რედაქტორებისაგან იგი პოეტად დაიბადა
ნინო უძილაური ქართულ პოეზიაში ახლახან გამოჩნდა.
მოვიდა იგი თავისი პირველი მშვენიერი წიგნით ხელში, (ლექსების კრებული) მოვიდა და თან მოიტანა წუთისოფლის თავისუფალი, ნინოსეული ხედვა, გამორჩეული ხმა და გა-საოცარი შინაგანი გულწრფელობა.
ნინოს ლექსებს მთის ყვავილთა სურნელი და პირველყოფილი უშუალობა მოჰყვა.
მქონდა პატივი წინათქმა წარმეძღვნა ნინოს მეორე წიგნისთვის, "მე ფშავლის ქალი" და მწერალთა კავშირის მისეულ წიგნაკსაც სიამოვნებით მოვაწერე ხელი.
მე არა მწამს კრიტიკოსების მიერ ამორჩეული ფრაზებისა "პოეტი დღითიდღე იზრდება", "იგი შემოქმედებითი დაოსტატებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიემართება" და ა.შ.
პოეტები არ იზრდებიან.
პოეტებად იბადებიან და ასე რჩებიან სიცოცხლის ბოლომდე.
ნინო უძილაური დაბადებით პოეტია.
დანარჩენს თვითონ გვეტყვის თავისი ხალასი, თვითმყოფადი, დროის დრამატიზმით დამუხტული ლექსებით.
რევაზ მიშველაძე
საქართველოს სახალხო მწერალი,
რუსთაველის პრემიის ლაურეატი
მთავარი რედაქტორი - რევაზ მიშველაძე
სარედაქციო კოლეგია:
მხატვარი ქეთევან უძილაური
რევაზ მიშველაძე
ბაღათერ არაბული
მზია ხეთაგური
"სიყვარულის პოეტი"
"ლექსია სულის ქათიბი,
გრძნობით ნაქარგი სამოსი"...
ამბობს ერთ-ერთ თავის ლექსში პოეტი ნინო უძილაური, ხოლო მისი მეორე წიგნის "მე ფშავლის ქალის" წინასიტყვაობაში ცნობილი მწერალი რევაზ მიშველაძე წერს: "წავიკითხე ნინოს ლექსები და ისე გადამედო ამ ლექსებში ჩაწნული პოეტური კდემა, ჭეშმარიტი ლირიზმი, სიყვარულის ნოსტალგია და საყვარელი არსების მონატრების ტკივილამდე შემძვრელი ვნება, რომ გადავწყვიტე დამერეკა ავტორისათვის და მეთქვა: თქვენ ჭეშმარიტი პოეტი ბრძანდებით! ეს წიგნი ნინო უძილაურის შემოქმედებას მეტნაკლები სისრულით ასახავს და წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს იმ გზაზე, რაც პოეტური მუზის ჭეშმარიტი ნიჭით დაჯილდოებულმა ლექსის ოსტატმა გაიარა..."
ძნელია ამაზე უკეთესად რამის თქმა, მაგრამ მეც უნდა დავამატო, რომ ნინოს ახალ მესამე წიგნში შესულ მის ლექსებს ახასიათებს განსაკუთრებული უშუალობა, სიმარტივე, სათქმელის ნათლად და დამაჯერებლად მიტანა მკითხველამდე: ის არ ატარებს პოეტურ ექსპერიმენტებს, არ ეძებს ბუნდოვან სალექსო ფორმებს, არ გვთავაზობს გაუაზრებელ ვერსიფიკაციულ სირთულეებს. პოეტის ლექსები ხომ ფშავ-ხევსურული სამყაროდან იღებენ სათავეს (ის ხომ "ფშავლის ქალია", წარმოშობით ფშავის სოფელ უძილაურთიდან!), სადაც ხალხურ პოეზიას, სათქმელის სიმარტივეს და სისადავეს "გრძნობით ნაქარგი ლამაზი სამოსი აცვია", რაც მხატვრულ-მეტაფორული ხილვებით გვამახსოვრდება: "წუხელ სიზმრები გავაფერადე" - ამბობს ნინო ერთ-ერთ თავის ლექსში და მართლაც მის ლექსებში სიზმარ-სიცხადიდან დანახული სამყაროა წარმოჩინებული, სადაც პოეტს სურვილი უჩნდება, რომ სიყვარულით "ალმოდებულმა კოცონმა კოცნოს", რადგან იცის, რომ
"ლექსი ისე არის, როგორც სულის სარკე,
სიტყვებს მარგალიტად როცა გადაკინძავ"...
სადაც "სიტყვის მარგალიტებით" ყველაფერი ლამაზად მოჩანს:
"საღამოს მთვარეს დაველოდები,
რომ მომიქსოვოს ფერების გამა..."
როდესაც მას თავისი უძვირფასესი ადამიანისთვის შეუძლია თქმა:
"შენ დაიბადე, მეც დავიბადე,
ჩვენ ერთად ყოფნა დაგვბედებია,
წლები რა უცებ გადავიარეთ,
ბედნიერები არ ბერდებიან..."
და მეც დავამატებდი: ბედნიერი პოეტები არ ბერდებიან!..
ნინო კი ბედნიერია და მისი ლექსებიც ოპტიმიზმით და სიყვარულით გვავსებენ...
ამ ახალ წიგნში, რომლის სათაურიც არის "მარადისი", შესულია ნინოს როგორც ზოგიერთი ძველი, ასევე სრულიად ახალი ლექსები, რაც პოეტურ კრებულს უფრო მეტ მრავალფეროვნებას და შინაარსს სძენს.
წიგნში კარგად იგრძნობა ტექნიკის, რითმისფლობის, ოსტატობისა და სახეობრივ-მხატვრული აზროვნებისკენ პოეტის სწრაფვა, რომლის გარეშეც პოეზია უფრესკებო ტაძარს გავს:
"ვიპრანჭები, გაზაფხული მოახლოვდა,
მარტის თვეა, აფეთქდება კვირტი ნუშის,
გაიშლება ათასფერად ჭრელი კაბა,
კაბასავით იშრიალებს გრძნობაც გულში..."
ნინო უძილაური სიყვარულის პოეტია, რადგანაც იცის, რომ მის გარეშე ყველაფერი ფერმკრთალდება და სიცოცხლეს კარგავს:
"რატომ აღარ ვგაზაფხულობ, იცი?
სულში თითქოს ზამთარია ცივი,
სასთუმალთან ჩამომჯდარი ჩიტი,
წარსულს ჰყვება და საბრალოდ წივის...
აქ ნათქვამი "აღარ ვგაზაფხულობ" საოცრად ხსნის ნინოს ლამაზ სამყაროს...
და ბოლოს, მინდა ნინო უძილაურს ვუსურვო, რომ მკითხველის სიყვარულით გამოწვეული სიხარული და სიყვარული არ მოკლებოდეს!..
ეს პატარა წერილი ნინოსადმი მიძღვნილი ჩემი ექსპრომტით მინდა დავამთავრო:
"მზის ციდან გადაწვერვის ჟამს
და შემოდგომის ხანასა,
ჩემს გზაზე გადავეყარე,
უძილაურთელ ქალასა,
თვალი ვერ ნახავს ენა კი,
ვერ იტყვის იმისთანასა."
პოეტი ბაღათერ არაბული
საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე
იალქანი
ნინო უძილაური შედარებით ახალი სახელი და გვარია თანამედროვე პოეზიაში, თუმცა წინამდებარე რიგით მესამე კრებულის ავტორის მიერ დაწერილი პირველი ლექსიდან არც ისე ცოტა დრო ყოფილა გასული...
დღეს ლექსებს სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანი წერს, მერე წიგნებად გამოსცემს და პრეზენტაციებსაც ბოლო არ უჩანს.
მწერალი მაშინ არის საინტერესო, როდესაც წერს იმიტომ, რომ არ შეუძლია არ წეროს, მაგრამ თუ მხოლოდ იმიტომ წერ რომ