არგონი Ibergekumene tsores iz gut tsu dertseyln.
(შვების მომგვრელია გარდასულ უბედურებათა თხრობა)
ჰაერში, რომლითაც ვსუნთქავთ, არის ეგრეთ წოდებული ინერტული აირები. მათი ბერძნული წარმოშობის სამეცნიერო სახელწოდებები თარგმანში უცნაურად ჟღერს: "ახალი", "ფარული", "ზანტი", "უცხო". ეს ერთობ ინერტული და თვითკმარი აირები არც ერთ სხვა ქიმიურ ელემენტთან არ შედის რეაქციაში და არც ნაერთებს წარმოქმნის. სწორედ ამიტომ მათი არსებობა საუკუნეების მანძილზე შეუმჩნეველი რჩებოდა. მხოლოდ 1962 წელს ერთმა ქიმიკოსმა უამრავი ცდის ჩატარების შემდეგ აიძულა "უცხო" (ქსენონი), მდგრადი ნაერთი წარმოექმნა ხარბ და დაუცხრომელ ფთორთან. მისი ეს ექსპერიმენტი ისე საინტერესო აღმოჩნდა, რომ ნობელის პრემიაც კი დაიმსახურა.
სხვანაირად ამ აირებს კეთილშობილსაც უწოდებენ. აქ კი იბადება კითხვა: ნამდვილად ინერტულია თუ არა ყველა კეთილშობილი და ყველა ინერტული კეთილშობილია თუ არა? ზოგჯერ მათ იშვიათ აირებადაც მოიხსენიებენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ასეთი აირის - არგონის ("ზანტის") - მოცულობითი წილი ჰაერში 1%-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი შემცველობა ჰაერში ოც-ოცდაათჯერ მეტია ნახშირორჟანგის შემცველობაზე, ურომლისოდაც დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა.
ჩემს წინაპრებზე ცოტა რამ ვიცი, თუმცა, რაც ვიცი, იმით თუ ვიმსჯელებ, ისინი ძალიან ჰგვანან ინერტულ აირებს. ყველა ინერტული ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ამის ფუფუნება არ ჰქონიათ. იყვნენ, უფრო სწორად კი, უწევდათ, ყოფილიყვნენ აქტიურები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავის სარჩენი ფული უნდა ეშოვათ. თანაც, საყოველთაოდ მიღებული მორალური ნორმების მიხედვით, "ვინც არ მუშაობს, ის არც ჭამს “ . ინერტული იყო მათი შინასამყარო - მიდრეკილი უმისამართო განსჯების, მახვილგონიერი საუბრებისა და დახვეწილი, არაფრის მომცემი კამათისკენ.
შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ჩემს წინაპრებთან დაკავშირებულ მრავალგვარ მოვლენებს ყოველთვის რაღაც საერთო სტატიკურობა, კეთილშობილური განყენებულობა, ცხოვრების დიდი ორომტრიალისგან ნებაყოფლობითი გარიყულობა ახასიათებს. კეთილშობილები, ინერტულები, იშვიათები... მათი ისტორია გაცილებით უფერულია ევროპისა და იტალიის სხვა ცნობილი ებრაული თემების ისტორიასთან შედარებით.
ჩემი წინაპრები პიემონტში, სავარაუდოდ, 1500 წელს უნდა გადმოსახლებულიყვნენ ესპანეთიდან პროვანსის გავლით, რასაც მათი გვარები და ტოპონიმებიც ადასტურებს: ბედარიდა - ბედარიდედან, მომილიანო - მონმელიანიდან, ფოა - ფუადან, კავალიონი - კავაიოდან, მილიაუ - მიიოდან; ბუშ-დიუ-რონში, მონპელიესა და ნიმს შორის მდებარე პატარა ქალაქის - ლუნელის - სახელიდან კი, რომელიც ებრაულად ითარგმნა, როგორც ჯარეახ (მთვარე), წარმოიშვა ებრაულ-პიემონტური გვარი ჯარახი.
ტურინში მათ არც ისე კარგად შეხვდნენ, ამიტომ სამხრეთ პიემონტის სოფლებში დასახლდნენ. ადგილობრივებმა აბრეშუმის შესახებ სწორედ მათი წყალობით გაიგეს. დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებში უმცირესობას წარმოადგენდნენ. ისინი დიდად არც უყვარდათ და არც სძულდათ. ჩემი წინაპრების დევნის შემთხვევები ცნობილი არ არის, თუმცა ეჭვის, უსაზღვრო ზიზღისა და უგულებელყოფის კედელი დიდხანს ყოფდა მათ დანარჩენი საზოგადოებისგან. ასე გრძელდებოდა 1848 წელს ებრაელთა უფლებების გაფართოებისა და მათი ქალაქებში დასახლებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც კი. როგორც მამაჩემი მიყვებოდა, ბავშვობაში, როცა ბენე-ვაჯიენაში ცხოვრობდა, სკოლიდან გამოსვლისას მისი თანატოლები ქურთუკის კალთას მუჭში მოიქცევდნენ ხოლმე, ვირის ყურს დაამსგავსებდნენ და იქაურ დიალექტზე მღეროდნენ: "ღორის ყურები, ვირის ყურები დიდად მოსწონთ ებრაელებს". სიმღერის ტექსტი, როგორც ჩანს, ალალბედზე შეთხზეს, ჟესტით კი გაუცნობიერებლად სინაგოგაში შესულ მორწმუნეებს აქილიკებდნენ, რომლებიც ერთმანეთს სალოცავი მოსასხამის ფოჩების ჩვენებით ესალმებოდნენ. ეს ფოჩებშემოვლებული მოსასხამი რელიგიური რიტუალის განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა იმ ბავშვებმა თავიანთი საქილიკო ჟესტის წარმომავლობა არც კი იცოდნენ. სალოცავი მოსასახამის შეურაცხყოფას ისეთივე დიდი ხნის ისტორია ჰქონდა, როგორიც თავად ანტისემიტიზმს: ეს-ესის ხალხი ებრაელებისთვის ჩამორთმეული მოსასხამებით საცვლებს კერავდა და შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკებში ებრაელებსვე ურიგებდა.
როგორც ხდება ხოლმე, უარყოფა აქაც ორმხრივი გამოდგა. უმცირესობამ საბოლოოდ ბარიერი აღმართა მთელი საქრისტიანოს წინააღმდეგ ("გუიმ" - არაებრაელი; "ნარელიმ" - წინადაუცვეთელი), რამაც იქაურ მიდამოებში ბიბლიური სიტუაცია შექმნა - "რჩეული ხალხი" დანარჩენი სამყაროს პირისპირ. სწორედ ამ შექმნილი სიტუაციით იკვებებოდა ჩვენი ბიძებისა და დეიდების "კეთილშობილური" ენაკვიმატობა. თამბაქოს სუნით გაჟღენთილი ოჯახის უფროსები (წვეროსნები) და დედოფალი-დიასახლისები (დიდებულები) ამაყად უწოდებდნენ თავიანთ თავს "ისრაელის შვილებს".
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სიტყვები "ბიძა" და "დეიდა" ჩვენში ტრადიციულზე გაცილებით უფრო ფართო მნიშვნელობით იხმარება. ებრაელები ყველა მოხუც ნათესავს, შორეულსაც კი, ბიძას და დეიდას უწოდებენ. ვინაიდან ჩვენი საზოგადოების ყველა ან თითქმის ყველა ხანში შესული წევრი ჩვენი შორეული ნათესავი მაინც არის, ბიძებისა და დეიდების რაოდენობაც საკმაოდ დიდია. უმეტეს შემთხვევაში ეს ბიძები და დეიდები დღეგრძელნი არიან (როგორც ყველა ებრაელი, ნოედან მოყოლებული). ხშირად მათი მსაზღვრელები - "წვეროსანი" და "დიდებული" მათსავე ნამდვილ სახელებს