წერილები, ესსეები, ჩანაწერები მოჰკლეს პოეტი
უღვთო იყო შენი სიკვდილი!
კალამი მითრთის... ენა მებმის... აზრი მერევა.
ტყვიით განგმირეს მხცოვანი გული მხცოვანის პოეტისა და გვამი მისი დააგდეს მტვრიან შარაგზაზე.
განგმირეს ის გული, რომელიც ნახევარ საუკუნის განმავლობაში ჩვენთვის იღწვოდა ღვთაებრივ ცეცხლის ალზე, ჩვენთვის თრთოდა და ჩვენთვის ფეთქავდა.
მოჰკლეს პოეტი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში თავის კისრით ატარებდა ქართულ ლიტერატურას, რომელმაც შეჰქმნა ქართული ენა, ქართული პრესა, ქართული მწერლობა.
მოჰკლეს და შარაგზაზე დააგდეს ის ილია, რომელიც 40 წლის განმავლობაში ბატონობდა ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებას, საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ეროვნულ იდეას.
მოჰკლეს და ტყეს შეაფარეს საუკუნოდ შერცხვენილი თავი, თითქო იმ ტყეს შეეძლოს მათი პირისახიდან ჩირქის ჩამორეცხა, თითქო მას შეეძლოს მათი დამალვა და თითქო იქ კი არ დაუხვდებათ სამარცხვინო ბოძი, რომელზედაც ცეცხლის ასოებით ეწერება: „ ამ ნაძირლებმა მოჰკლეს პოეტი! “
ვის ან რად უნდოდა ბრძოლაში დაფლეთილი გული პოეტისა, რად უნდოდა მისი დაღლილ-დაქანცული სული და ჯანგამოლეული სხეული? ბრძოლის ველიდან გასულ მეომარს, დატანჯულსა და დაქანცულ პოეტს უფლება ჰქონდა მშვიდად დაელია თავისი სიცოცხლე, დაესვენებინა დაიარავებული სხეული და სიბერეში მაინც აენაზღაურებინა ის დანაკლისი სულიერ მშვიდობიანობისა, რომელიც ახალგაზრდობაში მსხვერპლად მიუტანა საზოგადოებრივ მოღვაწეობისა და ქართულ ლიტერატურის საკურთხეველს.
მაგრამ ავ სულს შეჰშურდა მისი მშვიდობა და ისედაც მოწამლული სული აწამა და ჯვარს აცვა. ვინ იყვნენ ის უმეცარი და უგუნურნი ბარბაროსები? ვინ აღმართა მახვილი პოეტის წინააღმდეგ! ვინ მოუშხამა უკანასკნელი წუთები მოშხამული სიცოცხლისა?
არავინ არაფერი არ იცის: დაუხვდნენ შარაგზაზე, გაუგმირეს გული, აქვე დააგდეს მისი გვამი და ტყეს შეაფარეს თავი. ცხადია მხოლოდ ის, რომ პოეტის მკვლელები დაიბადნენ ბნელი რეაქციის უფსკრულში. საზოგადოებრივი აღფრთოვანება შეიცვალა საზოგადოებრივ დაღლილობაზე, ზნეობრივი ნორმები - თავგასულ ავაზაკობაზე, უფლება - ძალაზე, ხოლო გუშინდელი ბრძოლის ველი, რომელიც გაჟღენთილია თავგანწირულ წმინდათა სისხლით, დღეს ხელში ჩაუვარდათ ტყის ნადირებსა და ავაზაკებს. ღამის წყვდიადში ტყეებიდან და სოროებიდან გამოილალნენ ტურები და მგელკაცები და დაერივნენ ყველას, ვინც ახლო-მახლო მოჰხვდათ. იმსხვერპლეს რამდენიმე მოღვაწე და ეხლა არც მხცოვანი პოეტი დაინდეს. მისმა მხცოვანმა მკერდმა, ლიტერატურულ ისრებსა და შურდულებს ნაჩვევმა მკერდმა, ცხელი ტყვიაც მიიღო და სამუდამოდ გააცივა დღემდის ძალუმად მფეთქავი და ღვთაებრივი აღგზნებული გული.
მოკვდა პოეტი! მოკვდა სხეული, მაგრამ არ მომკვდარა მისი სხეული და დიდება და არც მოკვდება იმ დრომდის, სანამ სძგერს გული ქართველისა, სანამ არსებობს თვითონ ქართველი, სანამ არსებობს მისი ენა, ილიასაგან გაფაქიზებული და ქართული კალამი და წიგნი ილიასაგანვე განმტკიცებული და გასუფთავებული. მცხოვანო პოეტო!
„ უღვთო იყო შენი სიკვდილი! “
1907 წელი
შვიდი თავისუფლება
იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს თვით ხალხი განაგებს, თავის არჩეულ სანდო კაცების შემწეობით, ყოველს მცხოვრებს აქვს უფლებები, რომელთა წართმევა ან შელახვა არავის შეუძლიან. ამ უფლებებით ყველა სარგებლობს, რა ტომისა, რა ჩამომავლობისა, ან რა რჯულისაც არ უნდა იყოს, სარგებლობს მდიდარიც და ღარიბ-ღატაკიც. ამ უფლებათა თავისუფალ სარგებლობას უწოდებენ თავისუფლებას. ამისთანა თავისუფლება შვიდია. აქ ჩამოვთვლით მათ და თან განვმარტავთ, თუ რაში მდგო მარეობს თვითოეული მათგანი:
I. პიროვნების ხელშეუხებლობა
ე.ი. არავის, არც მთავრობის კაცს, არც სხვას არ შეუძლია ტყუილუბრალოდ ვინმე შეურაცხყოს ან ავნოს რამე. არავის შეუძლიან დააპატიმროს ადამიანი, თუ ხელთ სასამართლოს დადგენილება არა აქვს. მოსამართლეს კი თავად ხალხი ირჩევს და ხელი არა აქვს სასამართლოს მოქმედებაში. მაგალითად, ინგლისში ამისთანა წესია: ვთქვათ, ვისმეზედ ეჭვი მიიტანეს, რომ მან ბოროტმოქმედება რამე ჩაიდინა ან დანაშაულობა რამე მიუძღვის და დააპატიმრეს. დაპატიმრებული 24 საათის (ხოლო იმ ადგილებში, საცა მსაჯული არ არის და იგი დაშორებულია), 3 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინონ მსაჯულს. მსაჯული გამოუცხადებს, თუ რა ბრალსა სდებენ და დაუყოვნებლივ გამოიძიებენ საქმეს. თუ აღმოჩნდა, რომ დაპატიმრებული დამნაშავეა, მაშინ მსაჯული წერილობით ბრძანებას გასცემს, რომ დამნაშავეს დაპატიმრება გაუგრძელონ, და სასამართლოში აძლევს. მსაჯულმა თავის ბრძანებაში უნდა აღნიშნოს დაპატიმრების მიზეზიც.
ხოლო თუ მსაჯულმა სცნო, რომ კაცი უსაფუძვლოდაა დაპატიმრებული, და გაათავისუფლა, პატიმარს უფლება აქვს სისხლის სამართალში მისცეს ის, ვინც მის დაპატიმრების ბრძანება გასცა, გინდ ეს დიდი მოხელეც იყოს, და აგრეთვე ისინიც, რომელთაც ეს ბრძანება აასრულეს. ნაპატიმარს შეუძლიან, აგრეთვე, მოსთხოვოს მათ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მას უსაფუძვლო დაპატიმრებამ მიაყენა. ხალხის მოხელე ან ის პოლიციელი, რომელმაც დააპატიმრა, თავს ვერ გაიმართლებს