ტომას ერნესტ ჰიუმი, მოდერნიზმის თეორეტიკოსი პირველ მსოფლიო ომში ნაადრევად დაღუპული ესთეტიკოსი ტომას ერნესტ ჰიუმი ინგლისურენოვან ლიტერატურათმცოდნეობაში ცნობილია, როგორც ეზრა პაუნდის მიერ
დაარსებული ლიტერატურული მიმდინარეობის, იმაჟიზმის
სულისჩამდგმელი და იდეოლოგი. ეს ჯგუფი ლიტერატურულ ასპარეზზე მე-20 საუკუნის დამდეგს გამოჩნდა და თავისი მხატვრული პოზიციით უშუალო წინამორბედებს დაუპირისპირდა, განსაკუთრებით – გვიან ვიქტორიანულსა და თანადროულ „გეორგიანელთა“ (მეფე ჯორჯის დროინდელ) პოეზიას.
იმაჟიზმს, როგორც მიმდინარეობას, ხანგრძლივი სიცოცხლე არ ეწერა – მან თავისი ამოცანა ორი კრებულის გამოცემით შეასრულა და გაუჩინარდა. მის მიერ საუკუნის დასაწყისში გაცხადებული სიახლეები მოგვიანებით, 20-იანი წლების ახალ ლიტერატურულ ესთეტიკაში განიწოვა. დღეს იმაჟიზმს უფრო იხსენებენ, როგორც ანგლო-ამერიკული მოდერნიზმის ადრეულ ეტაპს, მოდერნისტული მწერლობის ერთ-ერთ შენაკადს სხვა ისეთ შენაკადთა შორის, როგორიც იყო: ფუტურიზმი, ვორტიციზმი, ან მე-20 საუკუნის დამდეგის ახალგაზრდა შემოქმედთა სხვა ავანგარდისტული დაჯგუფებები.
საკუთრივ იმაჟიზმთან ჰიუმი იმიტომ არის ასოცირებული, რომ ჯგუფის მხატვრული პოზიცია უშუალოდ ეყრდნობოდა მის ესთეტიკურ ნააზრევს და თვით იმაჟიზმი, როგორც მიმდინარეობა, მის მიერ ლონდონში, 1908 წელს დაარსებული „პოეტთა კლუბიდან“ განვითარდა – თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ კლუბში ეზრა პაუნდიც გაწევრიანდა.
იმჟამად ძალიან ახალგაზრდა პაუნდმა, რომელსაც, ჭარბი ენერგიულობის გამო, რიჩარდ ოლდინგტონი „მომცრო ზომის მუდმივმოქმედ ვულკანად“ მოიხსენიებდა, ლამის მთელი მოდერნისტული მწერლობის ნებაყოფლობითი ორგანიზატორობა იტვირთა – ჰიუმის იდეების საფუძველზე მან ერთ კრებულში (Des Imagistes, 1914) გააერთიანა ისეთი შემდგომში სრულიად განსხვავებული ნიჭიერების და მხატვრული მრწამსის მქონე შემოქმედები, როგორებიც იყვნენ: თვით პაუნდი, ჰილდა დულიტლი, რიჩარდ ოლდინგტონი, ჯეიმზ ჯოისი, ფორდ მედოქს ფორდი, ეიმი ლოუელი, უილიამ კარლოს უილიამსი და რამდენიმე სხვა, დღეს უკვე მივიწყებული პოეტი.
თვით ჰიუმი ამ კრებულში არ შესულა – მისი ხუთიოდე ლექსი პაუნდმა ორი წლით ადრე ცალკე გამოსცა საკუთარი კრებულის (Ripostes, 1912) დამატებად, სახუმარო სათაურით „ტომას ერნესტ ჰიუმის პოეტურ თხზულებათა სრული კრებული“. ხუმრობა ამ შემთხვევაში ნამდვილად კეთილგანწყობილი იყო – თავისი დაუცხრომელი ენერგიის ძალით, პაუნდი ჰიუმისთვისაც ისეთივე ლიტერატურული იმპრესარიოს როლს ასრულებდა, რასაც მოგვიანებით, უკვე 20-იან წლებში ასრულებდა ის ჯეიმზ ჯოისის, ერნესტ ჰემინგუეისა და ტომას ელიოტისათვის.
ჰიუმის მცირერიცხოვან ლექსებს თვით პაუნდიც და ახალგაზრდა მოდერნისტების მთელი თაობაც რამდენადმე გაზვიადებულად აღიქვამდნენ, როგორც ესთეტიკურ მანიფესტს და ახალი პოეტური გემოვნების განსახიერებას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ადრეული აღტაცება უფრო ჰიუმის ესთეტიკური იდეების გავლენით იყო განპირობებული, რომლებიც, მისივე პოეზიისაგან განსხვავებით, მართლაც ძალზე ყურადსაღები და იმ ახალგაზრდა თაობისათვის ლამის ეპოქალური მნიშვნელობისა იყო.
ჰიუმის მნიშვნელოვანი როლი იმაში გამოიხატება, რომ მან უშუალო გავლენა მოახდინა მოდერნისტული მწერლობის ორ ყველაზე მასშტაბურ ფიგურაზე – ეზრა პაუნდსა და ტომას ელიოტზე, მათ თეორიულ შეხედულებებსა და პოეტურ პრაქტიკაზე. ეს გავლენა იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ უკვე შემდეგ, პაუნდის და ელიოტის თაოსნობით, მთელი ინგლისურენოვანი მოდერნიზმის ესთეტიკას, როგორც კონცეპტუალურ, ისე პირწმინდად მწერლური ტექნიკის დონეზე, ჰიუმის ნააზრევის კვალი ემჩნევა. ელიოტს, იმხანად ლონდონში ახალჩასულ ამერიკელს, პაუნდმა ჰიუმის ცალკეული ესეები გააცნო – სიცოცხლეში ჰიუმს თავისი ნააზრევი წიგნის სახით არ გამოუქვეყნებია. მისი დაღუპვის შემდეგ, ელიოტის სხვა მეგობარმა, ხელოვნებათმცოდნე ჰერბერტ რიდმა სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ესეები შეაგროვა და „განსჯანის“ სათაურით ჯერ 1924, ხოლო შემდეგ, 1936 წელს, ხელმეორედ გამოსცა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჰიუმის იდეები ანგლო-ამერიკული მაღალი მოდერნიზმის წრეებში კარგა ხანს ინარჩუნებდა აქტუალობას.
მნიშვნელოვანი ესთეტიკური თეორიები საზოგადოებრივ ვაკუუმში არ იქმნება და არც ჰიუმის ნააზრევი შექმნილა ცარიელ ადგილას – ის მე-20 საუკუნის დასაწყისის კულტურული, მსოფლმხედველობრივი და განცდით-ინტელექტუალური კონტექსტის ნაწილს შეადგენს, მისგან განუყოფელია. ეს ის დრო იყო, როდესაც დასავლეთის შემოქმედებითი წრეები ძალზე მტკივნეულად აღიქვამდნენ კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი პერიოდის ეპილოგს – სრულდებოდა რენესანსული ჰუმანიზმისა და მისი მემკვიდრე განმანათლებლობის, შემდეგ – რომანტიზმის ოდესღაც ამაღლებული იდეალების დაშლისა და დაკნინების ხანგრძლივი პროცესი.
მე-19 საუკუნესთან ერთად წარსულს ჩაბარდა ვიქტორიანული ეპოქა – კლასიკური ბრიტანული ლიბერალიზმის, ჰუმანიზმის მქადაგებლობისა და ბურჟუაზიული კეთილდღეობის ხანა. კონტინენტალურ ევროპაში სრულდებოდა Belle Époque – საზოგადოებრივი ჰარმონიის მხიარული პერიოდი, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნე – საფრანგეთის მეორე იმპერიის კრახიდან პირველი მსოფლიო ომის დასაწყისამდე გასტანა. დასავლურ ცნობიერებაში ჰარმონიულ-ოპტიმისტურ წარმოდგენებს კრიზისული განწყობილებები ჩაენაცვლა; პროგრესისტული, ლიბერალურ-ჰუმანისტური იდეალებისაკენ სწრაფვა მსოფლმხედველობრივი ჩიხის გამძაფრებულმა განცდამ შეცვალა.
ეპოქის ინტელექტუალური მაჯისცემა უპირველეს ყოვლისა ვიქტორიანულ ესთეტიკასთან დაპირისპირებაში გამოიხატა. მასში ხედავდნენ რომანტიკული ტრადიციების დეგრადაციის ნაყოფს და ეს არ ყოფილა უშუალო წინამორბედთა ნაღვაწის მარტივი უარყოფა, რომელიც ტრადიციულად ახასიათებს ლიტერატურაში მოსულ ყოველ ახალ თაობას. კულტურულ ტრადიციათა „გადაფასება“ – Revaluation,