ისე მძაფრად იჭრება ნათია გიორგაძის შემოქმედებაში, როგორც ფიქრისა თუ დაფიქრების ყველა საბაბზე ძლიერი საბაბი, როგორც სიცოცხლის გაგრძელება და არა არყოფნა.
მე ასე მგონია, პოეტი მაშინ იბადება, როცა სხვის ტკივილსაც თავისად მიიჩნევს. ნათიას სატკივარია ქუჩაში უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები, რომლებიც საკუთარი თავის გადასარჩენად ერთგვარად შრომობენ კიდეც და იყინებიან სითეთრეში, რადგან სიწმინდე თეთრია და მსუსხავი... და მოდის სტრიქონები:
თოვლი გაუზრდია მარტოდმარტოს,
თოვლში ვიყურები ყურადღებით,
თოვლმა სახლი მომცა, სასახლისა
დედა მეგონა და დავუძახე...
ანდა „ჩემი მეზობელი ცოლს სცემს“ – მოწყენილობა, სიმარტოვე და რიტორიკული შეკითხვა, რომელიც ალბათ ყველა ჩვენგანს უტივტივებს გონებაში: „რატომ მოიწყინე, ადამ? რატომ ამოიღე ნეკნი?“ მაინც რა დავმართეთ ადამიანებმა საკუთარ თავს და რატომ? იქნებ ყოველივე თავს დატეხილი თუ ჩვენი გატაცებებით მოხმობილი ცოდვის ბრალია. და ესეც კარგად აქვს ნათიას დანახული: როცა ღმერთი გაიწირა „შენი ხელით და შენში... არსად არ იყო ომი, არსად არ იყო მტერი“. ან მტერი რად გვინდა, როცა საკუთარი თავის მტრად ვიქეცით.
სამშობლო ყველას სჭირდება, რომ მყარად იდგეს წუთისოფლის მდინარეში და არ წააქციოს ცხოვრების მჩქეფარე ტალღამ. სამწუხაროდ, ადამიანებს მხოლოდ თავისთვის სჭირდებათ, დიახ, სჭირ-დე-ბათ სამშობლო და ზოგს ვერაფრით წარმოუდგენია, რომ სამშობლოსაც სჭირდება ისინი. ესეც ნათია გიორგაძის ტკივილია. ის ხან მოიარებით და ხან პირდაპირ გამოხატავს სამშობლოდაკარგულთა ტრაგედიას:
გარეთ – ატლასი, შიგნით – სამშობლო
მოსაწყენი და ულამაზესი,
ეს ჩემი სიტყვა ყინვაგამძლე,
საფრთხეში მყოფი,
ტყვე ქალივით გამოსახსნელი
ენით უთქმელი, ეს ჩემი სიტყვა...
განა სამშობლოს სიყვარულს სიტყვები სჭირდება?! მაგრამ მაინც უნდა გამოიხსნა ტყვეობიდან ის, რაც გიყვარს. და ნათიამ ამოთქვა, რაც ჯერ კიდევ ეიმედება, ამოთქვა სიყვარული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც უთქმელად მიატოვეს მიწა, რომელზეც პირველად დაადგეს ფეხი:
აკვიატებულ აზრებს
იკრებდა,
მზე შეიძულა,
მზე ამოძირკვა,
მზის გულზე
იშვა, როგორც გეიშა,
მას ჰქონდა ფესვი
მზის სამშობლოში
და მოიკვეთა...
მართალია, ნათია, როცა ამბობს, რომ ბუს ნაშიერსაც სჭირდება „სამშობლო – თავის ტკივილი“. თუ არ იფიქრე იმაზე, რა დაგრჩა უკან, რატომ და რისთვის მოხვედი ამ ქვეყნად, თავიც არასოდეს აგტკივდება. იქნები თავისუფალი, როგორც ფრინველი, მაგრამ თურმე ფრინველსაც სჭირდება სამშობლო...
...თუმცა უკან დასაბრუნებელი გზა რომ გაწყალდა და წყალმა წაიღო? – კითხვას სვამს პოეტი. ეს კიდევ ცალკე თემაა – წყალი – ნათიას პოეზიაში. მისი აზრით, ხშირად წყალიც დამშრალია და მდინარე თუ მდინარება მოსაყვანი, აღმოსაჩენი. წყალს „შეუძლია ჩვენში დაშრეს“; „მას შეუძლია ღმერთის ხელში იქცეს ღვინოდ“; „მას შეუძლია ააშენოს ის, რაც დაამხო“. ისიც გასათვალისწინებელია, „რომ რაც წყალში იხსნება სხვაგავარად მკვდარია“... თუმცა წყალი ხშირად