წავა, წავა, წავა, წავა * * *
მ. ნ.-ს
წავა წავა
წავა წავა
წავა წავა
წავა …
– როგორა ხარ?
– ავადა ვარ.
– ავადა ხარ?
– ავად.
წავა წავა წავა წავა
წავა წავა
წავა …
შეიცვლება მედიცინა,
შეიცვლება
ჰავაც.
წავა წავა
წავა წავა
წავა
წავა
წავა …
მანამდე კი
წვენს დაგისხამ,
მოგიდუღებ
ყავას.
ცეკვის დროა
კოვიდობის ჟამს
ჰესეს "ტრამალის მგელი"-დან
რამდენი ხანია არ მიცეკვია...
კარგი მოცეკვავე არასოდეს ვყოფილვარ –
პლასტიკურობა მაკლდა,
მაგრამ მელოდიას და რიტმს ვგრძნობდი
და სიამოვნებით ვეცეკვებოდი ხოლმე
ნელ ცეკვებს ახალგაზრდა
და არც ისე ახალგაზრდა ქალბატონებს.
როდის ვიცეკვე ბოლოს?
აღარც კი მახსოვს,
ალბათ, ასე ოცდახუთი წლის წინ...
მეოთხედი საუკუნეა არ მიცეკვია...
არადა, მიყვარდა ცეკვა, მინდოდა
კარგი მოცეკვავე გავმხდარიყავი,
საბავშვო ბაღის დროიდან –
ვარანცოვზე, "მოდელების სახლის"
მესამე სართულზე რომ იყო მოწყობილი,
სადაც ყოველ დღე, თითო საათი,
წრეში წყვილ-წვილად ჩამდგარებს
ქართულს გვაცეკვებდნენ
4-5 წლის ბავშვებს.
ვერა, ვერ გავხდი კარგი მოცეკვავე...
მერე რა?! –
მაინც ვიცეკვებ! –
როგორც შემიძლია, ისე ვიცეკვებ,
მით უფრო – ახლა კარგი დროა საცეკვაოდ,
ზედგამოჭრილი დროა –
ეპიდემია:
მთელი დღეები სახლში ვზივარ –
აი, ახლა ავდგები და
დავუვლი!
* * *
კოვიდობის ჟამს
აყვავებული ჭერამი
გამითენდა კიდევ ერთი დღე
დიდი მადლობა
ავდექი
ფარდა გადავწიე
კარგი დღეა
მზიანი
ოთახის ყვავილებსაც მოუხდება
დილის ჩაი
ჰიგიენა
გარეთ არ გახვიდეთო
მაგრამ უკვე მეოთხე დღეა
გარეთ ფეხი არ გამიდგამს
და დღეს უნდა გავიდე
ისე
გავისეირნო კარგ ამინდში ცოტა ხნით
ჰაერი ჩავყლაპო
გამოვდივარ სადარბაზოდან და
მხვდება აყვავებული ჭერამი
40 წლის წინ კურკიდან თავისით
რომ აღმოცენდა
ელექტრობოძს მიტყუპებული
პირდაპირ ჩემი სადარბაზოს წინ
ერთი მოყვავილე ხე ყიფშიძის ქუჩაზე
მობერდა უკვე
ხმელი ტოტები მოემატა
ის კი მაინც ჯიუტად ყვავის
ყოველ წელს
მარტში
ოდნავ შესამჩნევ თეთრ
სიფრიფანა
შუქს
აკმევს
ამ შუქში ვჩერდები ცოტა ხნით
და მერე მივდივარ
* * *
კოვიდობის ჟამს
აბრაკადაბრა
საღამოს ბაღი კიდევ სხვაა,
შეღამებულზე,
ლამპიონების დაბინდულ-მოყვითალო
შუქში...
ჩამოვჯექი.
გავაბოლე...
და ვხედავ 90-ს მიტანებულ ნაცნობ
პროფესორს – ვარჯიშობს, "დარბის",
მორბენალივით ხელები მკლავებში მოუხრია
და ფეხებს მიაჩოჩიალებს,
მიბარბაცებს,
მთვრალივით მიბარბაცებს –
გეგონება, აი, ახლა წაიქცევაო...
ასე, აბარბაცდება და ჩამობარბაცდება
ბაღის მოასფალტებულ ბილიკებზე...
სიკვდილს გაურბის...
ხასიათი გამიფუჭდა.
ამ დროს ორი პატარა ბიჭის კივილი გაისმა:
"აბრაკადაბრა, აბრაკადაბრა!"
(ნეტავ, ვინ ასწავლა ეს სიტყვა?),
ერთ-ერთი ინტერპრეტირებს კიდეც –
"აბრაკა დაბრაკა, აბრაკა დაბრაკა"
და ასე, ძმაბიჭურად ხელიხელგადახვეული,
დადიან აქეთ-იქით...
ვბრუნდები სახლში და ლიფტთან გამოკრულ
განცხადებას ვამჩნევ:
"გარდაიცვალა ამირან ებრალიძე"...
ახალგაზრდებს არ ახსოვთ – ჩვენს დროს
დიდად პოპულარული საესტრადო
მომღერალი და საყვირზე დამკვრელი,
ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ
"დიელოს" ლიდერი...
ერთი "ორერა" იყო და მეორე – "დიელო"...
და მართლაც –
აბრაკა დაბრაკა, აბრაკა დაბრაკა,
აბრაკა დაბრაკა, აბრაკა დაბრაკა
* * *
რა გინდ გადაგხდეთ, რა გინდ შეგემთხვეთ -
მორთეთ ნაძვის ხე,
საახალწლო ნაძვის ხე მორთეთ:
აიღეთ ფერადი ბურთები,
ვარსკვლავები,
ჩიტები
და მორთეთ ნაძვის ხე!
თუ ამის ფული არა გაქვთ,
იშოვეთ ერთი მწვანე ტოტი
და ორი ლურსმანი,
დაამაგრეთ ტოტი კედელზე
და შეაბით – რაც გაქვთ,
ოღონდ ფერადი:
ძველი ღილები
ან ძაფები
ან მოგონებები
ან რამე ასეთი
და ზედმეტ კითხვებს
ნუ დაუსვამთ
ნურც სხვას
და ნურც საკუთარ თავს –
უბრალოდ მორთეთ მწვანე ტოტი,
ერთი, პატარა, საახალწლო
მწვანე
ტოტი
მორთეთ...
* * *
როგორ მინდა – დავივიწყო!..
მახსენდება მაინც –
იყო, მაგრამ არა იყო,
მაგრამ იყო მაინც...
როგორ ვცდილობ – დავივიწყო! –
სუფთა დაფას რა სჯობს?!.
სიზმრად მოდის... აბა, სიზმრებს
რას მოარგებ ჩარჩოს!..
და ვგრძნობ –
ფუჭად ვწვალობ, ვიდრე
ვამჩნევ წერტილს ათვლის...
ერთი იმედიღა მრჩება –
ალცჰეიმერის მადლის!
* * *
ფოლაქების ძველი ყუთი
რამდენ მოგონებას იტევს
ფოლაქების