პირველი თავი - ამა - 1 ამა
იმ ბულვარს მიუყვება, მის ქალაქს ორად რომ ყოფს; მდინარეში ალიონზე გამოსული ორიოდ ბარჟა დატივტივებს
მარცხნივ ნავიგაციურ თემატიკაზე გაწყობილი საცალფეხო ხიდია, ფიცარნაგითა და საიალქნე პილონებით
მარჯვნივ, ვატერლოოს ხიდთან, მდინარე აღმოსავლეთისაკენ უხვევს და წმ. პავლეს ტაძრისაკენ მიიქაჩება
ამა ამომავალ მზეს შეიგრძნობს – ჰაერი ჯერაც კამკამაა, ქალაქის ბუღსა და გამონაბოლქვს არ დაუბინძურებია
მოშორებით, ბულვარზე, მევიოლინე რაღაც გამამხნევებელ მელოდიას უკრავს
ამაღამ ამას პიესის – დაჰომეას უკანასკნელი ამორძალის – პრემიერაა ნაციონალურში
თეატრში მისვლის პირველი წლები ახსენდება
როდესაც მას და მის მაშინდელ პარტნიორს, დომინიკს, მათი პოლიტიკური განწყობის შეურაცხმყოფელი წარმოდგენების ჩამშლელთა იარლიყი მიეწებათ
მათი კარგად გაწვრთნილი მსახიობების ომახიანი, შეურაცხმყოფელი შეძახილები პარტერის ბოლოდან ისმოდა ხოლმე, სანამ დარბაზიდან მოცოცხვა არ მოუწევდათ
საჯარო პროტესტებისა სწამდათ, გამანადგურებელი და სხვა მხარეს მყოფთათვის უზომოდ გამაღიზიანებელი პროტესტების
ისიც გაახსენდა, ერთი რეჟისორის სპექტაკლში ნახევრად შიშველი ზანგი ქალები აქეთ-იქით რომ დარბოდნენ იდიოტებივით და იმ რეჟისორს ერთი ჩარექი ლუდი რომ დააცალა თავზე
და მერე უკანმოუხედავად მოკურცხლა ჰემერსმიტის უკანა ქუჩების ხორიალ-ბორიალში ჩასაკარგავად
მომდევნო დეკადები „ფრინჯებს“ – ქუჩაში გამართულ ალტერნატიულ შოუებს შეალია; რენეგატად შერაცხილი, ხელყუმბარებს ესროდა იმ დაწესებულებას, რომელმაც დაუნდობლად მოიკვეთა
მერე კი ახალმა ტალღამ აიტაცა ყოველივე ის, რაც მანამდე რადიკალიზმად ითვლებოდა, და იმედი ჩაუსახა, რომ იმ დაწესებულებაში დააბრუნებდნენ
ეს კი მხოლოდ სამი წლის წინ მოხდა, როდესაც ნაციონალურის სამხატვრო ხელმძღვანელობა ქალს მიანდეს
იმ ქალის წინამორბედებისაგან მრავალი თავაზიანი უარის მიღების შემდეგ, როდესაც ონლაინ ტელესპექტაკლებზე მუშაობის იმედითღა იწელებოდა მისი ცარიელი ცხოვრება, ერთ მშვენიერ ორშაბათ დღეს, ნასაუზმევს დაურეკეს
პიესა ძალიან მაგარია, უნდა დაიდგას
თვითონ ხომ არ დადგამდით? ვიცი, მოულოდნელი გამოვიდა, მაგრამ ეგებ ერთ კვირაში შევხვედროდით და ყავა ერთად დაგველია?
ამა ტრადიციული, დილის გამამხნევებელი ორმაგი ამერიკანოს წრუპვა-წრუპვით უახლოვდება სამხატვრო კომპლექსის სადა, რუხ შენობას
ღვთის მადლით, ასეთ ბეტონის, ბუნკერისმაგვარ შენობებს ნეონის ნათურებით მაინც აცოცხლებენ და აქაურ გარემოს პროგრესული უფრო ეთქმის, ვიდრე ტრადიციული
რამდენიმე წლით ადრე ამ შენობის ზღურბლზე გადაბიჯებას თუ გაბედავდა, კინწისკვრით გამოაგდებდნენ, რადგან მაშინ ადამიანები თეატრში ჯერ კიდევ საუკეთესო ტანსაცმელში გამოპრანჭულები დაიარებოდნენ
და ცხვირს უბზუებდნენ ყველას, ვინც სათანადოდ არ იყო ჩაცმული
ამას კი უნდა, მის სპექტაკლზე ხალხი ცნობისმოყვარეობამ მოიყვანოს და სულ ფეხებზე ჰკიდია, რა ეცმევათ; თავად მას საკუთარ „წადით, თქვენი“ სტილში აცვია, რომელიც, ცხადია, ტრადიციული ჯინსის კომბინეზონიდან, ჩე გევარას ბერეტიდან, არაფატკადან და ლესბოსელთა სამკერდე ნიშნიდან (ომდედრობითი სქესის ორი, ურთიერთგადახლართული გენდერული სიმბოლო) („სიყვარულს მალვა რად უნდას“ ვგულისხმობ, გოგოებო) იღებს სათავეს, მაგრამ იქიდან ბევრად შორს კი წავიდა
ბოლო დროს, ზამთარში, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი სპორტული ფეხსაცმელი აცვია, ზაფხულობით კი ბირკენსტოკის კაუჩუკის ქოშები – „ბირკები“ – წაქცევისაგან რომ აზღვევენ მომხმარებელს
ზამთრობით ფართხუნა ან ვიწრო შავ სლაქსებს ატარებს, 40 ან 42 ზომას (გააჩნია, იმ კვირას რამდენს იწონის), და ერთი ზომით პატარა ზედას
ზაფხულობით – მუხლქვემოთ გადაჭრილ ჭრელაჭრულა შარავარებს
ზამთრობით ჭყეტელა, ასიმეტრიული პერანგები, ჯემპრები, პიჯაკები და ქურთუკებიც აცვია ხოლმე
წყალბადის ზეჟანგით გაბაცებულ დრედლოკებს კი მთელ წელს ავარჯიშებს ტორტში ჩარჭობილი სანთლებივით ყალყზე დგომაში
ვერცხლისფერი რგოლები ყურებში, მსუქან-მსუქანი აფრიკული სამაჯურები მაჯებზე და ვარდისფერი პომადა მისი სტილის მრავალწლიანი საფირმო ნიშანია
იაზმა
„გიჟი ბებერი ქალის სტილია, დედიკოო“, მისი ჩაცმის მანერა ასე შეაფასა ამას წინათ
სულ იმას ეხვეწება, სხვა ნორმალური დედებივით, ჩემთან ერთად იარე საყიდლებზე „მაქს-ენდ-სპენსერშიო“ და, თუ ქუჩაში ერთად მოდიან, ცდილობს, დედამისის გვერდით არავინ მოწვას
იაზმა მშვენივრად იცის, რომ ამა ყველაფერი შეიძლება გახდეს, ნორმალურის გარდა, და რომ დედამისი ორმოცდაათს ოდნავ არის გადაცილებული, ანუ ბებერი არ ეთქმის, მაგრამ, აბა, აუხსენი ეგ ამბავი ცხრამეტი წლის ღლაპებს; ასეა თუ ისე, ასაკოვნება სამარცხვინო სულაც არ არის
მით უფრო, რომ კაცობრიობის ყველა რასა ბერდება ხოლმე
თუმცა, ზოგჯერ გეგონება, თავის წრეში მხოლოდ ამას უხარია ასაკის მატება
რადგან დიდი პრივილეგიაა, უდროოდ რომ არ მიდიხარ ამა ქვეყნიდანო, ასე ეუბნება მისი სამზარეულოს მაგიდის გარშემო მოყუჩებულ მეგობრებს მოსაღამოებულზე, ბრიქსტონის პატარა, მყუდრო სახლში
ისინი კი თავიანთ მოტანილ კერძებს აცხრებიან: მსხვილმარცვლიანი ყვითელი ბარდის შეჭამადს, დაბრაწულ ქათამს, ბერძნულ სალათას, მუხუდოს კარის, შემწვარ ბოსტნეულს, მაროკოული ბატკნის ხორცს, ზაფრანიან ბრინჯს, ჭარხლისა და კალეს სალათას, კინოასა და უგლუტენო პასტას ზედმეტად აზიზი მჭამელებისათვის
და თან სასმელს ისხამენ – ღვინოს ან არაყს (რომელიც ნაკლებკალორიულია) ან კიდევ ღვიძლისათვის ნაკლებად საზიანო