ბატონმა ლევანმა მელოტ თავზე ხელი გადაისვა და ყველას სიცილი აუვარდა. ამ სიცილ-ხარხარში სტუმრები სუფრასთან მიიწვიეს. ბატონ ლევანს ყანწი მიართვეს, მანაც დაიწყო:
-რადგანაც დღეს სიყვარულის დღეა, მე მინდა სიყვარულის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ და ერთი ლამაზი სიყვარულის ისტორია გიამბოთ:
ჩემს სტუდენტობის დროს ერთმა ჩემმა აჭარელმა თანაკურსელმა ზამთრის არდადეგებზე თავის მშობლიურ მაღალმთიან სოფელში ქიძინიძეებში მიმიწვია სტუმრად თხილამურებით თოვლზე სასრიალოდ
სოფელში ისეთი ზარ-ზეიმით დაგვხვდნენ, თითქოს ორი ჯიბეგაფხეკილი სტუდენტი კი არა, არამედ ვითომც კინოვარსკვლავები ვყოფილიყავით.
გაიშალა გრძელი სუფრა და თამადად მეტად ენაწყლიანი კაცი დაგვინიშნეს. თავი ზღაპარში მეგონა. მაინც ყველაზე ძვირფას მოგონებად ოჯახის უფროსები ჩემი თანაკურსელის ბებია და ბაბუა სასწაული სახელებით ზუბეიდა და იუნუსი ჩამრჩა. ახლაც სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის, როცა გამახსენდება, თუ როგორ უჟუჟუნებდნენ თვალებს ერთმანეთს ას წელს მიტანებული მოხუცები. თამადამაც დიდი ხალისით გვიამბო მათი სიყვარულის ამბავი:
თურმე მშობლებს იუნუსი და ზუბეიდა აკვანში დაუნიშნვთ. მაშინ ძველი დრო იყო და შარიათით ეკრძალებოდათ დანიშნულებს ერთმანეთღან შეხვედრა და საუბარი, ამიტომ შეყვარებული წყვილი ერთმანეთის შორით ცქერით იწვოდა და იდაგებოდა.
ერთხელ იუნუსს რაიონის ცენტრში შემოაღამდა, მაშინ ტრანსპორტი იშვიათი ხილი გახლდათ და იუნუსიც ფეხით გაუყვა გზას თავისი სოფლისაკენ. ზაფხულის თბილი და მთვარიანი ღამე იყო. თავის შეყვარებულზე ფიქრებში გართულმა ბიჭმა თორმეტი კილომეტრი სულმოუთქმელად გაიარა. სოფელში ასულს გაახსენდა, რომ მისი ზუბეიდა, როგორც მემთევრე, მთაში იყო გაგზავნილი ძროხების სამწყესავად და მწველავად.
ზუბეიდაზე ფიქრით გული ისე ჰქონდა აფორიაქებული იუნუსს, რომ მან სრულიად გაუთვითცნობიერად გააგრძელა გზა და ცამეტი კილომეტრი კვლავ სულმოუთქმელად გალია. ახალად ირიჟრაჟა, როდესაც იუნუსმა ზუბეიდას ყიშლის კარებზე დააკაკუნა.
-რომელი ხარ, - მკაცრად გამოსძახა ზუბეიდამ.
- მე ვარ, შენი დანიშნული იუნუსი, - ამაყად განუცხადა იუნუსმა.
-ვაი, მე! აქ მოსვლა როგორ გაბედე, გინდა, საქვეყნოდ თავი მომჭრა?- შეიცხადა ზუბეიდამ.
-ნუ გეშინია, მარტო ვარ, - დაამშვიდა იუნუსმა.
-ვინმე დაგვინახავს და სოფელი გაგვლანძღავს, - გაჯიუტდა ზუბეიდა.
-რა მოხდა, გოვ, შენს სანახავად ოცდახუთი კილომეტრი გამოვიარე, ერთს დაგინახავ და წვალ, - ხვეწნა გააგრძელა იუნუსმა.
-არა! - მკაცრად გაიმეორა ზუბეიდამ.
-თითი მაინც გამოჰყავი და დამანახე, გოვ! - შეევედრა სასოწარკვეთილი იუნუსი.
ამაზე ძლიერი სიყვარული რა უნდა იყოს, რომ საყვარელი ადამიანის თითის სანახვად მთაში ღამით 25 კილომეტრი გაიარო... აი, ასეთ ნამდვილ სიყვარულს გაუმარჯოს! - დაამთარა სადღეგრძელო ბატონმა ლევანმა, ყანწი დასცალა, ისევ შეავსო და ალვერდს აზიზთან გადავიდა.