ნინოს ცხოვრება
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
3791
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ქეთი ტოროტაძე
გამომცემლობა
ქეთი ტოროტაძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"ნინოს ცხოვრება" შერეული ჟანრის პროზაული ნაწარმოებია, რომელსაც სოციალურ-პანორამული ეპიკური რომანისა და ბიოგრაფიული რომანის ნიშნებიც აქვს, ნოველის ჟანრისაც და დოკუმენტალიზმისა და ესეისტიკის ელემენტებსაც შეიცავს. ამავე დროს, კლასიკური ეპიკური ჟანრისთვის დამახასიათებელი თხრობა ავტორის პოზიციიდან შეცვლილია თხრობით პერსონაჟის პოზიციიდან. "ნინოს ცხოვრება" სამი ნაწილისგან შედგება. წიგნის პირველ და მეორე ნაწილებში მისი მთავარი გმირი, ნინო, რომელიც, ამავე დროს, მთხრობელიცაა, მკითხველს თავისი ცხოვრების ისტორიას მოუთხრობს, თითქმის ცხრა ათეულ წელს რომ მოიცავს - მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან ოცდამეერთე საუკუნის პირველი ოცწლეულის ბოლომდე. ნინოს ცხოვრება განუყოფლად არის დაკავშირებული როგორც მისი წინაპრებისა და მის თანამედროვეთა ცხოვრებასთან, ასევე თითქმის მთელი ერთი საუკუნის მანძილზე საქართველოში განვითარებულ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც მთავარი გმირის პოზიციიდან არის წარმოდგენილი და შეფასებული. ამასთან, პერსონაჟი-მთხრობელის თხრობა ზეპირ თხრობას წარმოადგენს - ის თავისი ცხოვრების შესახებ ზეპირი ფორმით მოუთხრობს მისით დაინტერესებულ მსმენელს, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ქრონოლოგიურობა დაცულია, მის თხრობაში ერთგვარი ქაოტურობაც შეინიშნება - ხშირად, ერთი პერსონაჟის (ან ეპიზოდის) შესახებ თხრობისას ის წყვეტს თხრობას და სხვა პერსონაჟსა და სხვა ეპიზოდზე გადადის, რათა რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ კვლავ იმ პერსონაჟს დაუბრუნდეს, თხრობისას დროში ხან წინ მიდის, ხან კი ისევ უკან ბრუნდება, და მსმენელიც (მკითხველი) მასთან ერთად მოგზაურობს დროსა და სივრცეში. წიგნის მესამე ნაწილში, რომელსაც "ბოლო თავი" ეწოდება და მთავარი გმირის, ნინოს ცხოვრების ბოლო თავს წარმოგვიდგენს, მთხრობელი იცვლება და თხრობა ავტორის (წიგნის ბიოგრაფიული და ლიტერატურული ავტორის) პირით გრძელდება. ეს ნაწილი ნინოს ცხოვრების უკანასკნელი ოცი დღისა და მისი წარსულის რამდენიმე ეპიზოდის შესახებ მოგვითხრობს, რომელთაგან ზოგიერთი უკვე ავტორი-მთხრობელის მოგონებებს წარმოადგენს. ამასთან, ავტორი-მთხრობელი განაგრძობს თხრობას და თავადაც არის მესამე ნაწილში აღწერილი სინამდვილის ერთ-ერთი მოქმედი გმირი. შერეული ჟანრისა და უჩვეულო სტრუქტურის ამ ნაწარმოებში თხრობა რეალისტურია, ხოლო მოთხრობილი ამბები - რეალური სინამდვილე, ყოველგვარი მხატვრული გამონაგონის გარეშე. წიგნის გარეკანზე გამოყენებულია ფრანგი მხატვრის, ჟან მეტსენჟეს ნახატი "ქალი მარაოთი" (1912).
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები