ავტორისაგან
სანამ „სექსი დიდ ქალაქში“ წიგნად და ტელესერიალად იქცეოდა, იგი „ნიუ-იორკ ობზერვერში“ ერთ-ერთი სვეტის სახით იყო წარმოდგენილი. ეს 1994 წლის შემოდგომაზე მოხდა. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა მთავარმა რედაქტორმა ხსენებული სვეტის გაძღოლა შემომთავაზა; მაშინვე დავთანხმდი და იქიდან ისეთი გახარებული გამოვედი, რომ პარკ ავენიუზე ლამის ასკინკილათი ჩავირბინე.
თავიდან წარმოდგენა არ მქონდა, რა სახე უნდა მიმეცა სვეტისთვის, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი: სვეტს მკითხველისათვის ჩემსა და ჩემს მეგობრებზე უნდა მოეთხრო, ანუ მარტოხელა ქალების ერთ პატარა ჯგუფზე, რომელსაც მამაკაცებთან (ხშირად ერთსა და იმავე მამაკაცთანაც კი) ურთიერთობა ერთ უცნაურ და გაბმულ კოშმარად
ქცეოდა. საათობით ვისხედით ხოლმე და ვმსჯელობდით ამ ჩვენს შეშლილ სასიყვარულო ურთიერთობებზე; ბოლოს დავასკვენით, რომ თუ ამ ყველაფერს იუმორით არ შევხედავდით, ალბათ, გავგიჟდებოდით.
ვფიქრობ, სწორედ ამ მიზეზით არის წიგნში ეგზომ ნაკლებსენტიმენტალური კუთხით განხილული სასიყვარულო ურთიერთობები და „შეწყვილების ჩვევები“ და თუ მავან მკითხველს წიგნის ამ არასენტიმენტალურმა განწყობამ დისკომფორტი შეუქმნა, შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნი, გარკვეული თვალსაზრისით, უნივერსალურ ჭეშმარიტებას შეიცავს.
წიგნში ასახული სამყარო თავიდან საკუთრივ ნიუ-იორკისათვის დამახასიათებელ სამყაროდ იყო ჩაფიქრებული (იხ. თავი „მოდელთა მუსუსები“, სადაც ორი პერსონაჟი ნორჩი მოდელების მონადირებას ახერხებს, მაგრამ საბოლოოდ ეს ძვირი უჯდებათ), მაგრამ ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ წიგნის პერსონაჟები (სხვადასხვა ვარიაციიით) მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებშიც გვხვდებიან. დანამდვილებით ახლაც ვერ გეტყვით, შემაშფოთებელია ეს თუ არა. ჩემთვის უმთავრესი იყო, წიგნით პასუხი გამეცა ერთ საჭირბოროტო კითხვაზე: რატომ ვართ მარტო? ახლა, ხუთი წლის გადასახედიდან, უკვე თამამად ვასკვნი: ჩვენ მარტო იმიტომ ვართ, რომ თავად გვსურს ასე.
წინამდებარე გამოცემაში არის ორი ახალი თავი, რომლებიც წიგნის პირველი გამოცემის შემდეგ დაიწერა. ასე რომ, წიგნს, ბოლოს და ბოლოს, ეღირსა ნამდვილი დასასრული.
ეს დასასრული ტკბილ-მწარეა. აქ სრულდება არა მხოლოდ ქერისა და მისტერ დიდის ურთიერთობა, არამედ ქერის ოცნებაც - იპოვოს მითური მისტერ დიდი, ანუ კაცი, რომელიც სამყაროში არ არსებობს.
თუ წიგნს ყურადღებით წაიკითხავთ, ნახავთ, რომ მისტერ დიდი ერთგან თავადაც მიანიშნებს ქერის, რომ იგი მისი ფანტაზიის ნაყოფია, ხოლო ფანტაზიის შეყვარება შეუძლებელია.
ვემშვიდობებით ქერის, რომელმაც ცხოვრების ახალ საფეხურზე უნდა შედგას ფეხი და გაითავისოს, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა იპოვოს (მამაკაცის გარეშე). ეს კი, თავის მხრივ, იმედია, ახალი სიყვარულის პოვნაში დაეხმარება.
მგონი, არც ისეთი არასენტიმენტალური ვარ, როგორიც მეგონა.
ქენდის ბუშნელი 2001, 23 მაისი
სექსი დიდ ქალაქში
ჩემი არასენტიმენტალური აღზრდა: მანჰეტენი და სიყვარული?! აბა, რა გითხრათ...
ერთი პატარა „ვალენტინური“ ისტორია უნდა გიამბოთ. მოემზადეთ.
ინგლისელი ჟურნალისტი ქალი ნიუ-იორკში ჩამოვიდა. გარეგნობაც მშვენიერი ჰქონდა და ჭკუაც უჭრიდა; მაშინვე გააბა რომანი ერთ უცოლო ნიუიორკელთან, რომელზეც თვალი ბევრს რჩებოდა.
ტიმი ორმოცდაორი წლის იყო. საინვესტიციო ბანკში მუშაობდა და ასე, ხუთ მილიონამდე წლიური შემოსავალი ჰქონდა. ორი კვირა დადიოდნენ ხელიხელჩაკიდებულნი, კოცნიდნენ ერთმანეთს და იყვნენ...
ერთხელაც, შემოდგომის თბილ საღამოს, ტიმმა ქალი თავისი მშენებარე სახლის დასათვალიერებლად ჰემპტონში წაიყვანა.
არქიტექტორთან ერთად ნახაზებს გადაავლეს თვალი... მერე ქალი მიყვებოდა: - ცოტა დამაკლდა, არქიტექტორისთვის უნდა მეთხოვა, მეორე სართულზე კიბის რიკულები კარგად შეატყუპეთ, რომ ბავშვები არ ჩამოცვივდნენ-მეთქი; უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ტიმი ხელს მთხოვდა.
კვირა საღამოს ტიმმა ქალი სახლთან ჩამოსვა და შეახსენა, სამშაბათს ერთად ვვახშმობთო; სამშაბათს დაურეკა, შეხვედრა გადავდოთ, თუ შეიძლებაო. გავიდა ორი კვირა... რა ექნა ქალს? თვითონ დაურეკა და ჰკითხა, გადადება ძალიან ხომ არ გაგვიგრძელდაო? დაგირეკავო, მიიღო პასუხად.
ცხადია, აღარ დაურეკავს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ ქალმა ვერაფრით გაიგო, რა მოხდა.
მეუბნება:
- ჩვენთან, ინგლისში, როცა საქმე არქიტექტორამდე მიდის, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს...
აი, მაშინ მივხვდი ყველაფერს: ქალბატონი ხომ ლონდონელი იყო! მისთვის არავის უთქვამს, რომ მანჰეტენზე სიყვარული დამთავრდა. მერე გავიფიქრე, არა უშავს, ცოტა ხანში აზრზე მოვა-მეთქი.
მაშ, ასე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზრზე მოსულთა ეპოქაში! მანჰეტენის სინათლეებს, რომლებიც ოდესღაც ედით უორტონის გულაძგერებულ პერსონაჟთა პაემნებს დეკორაციასავით ამშვენებდა, კაშკაში ახლაც გაუდით, მაგრამ რად გინდათ - სცენა დაცარიელდა! აღარავინ საუზმობს ტიფანისთან, წარსულს ჩაჰბარდა დაუვიწყარი რომანები. ახლა ყველანი შვიდ საათზე ვსაუზმობთ, რომანებს კი უსწრაფესად ვივიწყებთ.
მაინც, როგორ მოვხვდით ამ გაუგებრობაში? თრუმენ კაპოტემ, „საუზმე ტიფანისთან“ რომ დაწერა, კარგად იცოდა, რა თავსატეხიც გველოდა ოთხმოცდაათიანელებს: სიყვარულისა და ცივი გონების დაპირისპირება! მისი რომანის პერსონაჟებს - ჰოლი გოლაითლისა და პოლ