მისტერიული ფანტასმაგორია - (ნ. გოგოლის „რევიზორი“ ა.გრიბოედოვის თეატრში)
მართალია, ავთო ვარსიმაშვილი თავის სპექტაკლს ფანტასმაგორიას უწოდებს, მაგრამ იგი მისტერიისა და მრავალი საკრალური ნიშნის შემცველია, რისი მეოხებითაც ამქვეყნიური სამყარო ნაჩვენებია ისეთი მაშტაბით, ისეთი დაუნდობლობითა და სისასტიკით, რომ, ჭეშმარიტად, სულისშემძვრელია ადამიანური არსებობის ტრაგიზმით. სპექტაკლში კომედიური სიტუაციები „განდევნილია“ და მათი ადგილი უჭირავთ ტრაგი-ფარსულ, აბსურდულ, მართლაც, ფანტასმაგორიულ გრიმასებს და მოლანდებებს.
„რევიზორის“ პრემიერას ნიკოლოზ პირველი, ეს ევროპის ჟანდარმი, იმპერატორის საკადრისი თავშეკავებით შეხვდა ნ.გოგოლის უსასტიკეს სატირას, მაშინ, როდესაც მისი ერთგული თავადი ფეოდორ ტოლსტოი ხელდაბორკილი ავტორის ციმბირში გადასახლებას მოითხოვდა. თავადის სურვილი სურვილად დარჩა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენმა თანამედროვემ, ავთო ვარსიმაშვილმა, ამ კომედიის ყველა პერსონაჟი ციმბირში დაასახლა. ეს უკაცრიელი სამყარო, ჭეშმარიტად, ეგზისტენციურია, სადაც ადამიანები „გადასროლილნი“ არიან უცხო გარემოში და განწირულნი უაზრო არსებობისათვის. აქ არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი, არის მხოლოდ სასტიკი აწმყო და შეუცნობელის მოლოდინის თანამდევი შიში. სადღაც, სამყაროს კიდეში არსებულ გარემოში გამქრალია ცივილიზაციის ნიშნები. ყველა ფიქრობს, რომ აქ დროებით ცხოვრობს, ყველა აყრილია საცხოვრებელი ადგილიდან და მთელი მათი ავლადიდება ერთ ჩემოდანში ეტევა. შიშველი, უფოთლო ხეების მწკრივთა შორის გარბი-გამორბიან ადამიანები ჩემოდნით ხელში, მაგრამ რაც უფრო სწრაფად გარბიან, მით უფრო რჩებიან ადგილზე, ისევე როგორც იაპონურ „კაბუკის“ თეატრში. ისინი მარადიული ლტოლვილები არიან, წუთისოფლის მგზავრები, რომლებიც, ბოლოს და ბოლოს, არსადაც არ მიდიან. ეს არ არის ბრბო, მაგრამ არც საზოგადოებაა. ესაა თემური სულისკვეთებით გამსჭვალულ ადამიანთა ერთობლიობა, რომელთაც მეთაური, ანუ ბელადი, სჭირდებათ. ასეთი „ბელადი“ ჰყავთ კიდეც – ანტონ დმუხანოვსკი (ს.ნათენიძე), პატარა ტანის მოხუცი, გაწონასწორებული, გონიერი, მიმტევებელი. მას ყველა უსიტყვოდ ემორჩილება, იგია მათი დემიურგი. ამ გარემოში ცივილიზაციას არ შემოუხედავს. მართალია, სიღრმეში მოჩანს ეკლესიის გვერდზე გადაქანებული ხახვისებრი გუმბათი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ისინი ქრისტიანულ კულტურას მთლიანად ეზიარნენ. „ხალხი“ ქანაობს წარმართობასა და ქრისტიანობას შორის. აქ ერთმანეთის გვერდზე არსებობს კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანული სასოება. ორი სტიქია მძვინვარებს - წყალი და ცეცხლი. ადამიანები თავს იყრიან ხოლმე სცენის შუაგულში, რათა მაღლიდან წრიულად დაშვებულ წვიმის წვეთებში განიბანონ და ნუგეში ჰპოვონ, როგორც უდაბნოში, ციდან ჩამოფენილი მანანა ნუგეშჰყოფდა ეგვიპტიდან ლტოლვილ, მშიერ-მწყურვალ ებრაელობას. ციდან გადმომდინარე წყალი აქ აღიქმება როგორც ღვთაებრივი მადლი და სასწაული. უძველესი წარმოდგენების მიხედვით, წვიმის სიმბოლიზმი ენათესავება მზის სხივებსაც, ის განასახიერებს სულიერ გასხივოსნებას და ნაყოფიერებას. წვიმის „ზეციურმა წარმომავლობამ“ ის სიწმინდის სიმბოლოდ აქცია და წვიმაში განბანვა, დღემდე სულიერი განწმენდის მეტაფორაა (იხ.: ზ.აბზიანიძის და ქ.ელიაშვილის „სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია“).
წყალი დგას სცენის შუაგულშიც, როგორც მეტაფორა ღვთის რისხვისა, ადამიანის გაუჩინარების და სიკვდილის. ხოლო ცეცხლი, რომელიც ზემოდან ჩამოშვებულ ვედროში გიზგიზებს და მთელ პერიმეტრზე წრიულად ტრიალებს, შიშისმომგვრელია, ნიშანი მოსალოდნელი განკითხვისა. უძველესი ადამიანი „მოგიზგიზე სასწაულს“ ზეგარდმო ძალებს უკავშირებდა. მაგ., მითროაიზმში, კოსმოლოგია მთლიანად ცეცხლზე იყო აგებული. როგორც ცნობილია, შუასაუკუნეთა ინკვიზიციის კოცონი მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ერეტიკოსთა და კუდიანთა დასჯას, არამედ მიწის განწმენდასაც ყოველგვარი უწმინდურებისაგან (აქ შეიძლება გავიხსენოთ სავანაროლას ქადაგებანი ფლორენციაში).
ბრეიგელის ბრმებივით მოხეტიალენი, ზოგჯერ ჯგუფურ კომპოზიციას ქმნიან, მაგრამ მათი ერთობლიობა ლოცვის დროს ეფემერულია, მალე ისინი დაიშლებიან, რათა კვლავ შეერთდნენ განსაცდელის თუ რაიმე სანახაობით დაინტერესების ჟამს. ასეთ დროს ეს მასა გამოდის როგორც ერთი პერსონაჟი, რადგან ასეთ გაერთიანებაში ითქვიფება თითოეული მათგანის ინდივიდუალობა. საბოლოოდ, ჩვენ წინ უსახო მასაა.
რეჟისორულად უბრწყინვალესია პირველი მოქმედების ფინალი: ეგზალტირებული პერსონაჟები, იოსებ ბარდანაშვილის დრამატული და მკვეთრად რიტმიზირებული მუსიკის ფონზე, ერთად შეკრულნი, ინსტინქტური მოლოდინით აღვსილნი, გაბრწყინებული სახეებით შეჯგუფდებიან და სცენის ცენტრში ქმნიან ერთგვარ პირამიდულ კომპოზიციას, რომლის ცენტრში, შიშველი ხის ტანზე მათი კერპის თუ მაცხოვრის ფიტულია მიკრული. ყიჟინა, მუსიკა, პლასტიკური და ექსპრესიული მოძრაობანი, ერთმანეთში არეული სხეულები და ხმები, რომელთაც აძლიერებს ზემოდან ბაწრებით ჩამოშვებული ცეცხლმოდებული შავი კასრების ქროლვა სცენის ორბიტაზე – ყველაფერი ეს, ქმნის საზეიმო და, იმავდროულად, უკიდურესად დაძაბული, მოლოდინით და, ამავ დროს, განწირულობით სავსე წამის დადგომას.
და აჰა, გამოჩნდა ხლესტაკოვი – ა.კუბლაშვილი, ლამაზი, მომხიბლავი, ძლიერი, თავის ღირსებაში ღრმად დარწმუნებული მამაკაცი. ამის შემდეგ, მათი ძველი კერპის (გოროდნიჩის) ძალაუფლება უმალვე ჰკარგავს მიზიდულობის ძალას (როგორც ერთხელ უკვე ჩამოხსნილი კერპის ფიტული) და იგიც, უკვე მიმხვდარი, რომ დადგა მისი კატასტროფის დრო, ნებსით თუ უნებლიეთ, გადის ძალაუფლების ეპიცენტრიდან და ახალი მოვლენების აქტიურად მჭვრეტელის როლს ირჩევს. ხლესტაკოვი კი (პიესის მიხედვით, გაიძვერა, გაძვალტყავებული ლუპმენი, თვითმარქვია რევიზორი, ქრთამს დახარბებული) მხსნელად, ნუგეშად, ბნელში შემოჭრილ იმედის სახებად ეხატება აქამდე ცოდვებში