პირველი ნაწილი - მამის ძიება შენ, ვინც ვერასდროს შეძლებ ამ წიგნის წაკითხვას
ქვა-ღორღიან შარაგზაზე მოხრიგინე ჩარდახიანი ორთვალას თავსზემოთ, დიდი, სქელი ღრუბლები საღამოს ბინდბუნდში აღმოსავლეთისკენ მიიზლაზნებოდნენ. სამი დღით ადრე, ატლანტიკის ოკეანის ოხშივარით გაბერილები, დასავლეთის ქარს დაელოდნენ, ზანტად შეირხნენ, შემდეგ ცოტათი აჩქარდნენ, ფოსფორისებრ მოელვარე შემოდგომის წყლებს გადაუარეს, პირდაპირ კონტინენტისკენ, მაროკოს მთების წვეტიან მწვერვალებს წამოეგნენ, დანაწევრდნენ, მერე კი ალჟირის მაღალ ზეგანზე ისევ შექუჩდნენ, ტუნისის საზღვრებს მიუახლოვდნენ და ახლა ცდილობდნენ, ტირენის ზღვამდე მიეღწიათ, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაუჩინარებულიყვნენ. ამ უზარმაზარი კუნძულის ზემოთ, რომელსაც ჩრდილოეთით მღელვარე ზღვა, სამხრეთით კი უდაბნოს გაქვავებული ტალღები შემოჯაროდა, ათასობით კილომეტრი გადალახეს. მას შემდეგ, რაც ამ უსახელო მხარეს იმავე სისწრაფით გადაუარეს, როგორითაც საუკუნეების განმავლობაში იმპერიებმა და ხალხებმა, ახლა, ძალაგაცლილებმა, სვლა შეანელეს, ზოგიერთები წვიმის იშვიათ, მსხვილ წვეთებად იქცნენ და ოთხი მგზავრის თავზე, ორთვალას ტილოს ჩარდახს რაკარუკი აუტეხეს.
ორთვალა კარგად გაკვალულ, მაგრამ მოუვლელ, ოღროჩოღრო გზაზე მიხრიგინებდა. დროდადრო ბორბლების რკინის დისკებიდან თუ ცხენების ნალებიდან გამოტყორცნილი ნაპერწკალი ელავდა, გზიდან ავარდნილი ტალახის გუნდა ორთვალას გამეტებით ეხეთქებოდა ან სველ მიწაში ტყაპანის ხმას გამოსცემდა. ორი ტანდაბალი ცხენი, შეწყობილი, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებული ნაბიჯით მიუყვებოდა გზას და ავეჯით დატვირთული ორთვალას სიმძიმე ცხენებს წინ გაშვერილი მკერდის კუნთებს უბერავდა. ზოგჯერ რომელიმე ხმაურით დაიფრუტუნებდა და წაიბორძიკებდა. კოფოზე მჯდარი არაბი გაცვეთილ სადავეებს ხელში ერთ კონად მოიქცევდა და ცხენს ბეჭებზე გადაუჭერდა. მოყოჩაღებული პირუტყვი ჩვეულ ნაბიჯს უბრუნდებოდა.
მედროგეს გვერდით მჯდარი კაცი, ოცდაათიოდე წლის ფრანგი, პირქუშად დასცქეროდა მის ცხვირწინ მოქანავე ორ გავას. კაცი აღნაგი და ღონიერი ჩანდა. გრძელი სახე, ფართო, ოთხკუთხა შუბლი, გამოკვეთილი ყბა და ღია ფერის თვალები ჰქონდა. ცივი ამინდის მიუხედავად, ხამი ტილოს სამღილიანი, იმ დროის მოდის მიხედვით, საყელოშეკრული პიჯაკი ეცვა, მოკლედ შეჭრილ თმაზე კი თხელი ქსოვილის, წინაფრიანი ქუდი ეხურა.
წვიმამ რომ მოუხშირა, კაცი ორთვალას ძარისკენ მიბრუნდა:
- აბა, როგორ ხარ? - ხმამაღლა გასძახა ქალს.
უკანა საჯდომზე, ძველი სკივრების და ავეჯის გროვაში ჩაჭედილმა ქალმა, რომელსაც ღარიბულ ტანსაცმელზე სქელი, მატყლით ნაქსოვი შალი ჰქონდა მოხვეული, თითქოს ბოდიშს უხდისო, სუსტად გაუღიმა და უპასუხა:
- არა მიშავს.
იქვე, გვერდით, ოთხი წლის ბუჭუნას ეძინა, მასზე მიყრდნობილს. ქალს სათნო, სწორნაკვთებიანი სახე, ესპანელებისთვის დამახასიათებელი, ტალღოვანი შავი თმა, პატარა, სწორი ცხვირი და სითბოჩამდგარი, ელვარე, თაფლისფერი თვალები ჰქონდა. მაგრამ იყო რაღაც, რაც პირველი ნახვისთანავე თვალში მოგხვდებოდათ. არა, იმ ნიღაბს სულ არ ჰგავდა, რომელსაც დაღლილობა ან რაიმე ამის მსგავსი დროებით სახეს ააფარებს... გაუცხოებული, თითქოს იმწუთს იქ არმყოფი, უბიწო ადამიანის გამომეტყველებას უფრო ჰგავდა, რომელიც ქალის ლამაზ ნაკვთებს მალულად შეჰპარვოდა. საოცრად კეთილ გამოხედვაში გაუცნობიერებელი შიში იფეთქებდა და წამსვე ქრებოდა. ქალმა შრომით დაღლილი, ოდნავ დაძარღვული ხელი ქმარს ზურგზე მოუთათუნა:
- კარგად ვარ.
მერე ღიმილი ჩამოიცილა და გზაზე აქა-იქ მოელვარე წვიმის გუბეებს დააცქერდა.
კაცი ყვითელი კანტებით გაწყობილი ჩალმით თავდამშვენებულ, მშვიდად მჯდარ არაბს მიუბრუნდა:
- ბევრი დაგვრჩა?
არაბმა თეთრ, სქელ ულვაშებში ჩაიცინა:
- რვა კილომეტრიც და ადგილზე ვიქნებით.
კაცმა თავი უკან მიატრიალა, ქალს ღიმილის გარეშე, მაგრამ ყურადღებით დააკვირდა. ქალი ისევ გზას გაჰყურებდა.
- სადავეები მომეცი, - უთხრა კაცმა არაბს.
- კეთილი, - უპასუხა არაბმა და სადავეები მიაწოდა.
კაცი მედროგის ადგილას გადავიდა, არაბმა კი ის ადგილი დაიკავა, სადაც მანამდე კაცი იჯდა. კაცმა ორჯერ გადაუჭირა ცხენს სადავეების კონა და ცხოველებსაც თითქოს ძალა მოემატათ.
- გეტყობა, ცხენებს კარგად იცნობ, - უთხრა არაბმა.
- რა თქმა უნდა, - მოკლედ უპასუხა კაცმა.
დღის სინათლემ იკლო და ერთბაშად სიბნელემ დაისადგურა. არაბმა საყრდენიდან ოთხკუთხა ფარანი გადმოიღო, ცხენებს ზურგი შეაქცია, რამდენიმე ღერ ასანთს ამაოდ ეწვალა, დაბოლოს, როგორც იქნა, ფარნის სანთელი აანთო. შემდეგ ფარანი ადგილზე დააბრუნა. წვიმის წვეთები გამოზომილად და ჩუმად წკარუნობდნენ, სინათლეზე თეთრად ელავდნენ და მიბნედილი ხმაურით ავსებდნენ ღამეულ სიბნელეს. დროდადრო ორთვალა ეკალბარდებს, ბუჩქებს და სიბნელიდან წამით გამონათებული, ჯგუფ-ჯგუფად შექუჩული, დაბალტანიანი ხეების რიგს მიუყვებოდა. მაგრამ უმეტეს დროს მგზავრები შიშველი მინდვრების გადალახვას ანდომებდნენ. სიბნელით მოცულ მინდვრებს კიდე არ უჩანდა. მხოლოდ გადამწვარი ბალახის, იშვიათად კი მინდვრებზე მოყრილი ნაკელის მკვეთრი სუნი მიანიშნებდა, რომ სადღაც ახლოს გადახნული მიწის ნაკვეთებიც უნდა ყოფილიყო. ორთვალას სიღრმიდან ქალმა რაღაც თქვა, მეეტლემ სადავე მოზიდა და ქალისკენ დაიხარა.
- უკაცრიელი ადგილია, - უჩურჩულა ქალმა.
- ხომ არ გეშინია?
- რაო, რა თქვი?
კაცმა